კომენტარი

“ქართული ოცნების”  ანტიდასავლური რიტორიკის შესაძლო მიზეზები

14 სექტემბერი, 2022 •
“ქართული ოცნების”  ანტიდასავლური რიტორიკის შესაძლო მიზეზები

ავტორები: კორნელი კაკაჩია, შოთა კაკაბაძე 


უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მობილიზებულმა დასავლურმა სოლიდარობამ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა. თუმცა მაშინ, როდესაც კიევსა და კიშინიოვს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, თბილისისთვის ამ პერსპექტივამ დროში გადაიწია. ამ მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით ყურადსაღებია საქართველოს მმართველი პარტიის სამოქმედო სტრატეგიის პარადოქსულობა. ერთი მხრივ, პარტია თითქოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგული რჩება და პარლამენტის დონეზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. თუმცა მმართველი პარტიის რიტორიკა თანხვედრაში არ მოდის აღნიშნულ მიზანთან, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების კრიტიკას საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის შესახებ მწვავე ბრალდებით პასუხობენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არაერთხელ უარყვეს ამერიკის შეერთებული შტატებისა თუ ევროკავშირის წარმომადგენლებმა.

ამგვარი რიტორიკა მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და საქართველოსთვის სტრატეგიულ პარტნიორებთან თანდათანობით გაუცხოების და რუსეთთან პირისპირ დარჩენის საფრთხეს შეიცავს. 

არსებობს მოსაზრება, რომ ასოცირებული ტრიოს დანარჩენი ორი წევრისგან ჩამორჩენა გარკვეულ ელექტორალურ დანაკარგებს მოუტანს მმართველ პარტიას და სწორედ ამ დანაკლისის შესავსებად დასჭირდება მას სოციალურ-კონსერვატიული ამომრჩევლის მობილიზაცია. თუმცა, პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილის რწმენით, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მათი აზრით, ქვეყანაში კრემლის ინტერესების გამტარებელია, მმართველი პარტია თავიდანვე გულწრფელად არ იყო დაინტერესებული კანდიდატის სტატუსის მიღებით. 

თუმცა მმართველი პარტიის მსგავსი რადიკალური რიტორიკა შესაძლოა ასევე ქართული პოლიტიკური კულტურის შიდა მახასიათებლებიდან მომდინარეობდეს და პირდაპირ არ გულისხმობდეს ხელისუფლების მხრიდან საგარეო პოლიტიკურ კურსზე ჩამოყალიბებული კონსენსუსის მკვეთრ გადახედვას. ოპონენტებთან ძალაუფლების განაწილებისკენ დასავლეთის მოწოდებას მმართველი პარტია შესაძლოა აღიქვამდეს როგორც საფრთხეს, რომელიც შეიძლება არსებული რეჟიმის პოლიტიკურ მომავალთან და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობასთან იყოს დაკავშირებული. 

პოლიტიკური ვენდეტა: დაუწერელი ტრადიცია ქართულ პოლიტიკაში 

ქართული პოლიტიკა მისი წამყვანი აქტორების მიერ აღიქმება როგორც ნულოვანი ჯამის თამაში, რომელში დამარცხებაც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, მარგინალიზაციას ან პოლიტიკური სივრციდან საერთოდ გაქრობას გულისხმობს. ქართული პოლიტიკური კლასისთვის ასევე დამახასიათებელია თითოეული დამარცხების ან დათმობის სისუსტედ აღქმა. 

ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში გარკვეული როლი იმ ფაქტმაც ითამაშა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან ძალიან მალევე ქვეყანა სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებებში გაეხვა, რასაც პირველი პრეზიდენტის ქვეყნიდან განდევნა და დღემდე გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვა მოჰყვა. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მემკვიდრეებს, ისინი ფაქტობრივად გაქრნენ საჯარო სივრციდან ან მცირე მარგინალურ ძალად დარჩნენ. იგივე ბედი გაიზიარა ედუარდ შევარდნაძის გუნდმა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ: „მოქალაქეთა კავშირმა“ არსებობა შეწყვიტა, ხოლო მაღალჩინოსნების ნაწილს ან პოლიტიკური კარიერის დასრულება მოუხდა, ან სისხლის სამართლის დევნის ქვეშ აღმოჩნდა. 

პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის თვალსაზრისით გამონაკლისი აღმოჩნდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ჯერჯერობით მყარად ინარჩუნებს თავის პოზიციებს როგორც ელექტორალურად ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. თუმცა პოლიტიკური ვენდეტის დაუწერელი ტრადიციების გამგრძელებელი აღმოჩნდა „ქართული ოცნებაც“. მშვიდობიანი, საარჩევნო გზით ხელისუფლებაში მოსვლის მიუხედავად, პარტიამ წინამორბედების მსგავსად მალევე დაიწყო ყოფილი რეჟიმის პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სადამსჯელო ზომების მიღება „სამართლიანობის აღდგენის“ მოტივით. ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, შეექმნა სიმართლის დამდგენი კომისია და ამ საერთაშორისო პრაქტიკის მეშვეობით გადაეწყვიტა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაგროვებული პრობლემები. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ საქმეების აღძვრამ საქართველოს პოლიტიკის ბევრ დამკვირვებელს გაუჩინა განცდა, რომ რეალურად ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას აქვს ადგილი. 

თუ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში არსებულ დინამიკას მთლიანობაში შევხედავთ, მმართველი პარტიებისთვის ხელისუფლების დაკარგვა და ოპოზიციაში გადასვლა პოლიტიკური ვენდეტის ობიექტად ქცევის საფრთხეს შეიცავს. სწორედ ამიტომ, ძალაუფლების სრული ვერტიკალის კონტროლი და პოლიტიკური გავლენების შენარჩუნება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

მეორე მხრივ, აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მმართველი პარტიის მცდელობებისა, მსგავს ანტიდასავლურ რიტორიკას საქართველოს მოსახლეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს, მათ შორის არც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების შეხედულებებზე. CRRC- საქართველოს ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საშუალოდ, მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ მტკიცება, თითქოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს ომში ჩართვას სთხოვეს, ნაკლებად ან საერთოდ არ არის სიმართლე. მმართველი პარტიის მხარდამჭერებში კი ეს მონაცემი 56%-ია. 

ყოველივე ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკა შესაძლოა უფრო თავდაცვის მექანიზმი იყოს, რომელიც არ არის მოსახლეობის დაკვეთით ნაკარნახევი და მიმართულია საკუთარი ძალაუფლების ინსტრუმენტების შენარჩუნებისკენ, მათ შორის, დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭების ხარჯზეც კი. 

გამოსავლის ძიებაში 

მაშინ, როდესაც პოლიტიკური აქტორების სტრატეგია ნულოვანი ჯამის თამაშის პირობებში გადარჩენაზეა ორიენტირებული და სადაც 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლის, სიძულვილის ენით სავსე წინასაარჩევნო კამპანიების და მედიაპოლარიზაციის გამო პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია, საერთაშორისო თანამეგობრობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში. 

კერძოდ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ, ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის მონაცვლეობის პრინციპზე დაფუძნებული კონსენსუსის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი. ამისთვის კი აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც, ერთი მხრივ, მემკვიდრეობითი პრინციპების შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, ოპოზიციაში გადასულ ყოფილ მმართველ პარტიას პოლიტიკურად მიკერძოებული დევნისგან დაიცავს. 

ბუნებრივია, მსგავსი მიდგომა არ უნდა გამორიცხავდეს ისეთი საქმეების გამოძიებას, სადაც აშკარა სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. თუმცა საქმის წარმოება უნდა მოხდეს ისეთი სასამართლოს (შესაძლოა საერთაშორისო ჩართულობით) პირობებში, რომელსაც ფართო საზოგადოებისა თუ პოლიტიკური პარტიების თვალში ნდობის მაღალი ხარისხი ექნება. მოვლენების ამგვარი მიმართულებით განვითარება პოლარიზაციის დონის შემცირებას და ხელისუფლებების მხრიდან (რომელი პარტიაც არ უნდა იყოს) ოპოზიციაში მშვიდობიანად გადასვლის მიმართ მზაობის გაზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. 

ასევე მნიშვნელოვანია, ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა გამოავლინოს მოწიფულობა და შეძლოს, ვიწროპარტიული ინტერესების გვერდზე გადადოს და ეფექტური გამოსავლის ძიების მიმართ მზაობა გამოავლინოს. თუმცა მხოლოდ დრო გვიჩვენებს რამდენად აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ასეთი ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნის და ზოგადად საერთო-ეროვნული შეთანხმების რესურსები. 


პოლიტიკის მემორანდუმის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:

პოლიტიკური ვენდეტის შიში თუ ხელისუფლების შენარჩუნების სურვილი: მმართველი პარტიის ანტიდასავლური რიტორიკის შესაძლო მიზეზები

 


კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი