კომენტარი

პრემიერის გამოსვლა აჩვენებს, „ოცნება“ არ აპირებს პირობების დაკმაყოფილებას — კორნელი კაკაჩია

23 ივნისი, 2022 • 1963
პრემიერის გამოსვლა აჩვენებს, „ოცნება“ არ აპირებს პირობების დაკმაყოფილებას — კორნელი კაკაჩია

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელის, პროფესორ კორნელი კაკაჩიას მოსაზრებით, 22 ივნისს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, და თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს წლობით ლოდინი მოუწევს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 22 ივნისს პარლამენტში იმყოფებოდა, სადაც წლიური ანგარიში უნდა წარედგინა. თუმცა მისი გამოსვლა ფოკუსირებული იყო დაპირისპირებაზე: მოიცავდა ოპოზიციონერების „მოღალატეობაში“ დადანაშაულებას, უკრაინის ხელისუფლების წევრებისთვის და დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში დადანაშაულებას, „საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ“ რიტორიკის გაგრძელებას და ა.შ.

იმ დროს, როდესაც ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განხილულ იქნას მას შემდეგ, რაც იგი გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს, ამავე დროს, მოუწოდებს საქართველოს „პოლიტიკურად გაერთიანებისკენ“, – რა მესიჯს უგზავნის ღარიბაშვილის კონფრონტაციული რიტორიკა ევროპულ საბჭოს, რომელმაც 24 ივნისს უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით? „ნეტგაზეთმა“ ეს კითხვა დაუსვა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელს, პროფესორ კორნელი კაკაჩიას.

„გუშინდელი გამოსვლიდან ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ ისწავლა. მისი რიტორიკა იგივეა – ანტიევროპული, მიმართული საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ, მათი გაუცხოებისკენ.

მიუხედავად განცხადებისა, რომ „ყველაფერს იღონებენ, რათა რაღაცნაირად ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილონ“, ჩვენ ხელისუფლების ქცევაში რეალურად ვერაფერს ვხედავთ საიმედოს, რასაც შეიძლება ჩაეჭიდოს ან სამოქალაქო საზოგადოება, ან მედია, ან თუნდაც ევროკავშირი.

რასაც ჩვენ ვხედავთ, არის კონფრონტაციული რიტორიკის გაძლიერება იმის ნაცვლად, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია და ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზსნესსექტორის ჩართულობით, იმუშაოს და წლის ბოლომდე გაწეროს გეგმა, როგორ შეიძლება შესრულება თუ ყველა მოთხოვნისა არა, ევროკომისიის გაწერილი მოთხოვნების ნაწილის მაინც. ამის ნაცვლად ვხედავთ სრულიად საპირისპიროს.

გასაგებია, რომ შესაძლოა, ყველაფერი ვერ შესრულდეს, მაგრამ მცდელობაც კი ხელისუფლების მხრიდან, იმის თქმაც კი, რომ მზად არიან დათმობაზე წასასვლელად, იქნებოდა სწორი სიგნალი ევროკავშირისთვის. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს არ გვაქვს საფუძველი იმისა, ვიფიქროთ, რომ ხელისუფლებას სწორად ესმის ეს საკითხი.

პირიქით, რასაც ვხედავთ, საერთოდ სხვანაირად განმარტავენ „დეოლოგარქიზაციას“ და ცდილობენ, ეს და სხვადასხვა საკითხი თავიანთ თავზე მოირგონ.

ბუნებრივია, გვესმის, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის, დეპოლარიზაციისა და სხვა მოთხოვნების შესრულებისას საჭიროა ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა, თუმცა ამის სურვილი არ არსებობს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არავის არ მოსწონს პოლარიზაცია და სურთ მისი დასრულება, მაგრამ ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა დაასრულონ პოლარიზაცია არსებული ოპოზიციის პირობებში. კორნელი კაკაჩია ამასთან დაკავშირებით ამბობს:

„ჩვენ გვაქვს შემდეგი მოცემულობა: მოსწონთ თუ არ მოსწონთ, გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც გვყავს; და გვყავს ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებას მოსწონს თუ არ მოსწონს. ეს მოცემულობაა – გვყავს ეს ხალხი, ვინც გვყავს. ჩვენ ხელოვნურ ოპოზიციას ვერ შევქმნით, ისევე, როგორც ხელოვნურად ხელისუფლებას.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად განსხვავებებისა პარტიებს შორის, მიუხედავად პიროვნული დაპირისპირებებისა, უნდა ვიმუშაოთ იმ ხალხთან, ვინც გვყავს. კარგი და სტრატეგიული აზროვნების მქონე ხელისუფლება აუცილებლად გამონახავდა გზებს, მათ შორის, ევროპელ პარტნიორებთან ჩართულობით, გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად, თუნდაც პოლარიზაციის შესამცირებლად.

პოლარიზაციის დასრულება, შეიძლება, შეუძლებელია დღევანდელ პირობებში, მაგრამ მისი შემცირება ნამდვილად არის შესაძლებელი, რაც იქნებოდა სწორი სიგნალი ამ ხელისუფლების მხრიდან.

მაგრამ უბრალოდ სურვილი არ არის ამის, და პირიქით, ყველაფერს საპირისპიროს აკეთებს. [ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება ნიშნავს, რომ] „ქართულმა ოცნებამ“ უარი უნდა თქვას ხელისუფლების ერთპარტიულ მონოპოლიზაციაზე, რაც დღეს გვაქვს.

და, როგორც ვხედავთ, მზად არ არიან ამისთვის, ისევე, როგორც ოლიგარქიული სისტემის და სხვა ბერკეტებისგან განთავისუფლებისთვის.

ყველაზე კარგი გზა იქნებიდა, ჩაერთოთ ოპოზიცია და მომხდარიყო ხელისუფლების გაყოფა სხვადასხვა შტოებში. საამისოდ უამრავი გზა არსებობს, მთავარია მონდომება.

არათუ ასეთი მოწინააღმდეგეები, ისტორიას ახსოვს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული პიროვნებები როგორ იყვნენ ეროვნული თანხმობის მთავრობაში სხვადასხვა ქვეყანაში.

გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება საამისოდ. და ეს ნება არ ჩანს და არ არის ხელისუფლებაში.

პრობლემა ის არის, რომ, როგორც ჩანს, მათ [„ოცნების“ ლიდერებს] არც სურვილი აქვთ და არც რესურსი, რაღაცნაირად ჩართონ სხვადასხვა აქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროკავშირთან მიმართებაში.“

კორნელი კაკაჩიას მოსაზრებითვე, თუ ასე გაგრძელდა, თუ „ქართული ოცნება“ დროზე გონს არ მოეგო და ეს თავისი მიდგომები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასე ქვეყნის გარეთ, არ შეცვალა, სავარაუდოდ, „მოგვიწევს რამდენიმე წელიწადი ლოდინი, – ალბათ, არჩევნების შემდგომ, მომდევნო ხელისუფლებას მოუწევს ამ ყველაფრის შესრულება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი