კომენტარი

შეფასებები: საქართველოს კანდიდატობის საკითხის გარკვევა 2023 წლამდე გადაიდო

13 ივლისი, 2022 •
შეფასებები: საქართველოს კანდიდატობის საკითხის გარკვევა 2023 წლამდე გადაიდო

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს გადაწყდება, ნაცვლად 2022 წლისა.

ამ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოში სხვადასხვაგვარი, ურთიერთგამომრიცხავი გამოხმაურებები მოჰყვა.

„ნეტგაზეთი“ ამ სტატიით აჯამებს სხვადასხვა მხარის მოსაზრებას და ევროკავშირთან ურთიერთობების ექსპერტთან ცდილობს გაარკვიოს, რას ნიშნავს სინამდვილეში ეს სიახლე.

„ქართული ოცნება“

ჯერჯერობით პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხზე ერთიანი პოზიციები არ წარმოუდგენიათ, თუმცა სხვადასხვა პარტიის ცალკეულმა წარმომადგენლებმა მედიას თავიანთი შეფასებები გაუზიარეს.

მაგალითად, „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ „ევროკომისიამ ფაქტობრივად გაიმეორა იგივე“, რასაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობდნენ:

„არ შეიძლება ცაიტნოტური დროის დაწესება და მსგავსი პრეცედენტის შექმნა სახელმწიფოებისთვის“…

იონათამიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს „პროაქტიულ რეჟიმში მუშაობას ყველა აღებული ვალდებულების შესასრულებლად“.

„ნაციონალური მოძრაობა“

ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარი რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას „ძალიან სამწუხაროსა და საგანგაშოს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ რიტორიკაზე ევროკომისიის პასუხი:

„ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ვაჭრობა ჩვენი ევროპული მომავლით, მისი ფინანსური ინტერესების საპირწონედ. ბუნებრივია, რომ ეს არ გამორჩებოდათ მხედველობიდან [ევროპაში]“. ამ ბოლო ერთ კვირაში რაც ხდება, განსაკუთრებით პრემიერის გუშინდელი განცხადება, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იყო ძალიან ნათელი სიგნალი ევროპისთვის“, – განაცხადა მან.

„სტრატეგია აღმაშენებელი“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უჩვენებს, რომ „ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი“.

„ტარდება რეფორმები? ტარდება დეოლიგარქიზაცია? შეიძლება დეკემბრის აქეთ გადმოიწიოს კონსენსუსმა და განხილვებმა… [მაგრამ მთავარი ის არის, რომ] სანამ „ქართული ოცნება“ ამ რეჟიმით იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ ევროპას ვერ დავუახლოვდებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

„სირცხვილია“

პროევროპული დემონსტრაციების ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობის, „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა დაწერა, რომ მისი ვარაუდით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხის ერთი წლით გადადების მიზეზი შემდეგი იყო:

„[ევროკომისიაში] აცნობიერებენ, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის გამკეთებელი არაა, მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდათ, ამის გამო ქვეყანაში რევოლუციური განწყობები გაძლიერდეს. ხედავენ, რომ ეს პოლიტიკური ისტებლიშმენტი კონსოლიდაციისა და თანხმობის სულისკვეთებას ვერ ასხივებს“.

შოთა დიღმელაშვილის აზრით, საბოლოო თარიღის 2023 წლამდე გადაწევით ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ „დროს აძლევენ ოპოზიციას, უფრო ზომიერი, კოალიციური სულისკვეთების გამოსაკვეთად და, ამასთანავე, ხელისუფლებას უმცირებენ შანსს, კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება პოლიტიკურად და ელექტორალურად გადააგორონ“.

„უნდა მივიღოთ, როგორც ფაქტი“

„ნეტგაზეთმა“ „ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ვანო ჩხიკვაძეს ჰკითხა, – ეს ახალი ამბავი შეშფოთების საფუძველი უნდა იყოს საქართველოსთვის, თუ პირიქით, ხელს აძლევს ქვეყანას, რაზეც მან გვიპასუხა:

„ვფიქრობ, ეს ამბავი უნდა მივიღოთ, როგორ ფაქტი. ამ გადაწყვეტილების ახსნა გარკვეულწილად შეიძლება იმითაც, რომ ევროკავშირი, სავარაუდოდ, უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს ხარისხზე, – როგორ, რა ხარისხით იქნება შესრულებული ის 12 რეკომენდაცია, რაც მოგვცა თავის დროზე ევროკომისიამ. შესაბამისად, ალბათ ევროკავშირში თვლიან, რომ იმისთვის, რომ პირობები ხარისხიანად იყოს შესრულებული, უმჯობესი იქნება, უფრო მეტი დრო მიეცეს საქართველოს“.

ვანო ჩხიკვაძე ამ მოსაზრების გასამყარებლად იმოწმებს  ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების მთავარი დირექტორატის (DG-NEAR) წარმომადგენლის, მიხაელ რუპის სიტყვებს, რომელმაც 13 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლიტიზებისას, საერთო მაგიდასთან დაჯდომისას, რათა სიღრმისეულად იმუშაონ რეფორმებზე.

ასე რომ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტეტები 2023 წლისთვის.

ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე”, – განაცხადა მან.

ვანო ჩხიკვაძე ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ევროკავშირი არ გეგმავს ყურადღების მოდუნებას და „აპირებს, თავისი ანგარიშები, სხვადასხვა ფორმატი გამოიყენოს იმისთვის, რომ ნახოს, რამდენად სწორ გზაზე დგას საქართველო“.

„ასეთი ფორმატი გახლავთ, მაგალითად, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მიერ მომზადებული ასოცირებული ხელშეკრულების შესრულების ანგარიში, რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წლის აგვისტოში იქნება მომზადებული“, – ამბობს იგი.

„ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი თვალს მოაშორებს იმას, თუ როგორ ხორციელდება რეფორმები საქართველოში. ეს ანგარიშები და ზედამხედველობა გაგრძელდება მათი მხრიდან, თუმცა უშუალოდ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შეფასების ვადამ გადაიწია 2023 წლისთვის, – კიდევ ერთხელ, – იმიტომ, რომ უფრო მეტი დრო მიეცეს საქართველოს ხარისხიანი რეფორმების განსახორციელებლად“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.


იმ 12 პირობას შორის, რაც ევროკომისიამ წამოუყენა საქართველოს, დასახელებულია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა, მიუკერძოებელი სამართალდამცავი უწყებების ფუნქციონირება, მედიამენეჯერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებში მიუკერძოებლობა. „დეოლიგარქიზაცია“ და ა.შ..

პირობების სრული სია ნახეთ „ნეტგაზეთზე“:

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი