საზოგადოება

სავარაუდოდ, 2023-ის ბოლოს გადაწყდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის საკითხი

13 ივლისი, 2022 • 1803
სავარაუდოდ, 2023-ის ბოლოს გადაწყდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის საკითხი

ევროკომისია, სავარაუდოდ, საქართველოსთვის განსაზღვრული 12 კრიტერიუმის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წლის ოქტომბრისთვის მოამზადებს.

დღეს, 13 ივლისს, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების მთავარი დირექტორატის (DG-NEAR) წარმომადგენელმა, მიხაელ რუპმა, ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკომისია „2023 წლისთვის“ მოამზადებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკომისიის მიერ გაწერილ 12 რეკომენდაციას, – ნაცლვად 2022 წლის დეკემბრისა, როგორც ეს მანამდე იყო განსაზღვრული.

მიხაელ რუპს 2023 წლის კონკრეტული თარიღი არ დაუზუსტებია.

„ნეტგაზეთს“ ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ინფორმირებული წყარო ეუბნება, რომ ამ განრიგით საქართველოზე „გაფართოების შესახებ ანგარიში“, სავარაუდოდ, მომზადდება 2023 წლის ოქტომბრისთვის, “თუ პროცესი არ დაჩქარდება”. სწორედ 2023 წლის დეკემბერში გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც უკვე გადაწყდება, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

(DG-NEAR) წარმომადგენელმა, მიხაელ რუპმა განმარტა, რის გამო გადაწიეს აღნიშნული ვადა:

„ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლიტიზებისას, საერთო მაგიდასთან დაჯდომისას, რათა სიღრმისეულად იმუშაონ რეფორმებზე.

ასე რომ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტებები 2023 წლისთვის.

ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე”, – განაცხადა მან.

2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2022 წლის 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო,  უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭია კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – ევროპული პერსპექტივა;

ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადად თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერი დაასახელა – მიუთითა, რომ ევროკომისია „მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და გააკეთებს მოხსენებას 2022 წლის ბოლოსთვის“.

აღსანიშნავია ისიც, რომ უახლოეს მომავალში, 2022 წლის 6 სექტემბერს, დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. ხოლო, როგორც ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა დოროთა დლუხი სულიგამ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის (EEAS) წარმომადგენელმა, EEAS და კომისია აგვისტოს ბოლოსთვის გამოაქვეყნებენ ასოცირების შეთანხმების დანერგვის შესახებ ანგარიშს.

მასალების გადაბეჭდვის წესი