აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სიცრუა, თითქოს ამერიკა ან მისი ელჩი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ. მისი თქმით, ამგვარი განცხადებები უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც დასავლეთისთვის ხელის კვრას გულისხმობს:
„ეს სრული სიცრუეა. შეუძლებელია, ამერიკა ან ამერიკის ელჩი ცდილობდნენ საქართველოს ომში ჩათრევას. ამასთან, ეს არის უფრო ფართო ტენდენციის თუ კამპანიის ნაწილიც კი, რომელიც გულისხმობს დასავლეთისთვის ხელის კვრას ისეთი გზით, როგორიც ე.წ. „პერსონაჟის მკვლელობა“, მისი რეპუტაციის დაზიანებაა ელჩი დეგნანისა და სხვა ევროპელი დიპლომატების მიმართ. ასევე, იმ კუთხით, რომ არ სრულდება ის შეთანხმებები და დაპირებები, რომლებიც საქართველომ დასავლურ ქვეყნებთან წლების წინ ან ახლახან გააფორმა და კონკრეტული რეფორმების გატარებას შეეხება. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მეგობარი ამერიკასა და ევროპაში ძალიან შეშფოთებულია ამ ტენდენციებით“, – ამბობს კელი.
ყოფილი ელჩი და ამჟამად „ნორთ უესტერნის უნივერსიტეტის“ პროფესორი განმარტავს, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მცოდნეებს არ უკვირთ მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების კონსოლიდირების და ერთპარტიული მმართველობის გაძლიერების მცდელობა, რადგან ეს ბევრჯერ უნახავთ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პერიოდშიც. თუმცა, მისი აზრით, ახლა ყველაზე უპრეცედენტოა კეთილისმსურველების შეურაცხყოფის უწყვეტი ტენდენცია:
„ამერიკაში ბევრია შეწუხებული ერთპარტიული მმართველობისკენ სვლის ტენდენციით, ოპოზიციის დემონიზაციისა და სრული მარგინალიზაციისკენ მიმართული ქმედებებით. უპრეცედენტოა შეთანხმებების დარღვევისა და საქართველოს მეგობრების შეურაცხყოფის უწყვეტი ნაკადი. კელი დეგნანი კი, რა თქმა უნდა, საქართველოს მეგობარია, ისევე როგორც მე და ბევრი ადამიანი სახელმწიფო დეპარტამენტში, თავდაცვის დეპარტამენტში თუ კაპიტოლიუმში. ყველა შეშფოთებული და დაბნეული ვართ, ვცდილობთ გავიგოთ, რა ხდება. ამას ექნება გავლენა ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებზე“, – ამბობს კელი.
ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ დასავლეთს აღარ აქვს ილუზიები რუსეთის აგრესიული იმპერიალისტური მიზნების შესახებ და პროდასავლურად განწყობილი ქვეყნების მაქსიმალურ მხარდაჭერას ცდილობს. ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ერთ დროს რეფორმატორ ქვეყნებს შორის მოწინავე საქართველო უკანა რიგებში აღმოჩნდა და „ისე გამოიყურება, თითქოს ის მართლაც დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომ არ იყოს რეფორმების გზაზე და ხელს კრავს დასავლეთს“.
რაც შეეხებათ დეპუტატებს, რომლემბაც „მოქალაქეებისთვის სიმართლის თქმის“ მოტივით პარტია დატოვეს, ვაშინგტონში არ სჯერათ, რომ ეს დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესია და ამბობენ, რომ ეს პოლიტიკოსებიც ძირითადად მმართველი გუნდის მოსაზრებებს ახმიანებენ:
„თუკი მმართველ პარტიას ჰგონია, რომ მათგან გამოყოფილი ამ პარლამენტარების ყოლა მათ რაღაცნაირად უფრო იმუნურს, დაცულს გახდის დასავლეთის კრიტიკისგან, მაშინ, როცა დასავლეთისა და დასავლელი დიპლომატების შესახებ ტყუილებს ავრცელებენ, ძალიან ცდებიან. ეს მკაფიოდ უარყოფითი [პროცესია]. მმართველი პარტიის ფრაქციის შექმნა, არ მგონია, რომ ვინმეს გაასულელებს. ეს უფრო ჰგავს ერთგვარი სიტემური, [სისტემის შიგნით არსებული] კონტროლირებული ოპოზიციის შექმნის მცდელობას, რაც რეგონის სხვა ქვეყნებში უკვე გვინახავს და ძალიან, ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ მსგავსი ტაქტიკის გამოყენებას საქართველოშიც ვხედავ“, – ამბობს ყოფილი ელჩი იან კელი.