კომენტარი

კოვიდის შეზღუდვები სხვა ვირუსებისგანაც გვიცავდა, ახლა ისინი „დაბრუნდნენ“ – ეპიდემიოლოგი

25 ნოემბერი, 2022 • 2152
კოვიდის შეზღუდვები სხვა ვირუსებისგანაც გვიცავდა, ახლა ისინი „დაბრუნდნენ“ – ეპიდემიოლოგი

Რა ტიპის ვირუსებია ამჟამად საქართველოში გავრცელებული, რა სიმპტომები და გართულებები გვხვდება და როგორ უნდა დავიცვათ მათგან თავი? 

ამ და სხვა საკითხებზე „ნეტგაზეთს“ ესაუბრება ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის თავმჯდომარე.

ბატონო ოთარ, რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს ამჟამად საქართველოში?

ბოლო მონაცემებით, რაც „საყრდენი ბაზების მეთოდით“ მონიტორინგის შედეგად გვაქვს, – და ეს გულისხმობს შესაბამისი კვლევების ჩატარებას შედარებით დიდი მოცულობის კლინიკებში, საიდანაც ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მუშავდება, – რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს. ესენია:

  • სხვადასხვა გრიპის ვირუსები
  • კოვიდი, – თუმცა რაოდენობაში შემცირებულია
  • პარაგრიპის ვირუსები
  • რესპირატორულ სინციტიური ვირუსი
  • სხვადასხვა ადენოვირუსი
  • არა კოვიდის გამომწვევი, თუმცა სხვა კორონავირუსები, რაც მანამდეც არსებობდა (ალბათ საერთო რაოდენობის 5% მოდის მათზე)

თუ გვხვდება ისეთი ვირუსები, რომლებიც კოვიდამდე არ ყოფილა გავრცელებული და უცხოა ჩვენთვის?

არა. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს ვირუსები წლების განმავლობაში ცირკულირებდა და ცირკულირებს. აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, რაც არ გვინახავს წინა წლებში, კოვიდამდე პერიოდში.

უბრალოდ, ახლა არის ის სეზონი, როდესაც რესპირაციული ვირუსები უფრო მეტად ვრცელდება და, შესაბამისად, მათი გავრცელების მაღალი რაოდენობა აღინიშნება.

სავარაუდოდ, შემთხვევების რაოდენობა კიდევ მოიმატებს, თუმცა ეს ნორმალური მახასიათებელია ამ ტიპის, სეზონური ვირუსებისთვის – არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. სტანდარტულად ამ პერიოდში აღინიშნება შემთხვევების მატება.

განსაკუთრებული მატება აღინიშნება ხოლმე დეკემბრის განმავლობაში, თვის ბოლოსთვის, ზოგ შემთხვევაში კი, იანვარ-თებერვალშიც. იმის მიხედვით, როგორია ვირუსების გავრცელება, კონკრეტულად რომელი ვირუსი უფრო ჭარბობს.

ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის, რომ ჩვენ კოვიდის გამო ეს ვირუსები წინა ორწელიწად-ნახევარი, ფაქტობრივად, დაგვავიწყდა. მათი რაოდენობა მართლაც იყო გარკვეულწილად შემცირებული, იქიდან გამომდინარე, რომ ის, რასაც კოვიდის წინააღმდეგ ვაკეთებდით, – დისტანცირება, პირბადე, – პრაქტიკულად თავის დაცვის საშუალებას წარმოადგენდა სხვა ვირუსებისგანაც. არ მივეცით საშუალება, ფართოდ გავრცელებულიყო.

მაგრამ ამჟამად, როდესაც შეზღუდვები მოხსნილია, ჩვენ ეს ვირუსები დაგვიბრუნდნენ და მათი ცირკულაცია გაიზარდა. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენი იმუნიტეტი ამ ვირუსების მიმართ თითქმის არ განახლებულა და შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში რთულადაც წავიდეს.

მაგალითად, ბევრისთვის,- შედარებით პატარებისთვის, მით უმეტეს,- ასეთი ვირუსები ახალი იქნება. ზოგისთვის შესაბამისი ანტისხეულები შედარებით შემცირებული იქნება და შესაძლოა, კლინიკურად უფრო გამოხატული ფორმებითაც წავიდეს ვირუსები.

რა სიმპტომებით ხასიათდებიან ეს ვირუსები?

სტანდარტულად:

  • ყელის ტკივილი,
  • მაღალი სიცხე, – ზოგჯერ ტემპერატურა ძალიან მაღალ რიცხვებს აღწევს და, ასე ვთქვათ, „ჯიუტია“, არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს,
  • ხველა, – ზოგჯერ ძლიერი და შემაწუხებელი,
  • სისუსტე,
  • იშვიათ შემთხვევებში გამონაყარიც,
  • შესაძლოა, დიარეაც,
  • კუნთების და სახსრების ტკივილი,
  • ზოგადი სისუსტე,
  • უმადობა.

ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს 1 ან 2-3 დღიდან 1 კვირამდე. შეიძლება, შემდეგ ბაქტერიული ინფექცია დაემთხვეს და ეს ყველაფერი საყურადღებო ხდება, განსაკუთრებით, თუკი საქმე გვაქვს მოზარდებთან და ბავშვებთან.

რა ასაკობრივ კატეგორიაშია უფრო მეტი გართულება?

სტანდარტულად, რესპირატორული ინფექციები ზრდასრულებში უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ უფრო მეტად უტევს ასაკოვან ადამიანებსა და ქრონიკული დაავადებებით დაავადებულებს და, ასევე, განსაკუთრებით, ბავშვებს.

6 წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლოა, უფრო რთულად მიმდინარეობდეს, იმუნიტეტისა და ორგანიზმის აგებულების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე.

რა თქმა უნდა, საუბარია ცალკეულ შემთხვევებზე, რისკებზე, რომ ამ ჯგუფებში უფრო მოსალოდნელია კლინიკურად გამოხატული შესაძლო გართულებების გამოვლინება, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებში, რომლებსაც თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებათ.

როგორია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები?

როდესაც შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს, განსაკუთრებით ბავშვებში, საჭირო ხდება მათი ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ გავამახვილე ყურადღება მომატებული კლინიკური გამოვლინენების შესაძლებლობაზე.

თუ მძიმედ მიმდინარეა, მაღალი ტემპერატურით, ან პაციენტს სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, ასეთ შემთხვევაში ბავშვებში უფრო ხშირია ხოლმე ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და შეიძლება უფრო გაიზარდოს, ვიდრე მაშინ, როდესაც ამ დაავადებების გავრცელების სეზონი არ არის.

თუ არის ლეტალობის რისკები და შემთხვევები?

სწორად მართულ შემთხვევებში და დროულად ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებში ლეტალობის რისკები თითქმის განულებულია.

როგორია რეკომენდაციები ამ სხვადასხვა ვირუსისგან თავის დასაცავად?

პირველ რიგში, მაქსიმალურად დავიცვათ თავი. თუ ვინმეს სიმპტომები აღენიშნება, ეცადოს, რომ დროულად იყოს იზოლირებული, ოჯახშიც კი, თუკი არის ამის შესაძლებლობა; მომვლელებმა, დამხმარეებმა გამოიყენონ პირბადე, როგორც კოვიდის დროს.

მთავარი რეკომენდაცია კი ასეთია: ამ ვირუსებს შორის ყველაზე მეტი გართულება გრიპს ახასიათებს და დღეს არსებობს საუკეთესო ხარისხის ვაქცინა უფასოდ ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის.

30 ნოემბრამდე გაგრძელდა [უფასოდ ვაქცინაციის] დრო. ადამიანებს შეუძლიათ ჩაიტარონ ვაქცინაცია, – განსაკუთრებით თუ არიან ასაკოვნები, აქვთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, – გრიპის ვაქცინაცია დაიცავს მათ გართულებებისგან.

დანარჩენი, რაც ვისწავლეთ კოვიდის განმავლობაში ყველამ – ჰიგიენის დაცვა, პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა, ოთახის ვენტილაცია, დაავადებულთა იზოლაცია…


ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო 30 ნოემბრის ჩათვლით იქნება.

სამინისტროს თანახმად, ნებისმიერი მსურველი მომსახურებას მიიღებს ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი