კომენტარი

ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია რუსულ კანონზე — ინტერვიუ

2 მარტი, 2023 •
ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია რუსულ კანონზე — ინტერვიუ

საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი „უცხოური აგენტების გავლენის“ შესახებ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ვერ აირჩია სახალხო დამცველი, კანონმდებლობის თანახმად, მის მოვალეობებს პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ასრულებს.

ინტერვიუს დასაწყისში გვარამაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ამ ეტაპისთვის აპარატმა  შეაფასა რუსული კანონის მხოლოდ პირველი ვერსია. პირველსა და მეორე ვერსიას შორის ერთ-ერთი სხვაობა ის არის, რომ მეორე, გაუარესებული ვერსია 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს „აგენტად“ არდარეგისტრირების შემთხვევაში.

ნეტგაზეთი: როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტებს ე.წ. აგენტების შესახებ?

თამარ გვარამაძე: რაც შეეხება პირველ კანონპროექტს: ჩვენი შეფასებით, და არამხოლოდ ჩვენით, ვამბობთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი — ეს პრინციპები და ფორმულირებები, რაც წერია — წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს კონსტიტუციასთან, სამართლის სხვადასხვა პრინციპთან და ადამიანის ძირითადად უფლებებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებითა და არაერთი კონვენციით, სასამართლო პრაქტიკით განმტკიცებულ ბევრ ღირებულებასთან.

ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ ფორმით ამ კანონის მიღება არ იქნება სწორი და ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რასაც ვიცავთ.

ამასთანავე, იმ მიზნის მიღწევასაც ვერ უზრუნველყოფს, რაც გაცხადებულია კანონპროექტში, იმიტომ, რომ ჩვენი საკანონმდებლო მოწესრიგება და სივრცე უკვე ითვალისწინებს გარკვეულ პროცედურებს, რეგულაციებს, რომლებიც დადგენილია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და მედიაორგანიზაციებისთვის. ცხადია, ყოველთვის არსებობს სივრცე, რომ რაღაც დაიხვეწოს, გაუმჯობესდეს, შეიცვალოს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ კანონით ამ მიზნის მიღწევა ვერ მოხდება.

ადამიანის უფლებების კუთხით ეს კანონი რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს?

მსგავსი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები შეფასებული აქვს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციას: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული რუსეთის წინააღმდეგ, სადაც მსგავსი კანონი მოქმედებს. ასევე, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ შეაფასა უნგრეთის საკანონმდებლო მოწესრიგება, ასევე ეუთო/ოდირის ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისს აქვს შეფასებული, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და სხვ.

ორი საკითხი გამოვყავით ჩვენს შეფასებაში: ერთი, თავად ტერმინი „უცხო აგენტი/უცხოური აგენტი“ — საკანონმდებლო რეგულაციაში ამ ნორმის დამკვიდრება, სამწუხაროდ, გამოიწვევს ამ მნიშვნელოვანი და კარგი ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციას, რომლებიც დღეს საქართველოში მოღვაწეობს, რადგან ჩვენ ხომ პოსტსაბჭოთა სივრციდან მოვდივართ და ამ  ტერმინების ასე გამოყენება აზიანებს მათ რეპუტაციას.

მაგალითად, ვენეციის კომისიას აქვს პირდაპირ ნათქვამი, რომ ხსენებული ტერმინი აბრუნებს კომუნისტურ პერიოდში გამოყენებულ რიტორიკას და მაღალი ალბათობით, რაც ვნახეთ კიდეც სხვა ქვეყნებში, ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, აზიანებს მათ რეპუტაციას და აფერხებს მათ აქტივობას. ამიტომ, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, საერთაშორისო ორგანიზაციები და, ცხადია, ჩვენი აპარატი ვიზიარებთ ამ შეფასებას — ამ ორგანიზაციებისთვის დამაკნინებელი იქნება ამგვარი წოდება და ამგვარი სტატუსის მინიჭება. „უცხოური აგენტი“ ხშირად ასოცირდება ჯაშუშთან, მოღალატესთან და, ცხადია, ძალიან არასასიამოვნო იქნება NGO-ებისა და მედიაორგანიზაციების ამგვარი სახელდება.

ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რასაც სამართლებრივად ვადგენთ.

ამასთანავე, კანონპროექტი იძლევა იმის საშუალება, რომ ამ ვერსიით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტომ მოიპოვოს და დაამუშაოს საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემები.

კონკრეტულად არ წერია, რა ტიპის მონაცემებზეა საუბარი, მაგრამ ივარაუდება, რომ თუ ამ მიზანს ემსახურება, რომ დეტალურად უნდა ვიცოდეთ, ამ ორგანიზაციებმა ვის რამდენი და რა მიზნით გადაუხადეს საზღაური და რა ტიპის ხარჯი გაწიეს, თუ ეს უნდა გამოჩნდეს ანგარიშებში, თავისთავად ნიშნავს, რომ მესამე პირების პერსონალური მონაცემებიც უნდა დამუშავდეს. მაგალითად, ვინმემ თუ რაიმე სერვისი მიაწოდა ან საექსპერტო დახმარება გაუწია ასეთ ორგანიზაციებს. ვფიქრობთ, რომ ამ მასშტაბით პერსონალური მონაცემების დამუშავება შეიძლება გაუმართლებელი ორგანიზაციული ტვირთი იყოს თავად ამ ორგანიზაციებისთვის და გამოიწვიოს.პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა. ამ ორ ნაწილზე ვაკეთებთ აქცენტს ჩვენს შეფასებაში.

კანონპროექტის პირველი ვერსია ქმნის თუ არა საფრთხეს, რომ ორგანიზაციებმა ვეღარ განახორციელონ ის ჰუმანიტარული და სოციალური დახმარება თუ მხარდაჭერა, რომელსაც ახლა ეწევიან?

ასეთი აკრძალვა კანონპროექტში არ არის. კანონპროექტი ამბობს, რომ უნდა მოხდეს ასეთი ორგანიზაციების რეგისტრაცია, ამ ორგანიზაციებს ეწოდებათ შემდგომ „უცხოური გავლენის აგენტები“ და დაევალებათ მონაცემების შეგროვება, მომზადება და წარდგენა მაკონტროლებელ უწყებაში, რომელიც ამ შემთხვევაში არის საჯარო რეესტრი. იქ არ არის ჩანაწერი, სადაც კონკრეტულად ნათქვამია, რომ ამ ორგანიზაციებს რაიმე ეზღუდებათ ან ვერ განახორციელებენ საქმიანობას.

მაგრამ თავისთავად ამ ვალდებულებების განსაზღვრა- ერთი, რომ რაღაც „აგენტების“ რეესტრში დარეგისტრირდე და მეორე, რომ ამ მასშტაბით დაიწყოს სახელმწიფომ მონაცემების დამუშავება… ამ ორ საკითხს გამოვყოფთ ჩვენ პრობლემურად.

კანონპროექტის მიხედვით, ამ ორგანიზაციების საქმიანობაში არ არის შეფერხება. თუმცა, სხვა ქვეყნების მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ასეთი რეგულაციები პირდაპირი სტიგმა იყო ამ დაწესებულებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კანონში არ ყოფილიყო იქ ჩაწერილი შეზღუდვა – აღარ თანამშრომლობდნენ ასეთ ორგანიზაციებთან. სტიგმატიზაცია ხდებოდა მათი, დამუნათება და სხვა. შემდგომ იმ ქვეყნებში სხვა საკანონმდებლო რეგულირება მოჰყვა ამ, ასე ვთქვათ, თავდაპირველ ვერსიას. ზუსტად ამ საფრთხეზე ვსაუბრობთ, რომ ამას შეიძლება მერე მოჰყვეს პრაქტიკაში ამ ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეფერხება. მაგრამ ამ კანონპროექტში ახლა მსგავსი რამ არ წერია, უნდა ითქვას.

თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდა კანონად, სახალხო დამცველის აპარატზე რა ზეგავლენას მოახდენს?

კითხვა თუ იმას ეხება, უშუალოდ ჩვენს აპარატზე რა გავლენას მოახდენს – ასე პირდაპირ გავლენას არ და ვერ მოახდენს, იმიტომ, რომ ჩვენ ხომ სახელმწიფო დაწესებულება ვართ. პირველი ვერსია ამ კანონმდებლობის არ ვრცელდება სახელმწიფო დაწესებულებებზე, აქედან გამომდინარე, მსგავსად სხვა ბევრი სახელმწიფო დაწესებულებებისა – რაიმე ვალდებულებები ჩვენ არ წარმოგვექმნება როგორც ორგანიზაციულად და ინსტიტუციურად.

თუმცა, ცხადია, იმ ინსტიტუტს, რომელიც სხვა უფლებადამცველების ინტერესს იცავს, ზრუნავს- და ჩვენი ვალდებულებაა, რომ გამოვიყენოთ ყველა შესაძლო ბერკეტი ამ კანონადქცეული კანონით- თუ რაიმე დაირღვევა და უფლებაში მოხდება ჩარევა, მოვახდინოთ რეაგირება. თუმცა ამ ეტაპზე, ახლა რაც გააკეთა ჩვენმა აპარატმა, არის ის, რომ მივმართეთ და ვთხოვეთ ეუთო/ოდირს, მოახდინოს ამ პირველადი კანონის შეფასება და მისი მოსაზრებების წარმოდგენა – რამდენად არის ის შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან. ასევე, ვთხოვეთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტს, რომ მიმართოს ვენეციის კომისიას და მოახდინოს შეფასება ამ კანონპროექტის.

თუმცა, როგორც ვიცი, თავად პარლამენტის წევრებისგანაც გაკეთდა განცხადებები, რომ თავადაც აპირებენ მიმართონ ვენეციის კომისიას და ალბათ, კომისია შეაფასებს ამ კანონპროექტს.

თუ ეს კანონპროექტი კანონად დამტკიცდა, რა იქნება მისი პოლიტიკური ფასი, უფრო კონკრეტულად, ევროინტეგრაციაზე რა გავლენას იქონიებს, თქვენი შეფასებით?

ეს პოლიტიკური შეფასებები, ცხადია, არ არის აპარატის მანდატი. მე ვერ გავაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მეგობრული გარემოს შექმნას და  მათი საქმიანობის ხელშეწყობას, თუკი ყველა ევროპული ინსტიტუტი ამ კანონპროექტის მიღებას შეაფასებს, როგორც  ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს – თეორიულად, ცხადია, ეს ხელს შეუშლის ევროინტეგრაციის პროცესს. თუმცა ეს ალბათ უფრო მეტად პოლიტიკური შეფასების საგანია და აპარატის მანდატს სცდება.

მთავარ ფოტოზე: თამარ გვარამაძე/წყარო: იურიდიული დახმარების სამსახური


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვს ინიციირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედი „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებულ” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.ევროკავშირის საგარეო სამსახური „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი