კომენტარი

არც ერთ ოლიგარქს, არსად უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც ივანიშვილი ასრულებს – კორტნი

6 ივლისი, 2022 • 2689
არც ერთ ოლიგარქს, არსად უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც ივანიშვილი ასრულებს – კორტნი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი აცხადებს, რომ არც ერთ ოლიგარქს, არსად  უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ასრულებს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, დეოლიგარქიზაცია საქართველოში გულისხმობს გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და გარკვეული გაგებით, ეს უკავშირდება ივანიშვილის გადაჭარბებულ პოლიტიკურ როლს.

„როლთან, რომელსაც იქამდე სააკაშვილი თამაშობდა. დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, რომლებმაც გადაჭარბებული როლი შეასრულეს. უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც, მაგალითად, ივანიშვილი ასრულებს.

ასე რომ, დეოლიგარქიზაცია ნამდვილად გულისხმობს საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტერესებზეა დაფუძნებული და არა ინდივიდებზე, პიროვნებებზე. მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიებს აქვთ კონსერვატიული, ლიბერალური პარტიები. საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები პიროვნებებზე, ინდივიდებზე დგას. ინსტიტუციურად ეს ნაკლებად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა“, – ამბობს კორტნი.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს, რომლის ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი