საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პაველ ჰერჩინსკის თქმით, უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელია კანდიდატის სტატუსის მიღების პირობებთან.
„ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე ჩემმა ხელმძღვანელებმა ბრიუსელიდან უკვე გამოხატეს თავიანთი პოზიცია. გამოყენებული იყო სიტყვები, როგორიცაა „შემაშფოთებელი“. ჩემი მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ინიციატივა შეუსაბამოა სულ მცირე 2 პრიორიტეტთან 12-დან“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ და ასეთებად მედიის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პრიორიტეტები დაასახელა.
„ეს არის ცუდი გზავნილი და ცუდი დრო. მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა იქნება გაწვეული, რადგან იგი არ არის თავსებადი ევროკავშირის პრინციპებთან და ფასეულობებთან. ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა არ იქცევა კანონად“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ევროკავშირი მიმდინარე წლის ოქტომბერში შეაფასებს საქართველოს პროგრესს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით და დეკემბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უმაღლეს დონეზე გადაწყვეტენ საქართველოს შემდგომი ევროინტეგრაციის საკითხს.
„მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო წინ წაიწევს და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, მაგრამ ამისთვის უნდა შესრულდეს 12 პრიორიტეტი“, — განუცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს.
ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოს ევროინტეგრაციის არჩევანზე ისაუბრა რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ერთი წლის შემდეგ: მშვიდობის ფორმულა“.
„ომი მარტო დონბასის ბრძოლის ველზე არ მიდის. რაც უფრო მარცხდება რუსეთი დონბასის ბრძოლის ველზე, მით უფრო ცდილობს შეტევას სხვაგან დეზინფორმაციით, პროპაგანდით, შხამით, რომელსაც თავში უტენის მოსახლეობას მთელ მსოფლიოში, საქართველოს ჩათვლით. ფხიზლად უნდა ვიყოთ და დავიცვათ საკუთარი თავი. ტრაგედიით გამოწვეულ შესაძლებლობებზეც მინდა ვისაუბრო — ევროკავშირი გაცილებით ძლიერია; უკრაინა კანდიდატი ქვეყანა გახდა და ვიმედოვნებ, რომ ამ წლის დეკემბერში გაწევრიანების მოლაპარაკებებს გავხსნით. ეს დაუჯერებელია. დიახ, პირობები არის დასაკმაყოფილებელი და არც ისე მარტივი და უკრაინა ომშია, მაგრამ ამ პირობებს ასრულებენ; საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ყველანაირი დისკუსია, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა ევროკავშირში — არის თუ არა საქართველო საერთოდ ევროპა? — დასრულებულია. ჩვენ ველოდებით საქართველოს. საქართველო გზაჯვარედინზეა. ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის ევროკავშირი ღია ვართ, გადაწყვეტილება ქართველებზეა — სურთ წინსვლა, სურთ გაჩერება იქ, სადაც არიან თუ სურთ უკუსვლა, რაც ასევე, სამწუხარო შესაძლებლობაა. კიდევ არის დრო, დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მზადაა, გახდეს ევროკავშირის წევრი“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
საქართველოს არჩევანზე საუბრისას მან გაიხსენა სომხეთის მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა.
„2014 წელს 4 ქვეყანა აწარმოებდა ასოცირების ხელშეკრულებაზე ევროკავშირთან შეთანხმებას. ბოლო მომენტში ერთი გამოაკლდა. გზავნილი იყო — ჩვენ არ ვართ მზად. შეთანხმება გაფორმდა 3 ქვეყანასთან და არა — სომხეთთან, რადგან სომხებმა უარი თქვეს. ჩვენ ეს მივიღეთ. გასულ ორშაბათს ჩვენ გავხსენით ევროკავშირის სამოქალაქო CSDP მისია სომხეთში. 7 წლის შემდეგ, ჩვენ დავბრუნდით სომხეთში მათი თხოვნით. მათ გვთხოვეს მეტი დრო და ჩვენ ეს მივიღეთ. ასე რომ, ქართველების გადასაწყვეტია. ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ“, — თქვა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, თავად ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალს ევროკავშირის შიგნით ხედავს.
„ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველო დგას, პოლარიზაციაა. პოლარიზაცია ბუნებრივია ნებისმიერი დემოკრატიისთვის, მაგრამ საქართველოში ის ძალიან შორის წავიდა. ჩემი და ბევრი ქვეყნის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ ეროვნული კონსენსუსი გვქონდა ევროინტეგრაციაზე. ვისურვებდი ასე მოხდეს საქართველოშიც. კიდევ არის დრო დაამტკიცოთ, რომ ქართველები სერიოზულად უყურებთ ევროპულ მისწრაფებებს. ამისთვის უნდა მისდიოთ ევროკავშირის ფასეულობებს. ბოლოდროინდელი ინიციატივები უბრალოდ შეუთავსებელია ამ პრინციპებთან. ვიმედოვნებ, რომ გამოსავალი მოინახება, [კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ] გაწვეული იქნება და დეკემბერში საქრათველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მაგრამ ეს ქართველების გადასაწყვეტია. უკრაინაში არის ომი იმიტომ, რომ უკრაინელებს სურდათ, თავად მიეღოთ გადაწყვეტილებები საკუთარ მომავალზე. რუსეთს არ სურდა ამის დაშვება. ევროკავშირი ძალიან განსხვავებულია. რასაც გადაწყვეტენ ქართველები, — ჩვენ მივიღებთ და პატივს ვცემთ. საქართველო გზაჯვარედინზეა, მაგრამ ვერავინ მიღებს გადაწყვეტილებას ქართველების მაგივრად. ვიცი, რომ უფრო მარტივია სათქმელად, ვიდრე გასაკეთებლად, მაგრამ ეს საშინაო დავალება უნდა შესრულდეს აქ“, — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტია შეძლებს ოპოზიციასთან კომუნიკაციას და ოპოზიციაც იქნება კონსტრუქციული და ისინი ერთად შეძლებენ ნაბიჯების გადადგმას საქართველოს მომავალი ევროინტეგრაციისთვის.