კომენტარი

თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ამას ვერასდროს ჩამოირეცხავენ – არესტოვიჩი

1 დეკემბერი, 2022 • 1262
თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, ამას ვერასდროს ჩამოირეცხავენ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის და არ იცის, რა გააკეთოს.

ФЕЙГИН LIVE-თან ინტერვიუს დროს, არესტოვიჩს ჰკითხეს, რას ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მისი აზრით, ჩაერევა თუ არა უკრაინა ან/და ვოლოდიმირ ზელენსკი ამ საკითხში.

ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ ეს რთული საკითხია.

„წმინდად საქართველოს კანონმდებლობის გადმოსახედიდან: მან ჩაიდინა რიგი დანაშაული, მას კორუფციაში სდებენ ბრალს და ა.შ. პოლიტიკური თვალსაზრისით კი მათ [საქართველოს ხელისუფლებას] იგი უბრალოდ არ უნდათ, ეშინიათ, მიიჩნევენ მტრად“, – აცხადებს ის.

არესტოვიჩის თქმით, ძველ ინტერვიუში მის მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ აღიქვა ისე, თითქოს საქართველოს დაპყრობისკენ მოუწოდებდა.

„თუ ადამიანებს გონება ასე დაბინდული აქვთ და ბოლომდე ადეკვატურები არ არიან, მე ვფიქრობ, რომ ჩნდება კითხვა – რას ფიქრობენ ისინი ისეთ მკაფიო პიროვნებაზე, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი. ის არის ძალიან მასშტაბური, ძალიან რთული პიროვნება. მისი კრიტიკა დაუსრულებლად შეიძლება – და ამის საფუძველი არსებობს, ასევე შეიძლება უსასრულოდ მისი ქება – და ასევე, ამის საფუძველიც არსებობს. ახლა კი ჩნდება კითხვა, რა უნდა გააკეთო ასეთ პიროვნებასთან,

„მოკვლა შეეშინდათ, გადაცემა არ შეუძლიათ – შეეშინდათ, ამიტომ [თქვეს] მოდი, ნელა, შიმშილით მოვკლავთო“, – ამბობს არესტოვიჩი და ამატებს, რომ ამას თან ერთვის ისეთი გარემოებები, როგორიცაა სააკაშვილის ასაკი, პატიმრობა და სხვა.

„იმის დამტკიცება, რომ ის შიმშილით მოკლეს – ძალიან რთულია. იმის დამტკიცება, რომ მას არ უწევდნენ კვალიფიციურ დახმარებას – ასევე ძალიან რთულია. ისინი იტყვიან: რომ არა, ჩვენ ყველა სტანდარტს ვიცავდით, მოდიოდა ექიმი და ა.შ.“, – აცხადებს ის და ამატებს, რომ იგივე სიტუაციაა დასავლეთთან, მათ არ იციან, რა გააკეთონ და, შესაბამისად, სიჩუმის გზას ირჩევენ.

„მე არ ვფიქრობ, რომ მას ძალით კლავენ. თუმცა ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს, შემიძლია ესეც დავუშვა. მაგრამ ზუსტად ვხედავ, რომ მათ არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა. და ის მოხვდა მათთან, ის არის როგორც გავარვარებული ტაფა, ის ისეთი მასშტაბის ფიგურაა, რომ ყველა მათგანი ერთად ვერ უდებს ტოლს. და მათ ეშინიათ: ასე დარჩება – ცუდია, მოკლავენ – ცუდია, ამიტომ არ იციან, როგორ მოიქცნენ.

ამასობაში, პატიმრობა არავის უმატებს ჯანს, როგორც ცნობილია. და ადამიანი ამდენი დაავადებით, რომელიც მანამდეც იყო დიაგნოსტირებული, არ უმჯობესდება, პირიქით, უარესდება მისი მდგომარეობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სპეციალურად არაფერს უკეთებენ“.

ინტერვიუს ბოლოსკენ იგი კვლავ ამბობს, რომ არ იცის, რისი გაკეთება შეუძლია უკრაინას. კითხვაზე, ხომ არ ჩაერთვება ამ პროცესში ვოლოდიმირ ზელენსკი, არესტოვიჩი ამბობს, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.

არესტოვიჩი ასევე ამბობს, რომ თავად მასზე რომ იყოს დამოკიდებული, სააკაშვილის მესამე – ნეიტრალურ ქვეყანას გადასცემდა სამკურნალოდ, პარალელურად კი ჩაატარებდა საგამოძიებო მოქმედებებს. „…იმიტომ, რომ თუ ის ციხეში მოკვდება, პირდაპირ გეტყვით, ვერასდროს ჩამოირეცხავენ ისინი ამას, რაც უნდა მტკიცებულება წარადგინონ“, – ამბობს არესტოვიჩი.


უკვე რამდენიმე კვირაა მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, მხარდამჭერები, ექიმები და ცენტრი „ემპათია“ აცხადებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულად უარესდება. მათივე თქმით, აუცილებელია მისი გადაყვანა და შესაბამისი მკურნალობა.

ამ თემაზე ნახეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი