საზოგადოება

როგორც შეიცვალა “ოცნების” რიტორიკა ბრიუსელთან “დალაგებიდან” “ჩანაცვლებამდე”

25 აპრილი, 2025 •
როგორც შეიცვალა “ოცნების” რიტორიკა ბრიუსელთან “დალაგებიდან” “ჩანაცვლებამდე”

„ქართული ოცნება“, რომელიც არჩევნებამდე ამბობდა, რომ ურთიერთობები ყველასთან უნდა დაელაგებინათ, მათ შორის, მათ მიერვე გამოგონილ „გლობალურ ომის“ პარტიასთან, ახლა ევროპის პოლიტიკური ელიტის ჩანაცვლების საჭიროებაზე საუბრობს.

„ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის დაარსებიდან 13 წლისთავზე გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრისას იმედები დაამყარა სწორედ „ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიის“ შეცვლაზე.

ამ განცხადებამ გააჩინა კითხვა, ნიშნავს თუ არა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმას, რომ პარტიას ევროკავშირის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გამოსწორების იმედი აღარ აქვს და, შესაბამისად, პროევროპული კურსის მხარდამჭერ ამომრჩეველს იმედის სახით ევროკავშირის დღევანდელი მმართველების შეცვლას სთავაზობს.

რას ამბობდა „ოცნება“ არჩევნებამდე

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭება მოჰყვა, პარტია წინასაარჩევნოდ ირწმუნებოდა, რომ ურთიერთობებს ყველასთან დაალაგებდნენ, მათ შორის, მათ მიერვე გამოგონილ მტერთან – „გლობალურ ომის პარტიასთან“.

„ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთანაც, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები, ინტერესები არის დროებითი, ინტერესები იცვლება ვითარების ცვლილებასთან ერთად, მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და, შესაბამისად, გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება ყველასთან და ყველაფერთან“, – აცხადებდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოქტომბრის დასაწყისში.

„ჩვენს პარტნიორებთან, შესაძლოა, გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომლებზეც ვთანხმდებით, გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ევროპასთან. შეიძლება, იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც არ ვთანხმდებით, ამას სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ეს გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ“, – აცხადებდა ივნისში „ქართული ოცნების“ იმჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.

თუმცა პრობლემური არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობები არათუ დალაგდა, არამედ კიდევ უფრო გამწვავდა და მომატებული კრიტიკის საპასუხოდ 28 ნოემბერს „ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს აღარ დააყენებდა.

არჩევნების შემდეგ, დასავლეთთან გაფუჭებულ ურთიერთობებთან ერთად, „ოცნების“ გამოგონილ მტრად დარჩა „გლობალური ომის პარტიაც“, რომელსაც სახელი „დიფ სტეიტით“ შეუცვალეს.

21 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში „ოცნებამ“ „ევროპული ბიუროკრატია შანტაჟსა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობაში“ დაადანაშაულა და განაცხადა:

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია დღესაც საქართველოს შანტაჟითა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დროისთვის ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიაც ღირსეული, დამოუკიდებელი და ევროკავშირისა და ევროპის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლდება“.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს და აღარ აქვს იმედი, რომ ბრიუსელთან ურთიერთობების გამოსწორებას შეძლებს – ამ კითხვაზე პასუხის მიღება ვცადეთ „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგარეო მიმართულებით მომუშავე დეპუტატებთან – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილთან, თუმცა ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხეს.

კიდევ ერთი კითხვა, რომელსაც „ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება ტოვებს, არის ის, თუ რაზე დებს ფსონს „ქართული ოცნება“ და როგორი ევროკავშირი სურს მას? ვინაიდან იმ ევროპელი პოლიტიკოსების დღის წესრიგში, ვისზეც „ოცნება“ იმედებს ამყარებს, არათუ ევროკავშირის გაფართოება, არამედ ზოგიერთი თავის ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანასაც კი განიხილავს.

ვინ არიან „ოცნებისთვის“ საიმედო ძალები ევროკავშირში?

ევროპის პოლიტიკური ელიტის შეცვლაზე საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალი არ არის. ამის შესახებ მმართველ პარტიაში მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც დემოკრატიული უკუსვლის ფონზე ბრიუსელში „ქართული ოცნების“ კრიტიკამ იმატა. თავდაპირველად „ოცნებაში“ ფსონს ევროპარლამენტის არჩევნებზე დებდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მათი კრიტიკოსები „წარმავალი“ დეპუტატები იყვნენ, რომლებიც მალე ჩანაცვლდებოდნენ.

თუმცა „ოცნების“ იმედები არ გამართლდა, მისი კრიტიკოსების ძირითადი ნაწილი ევროპარლამენტში კვლავ მოხვდა,  ევროპარლამენტიდან ავტორიტარიზმის გზაზე დამდგარი პარტიის კრიტიკა კი არ წყდება.

ამასთან, განსხვავებით წინა მოწვევისაგან, ამჟამინდელ ევროპარლამენტში „ოცნებას“ ოფიციალური პარტნიორიც არ ჰყავს. თუკი წინა მოწვევაში „ქართული ოცნების“ ოფიციალური პარტნიორი ევროპარლამენტის სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი „სოციალ-დემოკრატები“ იყვნენ, საიდანაც გარიცხვამდე გავიდნენ, ახლა პერმანენტული კრიტიკის ფონზე  მმართველ პარტიას ძირითადად ულტრამემარჯვენე პარტიების წარმომადგენლები ესარჩლებიან.

ასე რომ, დღეს „ქართული ოცნება“ მეტ-ნაკლებად თანხვედრაშია ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური „სუვერენულ ერთა ევროპისა“ (ESN) და „პატრიოტები ევროპისთვის“ (PfE) პოლიტიკური ჯგუფების ნარატივებთან და იმედოვნებენ, რომ ეს ძალები „დროთა განმავლობაში ევროპული ღირებულებების ტრაექტორიას აცდენილი ტენდენციის შეჩერებას“ შეძლებენ.

თუმცა საკითხავია, რამდენად პასუხობს ამ ძალების გაძლიერება „ოცნების“ ჯერ კიდევ ფორმალურად გაცხადებულ მიზანს –  ევროკავშირში გაწევრიანებას, ვინაიდან ეს პარტიები და მათი წარმომადგენლები ევროსკეპტიკოსები არიან და ღიად საუბრობენ, რომ ევროკავშირს ახალი წევრები არ სჭირდება.

„მიგვაჩნია, რომ ევროკავშირი უკვე ძალიან გაფართოვდა და ახალი წევრები არ უნდა მიიღოს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი გაყინულია და საქართველოსთვის გადახდილი თანხები უკან დაბრუნდება“, — ეს განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ გერმანელ ევროპარლამენტარს, „სუვერენულ ერთა ევროპის“ (ESN) ჯგუფის წევრს, ალექსანდერ სელს ეკუთვნის.

ულტრამემარჯვენე „სუვერენულ ერთა ევროპა“ (ESN), რომელშიც დომინანტია პრორუსული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ყველაზე პატარა პოლიტიკური ჯგუფია ევროპარლამენტში. სწორედ AFD-ს წევრია ალექსანდერ სელიც. თავის მხრივ, AfD -ს არათუ ევროკავშირის გაფართოება, არამედ გერმანიის ევროკავშირიდან გასვლა სურს და ეს მისი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო.  AfD  „ქართულ ოცნებას“ არა მხოლოდ ევროპარლამენტში, არამედ ეროვნულ დონეზეც, გერმანიის ბუნდესტაგშიც ექომაგება.

თუმცა ევროპაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები ჯერჯერობით ვერც ევროკავშირის და ვერც ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენენ, თუ არ ჩავთვლით უნგრეთის და სლოვაკეთის სამთავრობო პარტიებს. ამასთან, „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის განუწყვეტელი კრიტიკა დღეს არა მხოლოდ ევროპარლამენტიდან, არამედ ევროკავშირის ყველა ინსტიტუციიდან, მათ შორის ევროკომისიისგანაც ისმის. ამიტომ, „ქართული ოცნება“ „ევროპული ბიუროკრატიის“ ჩანაცვლებაზე ალაპარაკდა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორის, პროფესორი კორნელი კაკაჩიას განცხადებით, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, ერთი მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გინდოდეს, მეორე მხრივ კი, შენი მოკავშირეები ის ძალები იყვნენ, რომლებიც თავიდანვე ეწინააღმდეგებიან კავშირის გაფართოებას.

როგორც კორნელი კაკაჩია ნეტგაზეთთან ამბობს, „ქართული ოცნება“ ვერ ბედავს პირდაპირ თქვას, რომ მას დღევანდელი სახით ევროკავშირი არ აინტერესებს, თუმცა, რეალური ქმედებებით, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, სრულიად სხვა მიმართულებით  მიდის.

მისი თქმით, დღეს „ოცნებისთვის“ საინტერესოდ ისეთი გაერთიანებები გამოიყურება, როგორიც, მაგალითად,  ევრაზიული კავშირია, რომელსაც რუსეთი დიდი ხანია პოპულარიზაციას უწევს და სადაც დემოკრატია და ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი არაა.

„ოცნების“ განცხადებას  2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების მზაობის შესახებ რუსეთშიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ 2030 წლისთვის შეიძლება არც არაფერი იყოს გასაწევრიანებელი.

„როცა კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე იყო მსჯელობა, დიდი სიამოვნებით მიიღებდნენ იმ პასუხს, რომ ევროკავშირს ეთქვა უარი.  მაშინ იტყოდნენ, რომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ და თვითონ ევროკავშირი არ არის მზადო, მაგრამ ეს არ გამოვიდა, რადგან საბოლოოდ  ევროკავშირმა გადაწყვიტა ქართველი ხალხისთვის მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ახლა ცოტა გაუჭირდათ ამ თვალსაზრისით მაგ რიტორიკის შემობრუნება, რადგან ევროკავშირმა თავის პირველი ნაბიჯი გადმოდგა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები ყოველთვის აცხადებენ, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიულ განვითარებას, რისი ნიშანიც დღეს, სამწუხაროდ, არ არსებობს“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

როგორც კორნელი კაკაჩია ამბობს, იმის გამო, რომ დღეს საერთაშორისო კონტექსტი იცვლება, ბევრი რაღაც განუჭვრეტელი გახდა „ქართული ოცნებისთვისაც“.  მისი თქმით, ახლა „ოცნება“ ცდილობს დასწრებაზე იმუშაონ.

„საერთაშორისო პრესას თუ გადავხედავთ, ყველა მიხვდა, რომ ეს არის ავტოკრატიული ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის საკუთარი ხალხის ევროპული მისწრაფებების აღსრულებას. ახლა უნდათ ეს აზრი რაღაცნაირად შეცვალონ, თითქოს ხელისუფლება კი არ არის წინააღმდეგ ევროკავშირში გაწევრიანების, არამედ ევროკავშირში არ არის ჯერ პირობები, ანუ ევროკავშირმა უნდა შეასრულოს „ქართული ოცნების“ მოთხოვნები. ევროკავშირი ხომ კანდიდატ ქვეყნებს უწესებს გაწევრიანების პირობებს და „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ პირიქით, იქით ვუწესებთ პირობებს, როგორი უნდა იყოს ევროკავშირი“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

თუმცა კორნელი კაკაჩიას თქმით, საქართველო იმ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა არაა, რომელსაც შეუძლია ევროკავშირს თავისი პირობები უკარნახოს და იმისათვის, რომ გაერთიანებაში გაწევრიანდეს, მას წესების შეცვლა მოსთხოვოს.

მისი თქმით, იმ პირობებში, როცა საქართველო იზოლაციაშია და ევროკავშირი მას ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილად აღარ მოიაზრებს, ულტიმატუმის წამოყენება არარეალისტურია.

„არ ვიცი, ასეთი ამბიცია საიდან გაჩნდა, რომ ევროკავშირში რაღაც შეიცვლება. 27 სახელმწიფოში უნდა შეიცვალოს სიტუაცია იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ დათანხმდეს, გაწევრიანდეს თუ არა. ჯერ ერთი, ჩვენ არ ვიცით, მომავალ წლებში რა მოხდება, მათ შორის საქართველოში საერთოდ დარჩება თუ არა ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“, მით უმეტეს, ევროპაში რა მოხდება. ასეთი ულტიმატუმებით ხედვა აბსოლუტურად აცდენილი არის რეალობას.

საქართველოში სულ რომ ეკონომიკური სასწაული მოხდეს, იმ პირობებში, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, როცა რეპრესიებია, ქვეყანა ავტორიტარიზმის გზაზეა და არავითარი ნიშანიც კი არ ჩანს, რომ რამე შეიცვლება, ფაქტობრივად, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ არის განწყობილი ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ პირობებში არ ვიცი, საქართველო როგორ შეძლებს ევროკავშირთან [ურთიერთობის გაუმჯობესებას], მით უმეტეს, რომ ევროპაში კონსოლიდაციის პროცესი მიმდინარეობს ამერიკაში ტრამპის მოსვლის შემდეგ“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

ამასთან, კორნელი კაკაჩია პარალელს ავლებს „ქართული ოცნების“ მიერ აშშ-ში დონალდ ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებით შექმნილ მოლოდინებზე. მისი თქმით, „ოცნების“ მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართ  რაღაცას შეცვლიდა, არ გამართლდა.

ამიტომ, მისი თქმით, თუნდაც ყველაზე ევროსკეპტიკოსი მთავრობები მოვიდნენ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ესეც არ არის იმის გარანტია, რომ იდეოლოგიური გზავნილების დამთხვევების მიუხედავად, „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ პოზიციები შეიცვლება.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნებს აქვთ ასევე ეროვნული ინტერესები და ხშირად ევროკავშირის და ევროპული სახელმწიფოების ინტერესები სწორედ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და სხვა რაღაცებზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს შეიძლება „ქართული ოცნებისთვის“ მეათეხარისხოვანი საკითხი იყოს, იმ მემარჯვენე პარტიებისთვისაც კი მიუღებელია ისეთი რაღაცები, რაც საქართველოში ხდება“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი