კომენტარი

აგენტის ნაცვლად “უცხოეთიდან დაფინანსებული სუბიექტი” რომ ვუწოდოთ? — „ხალხის ძალა“

6 მარტი, 2023 • 1513
აგენტის ნაცვლად “უცხოეთიდან დაფინანსებული სუბიექტი” რომ ვუწოდოთ? — „ხალხის ძალა“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები „ხალხის ძალიდან“ — ვიქტორ ჯაფარიძე და ეკა სეფაშვილი — არ გამორიცხავენ, მათ მიერ ინიციირებულ კანონპროექტებში ტერმინი „აგენტი“ „უცხოეთიდან დაფინანსებული სუბიექტით“ შეიცვალოს.

„უცხოეთიდან დაფინანსებული სუბიექტი რომ ვუწოდოთ, არ შეიძლება?“ — იკითხა ვიქტორ ჯაფარიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „აგენტების“ შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

„თუ მარტო ტერმინია პრობლემა, უცხოეთიდან დაფინანსებული სუბიექტი მისაღებია თქვენთვის? მაინც არა?“ — მიმართა ეკა სეფაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

საკითხზე მომხსენებელმა გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ ტერმინოლოგია მეორე მოსმენით განსახილველი საკითხია.

ტერმინ „აგენტის“ შეცვლაზე მსჯელობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს „ქართული ოცნებაც“.

მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა თქვა, რომ ტერმინი „აგენტი“ მისთვისაც „შფოთვის საგანია“, ხოლო გამჭვირვალობის პრინციპთან პრობლემა არავის აქვს.

„აგენტი” — მარტო სახელია პრობლემა?

არა, პრობლემა გაცილებით დიდია: ჯერ ერთი, გამჭვირვალობის სახელით ორგანიზაციებს სთხოვენ, გაასაჯაროონ ინფორმაცია, რომლებიც თანამშრომელთა პირად მონაცემებსაც ეხება.

იმ შემთხვევაში, თუ თავშივე უარი თქვი მადისკრედიტირებელ რეესტრში რეგისტრაციაზე, გაკისრებენ სოლიდურ ჯარიმებს, რომლებიც დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს მცირეშემოსავლიან ორგანიზაციებს.

კერძოდ, რეგისტრაციისთვის თავის არიდება 25 000 ლარით ისჯება, რეგისტრაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა — 10 000 ლარით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი ამ ხარვეზებს 1 თვის შემდეგაც არ გამოასწორებს, ის 20 000 ლარით დაჯარიმდება.

დაბოლოს: არასამთავრობოებისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციის დაუღალავი მცდელობების შემდეგ, ნათელია, რა არის მმართველი გუნდის საბოლოო მიზანი — ამ სუბიექტების დასუსტება და დახურვა. მის მიერ “ალტერნატიული” კანონპროექტების შემუშავება თუ სიტყვათა გადაწყობა მოცემულობას ვერ შეცვლის.

ასე რომ, სახელწოდება ნამდვილად პრობლემაა, თუმცა, არა ერთადერთი. გაცილებით სახიფათოა ის, რისთვისაც ამ სახელწოდების ქვეშ დაწერილი კანონი იქნება გამოყენებული. ეს უკვე მოხდა რუსეთში.

რატომაა საშიში რუსული კანონი, ვრცლად წაიკითხეთ აქ

რატომაა საშიში რუსული კანონი — 5 კითხვა, 5 პასუხი

მასალების გადაბეჭდვის წესი