კომენტარი

“ნუ გვაცხოვრებთ ამ პარანოიაში” – ნიკა თავაძე “აგენტებზე” კანონზე

7 მარტი, 2023 • 1858
“ნუ გვაცხოვრებთ ამ პარანოიაში” – ნიკა თავაძე “აგენტებზე” კანონზე

მსახიობი ნიკა თავაძე ეხმაურება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს და რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ფონდებისგან გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები “უცხოური გავლენის აგენტებად” გამოცხადდებიან საქართველოში.

მსახიობი ფეისბუკზე საჯაროდ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ “ნებისმიერი სიჯიუტე დამღუპველი ჰგონია ქვეყნისთვის”.

“კანონის ინიციატორებს ზოგს, ალბათ, არც ემახსოვრება ის, რომ ერთხელ ეს უკვე გავლილი გვაქვს – 90-იანების დასაწყისში. პირველი, რამაც ქვეყანაში ყველაზე დიდი განხეთქილება გამოიწვია, ეს იყო კრემლის აგენტების ძებნა და მათზე ნადირობა, რაც სულაც არ იყო სინამდვილეს მოკლებული, მაგრამ ამან ნამდვილი პარანოია გამოიწვია… ბოლომდე გააგიჟა ხალხი. ტელევიზიიდან მარტო ეს გვესმოდა, ვინ ვისი აგენტია.

ამ რეჟიმში ცხოვრება წარმოუდგენელია და მით უმეტეს, როცა კანონი გაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას. რატომ გამორიცხავთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლებელია ისეთმა ადმიანმა მოიგდოს ხელში ეს კანონი, რომ სააკაშვილის პერიოდი სანატორიუმად მოგვეჩვენოს.

არტურ მილერის ,,სეილემის პროცესი” გენიალური პიესაა. ის არ კარგავს აქტუალობას. სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ჯადოქრების ძებნას დავიწყებთ თუ აგენტების. მთავარი ამ რეჟიმში და მოცემულობაში ყოფნაა, ამ გარემოებაში არსებობა.

ნუ გვაცხოვრებთ ამ პარანოიაში.

იმას თუ ვერ შიფრავს შესაბამისი უწყება, რა თანხები საიდან და რატომ ირიცხება, მაშინ ასეთი სამსახურები უბრალოდ დასახურია.

ამ რთულ პერიოდში მთავარი ამოცანა გაერთიანება და ჩვენი ერთობლივი გეგმის ბოლომდე მიყვანაა და არა განხეთქილება და ახალი დაძაბულობის შექმნა”, – წერს მსახიობი.


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, წლების შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 მარტს „ხალხის ძალის“ ინიციირებულ კანონპროექტებს უცხოეთის აგენტების შესახებ I მოსმენით მხარი დაუჭირა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის მეორე და წამყვანი კომიტეტი, რომელმაც კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი