კომენტარი

ატომური იარაღის გამოყენება არ შემოაბრუნებს ვითარებას რუსეთისთვის – პეტრეუსი

28 სექტემბერი, 2022 • 2674
ატომური იარაღის გამოყენება არ შემოაბრუნებს ვითარებას რუსეთისთვის – პეტრეუსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი დირექტორი, აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას დამანგრეველი პასუხი მოჰყვება დასავლეთისგან; იგი ასევე ამბობს, რომ მობილიზაცია რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ვერ გააძლიერებს.

„შეერთებული შტატები ცხადად ამბობს, რომ [რუსეთის მიერ] ატომური იარაღის გამოყენებას მოჰყვება კატასტროფული პასუხი, რაც ჩემი აზრით, მოიცავს უკრანასა და შავ ზღვაში მყოფი რუსეთის ძალების მიზანში ამოღებას. დარმუწნებული ვარ, ეს დამანგრეველი იქნება რუსეთის ძალებისთვის“, – განაცხადა პეტრეუსმა 28 სექტემბერს „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.

მისი თქმითვე, ვლადიმერ პუტინი „წარმოუდგენლად სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია“, თუმცა „ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენება არ შემოაბრუნებს რუსეთის მდგომარეობას ბრძოლის ველზე“.

პეტრეუსმა შთამბეჭდავი უწოდა უკრაინის წარმატებულ კონტრშეტევას და თქვა:

„ისინი თავიდანვე სრულად მობილიზებული იყვნენ, ახლა კი ამ ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც რუსეთის მოსახლეობის მესამედზე ნაკლებია, ჰყავს გაცილებით დიდი არმია, გაცილებით უკეთაა შეიარაღებული, – 15.1 მლრდ დოლარის შეიარაღება და დახმარება მხოლოდ შეერთებული შტატებისგან აქვს მიღებული, კიდევ მეტი კი, ნატოს პარტნიორებისგან და სხვა ქვეყნებისგან, – და ახლა ისინი ბრძოლის ველზე ძალიან ეფექტურად იყენებენ თავიანთ ახალ ძალებსა და შესაძლებლობებს. რუსეთს არაფრით შეუძლია, ეს ვითარება შეატრიალოს“.

კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს ატომურ იარაღს, განაცხადა:

„ეს, ცხადია, შესაძლებელია, და ეს შესაძლებლობა ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული… თუ რამე [მოხდა], ეს გააძლიერებს უკრაინას კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო მეტად გააერთიანებს ნატოს რუსეთის წინააღმდეგ, შედეგად მოიტანს გაცილებით უფრო მწვავე სანქციებს, შესაძლოა რუსეთი საბოლოოდ გამოცხადდეს ტერორისტულ სახელმწიფოდ, შესაძლოა, პუტინს წაუყენონ ბრალი ომის დანაშაულებში“.

პეტრეუსის თქმითვე, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ გამოიწვია დემონსტრაციები რუსეთში, – „წარმოუდგენლად დიდი დემონსტრაციები, – ამ მასშტაბისა დიდი ხანია, ამ ქვეყანაში არ გვინახავს“. მისი თქმითვე, ვლადიმერ პუტინს სწორედ ამის ეშინოდა და „ამიტომაც ორჭოფობდა ამდენი ხნის განმავლობაში“…

„…ასე [ამგვარი მობილიზაციით] არ ხდება თანამედროვე, ძლიერი, ქმედოთუნარიანი საბრძოლო ძალების ჩამოყალიბება. ასე რომ, ის ძალიან სერიოზულ და სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია“, – განაცხადა პეტრეუსმა.

პეტრეუსის თქმითვე, პუტინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმს იმიტომ ატარებს, რომ სამხედრო გაწვევის ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც, – რომელიც „რუსეთის ნაწილი გახდება“, – გაიწვიოს მოსახლეობა.

„კიდევ ერთხელ, ეს არ იქნება კარგად გაწვრთნილი, შეიარაღებული, ქმედითუნარიანი, ორგანიზებული ძალები“, – განაცხადა მან.

ამასთან, პეტრეუსის განცხადებით, ეს ზამთარი გაცილებით მძიმე იქნება რუსი ჯარისკაცებისთვის, ვიდრე უკრაინელებისთვის: „უკრაინელები საკუთარ მიწაზე არიან, აქვთ თანამოქალაქეების სრული მხარდაჭერა, რუსები კი არიან იქ, სადაც მოქალაქეებს ისინი ეზიზღებათ, – ოკუპანტები არიან, თან სდევთ ძალადობა და განადგურება… მათ არც იციან, რისთვის იბრძვიან“.

„ეს უკრაინისთვის არის დამოუკიდებლობის ომი, რუსებისთვის კი – აგრესიის. ისინი სულ უფრო და უფრო მეტად დაინახავენ, რომ მათ სახლშიც მეტი და მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება ამ ომს. ამ გარემოებებში, როცა უკრაინელები ასე ეფექტურად მოქმედებენ, იკითხავენ, უნდათ კი, შეეწირონ ამ ომს“? – განაცხადა პეტრეუსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი