პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირისგან სამართლიანი და არასამართლიანი პირობები არ არსებობს და თუ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე სიარული სურს, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ პირობები და პირობითობა მთავარი საკითხი იქნება.
ამის შესახებ მან ნეტგაზეთთან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც მას შემდეგ ჩავწერეთ, რაც მისივე თანაგუნდელმა, „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ თუ ქვეყანა ევროკავშირის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, მასზე უარი უნდა თქვას.
როგორც ინტერვიუს დროს სამხარაძემ გვითხრა, ხუნდაძის განცხადება ნანახი არ ჰქონდა, ამიტომ თანაგუნდელის სიტყვები ინტერვიუს დაწყებამდე ჩვენ გავაცანით.
თუ იზიარებთ დიმიტრი ხუნდაძის განცხადების შინაარსს და როგორ შეაფასებდით მას?
რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. თუ ეს კანდიდატის სტატუსი იქნება პირობებით, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ხშირად ხდება ხოლმე. ევროკავშირის გაფართოების ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს, როდესაც გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ გადადის ქვეყანა შემდეგ ეტაპზე და, შესაბამისად, ეს არ იქნება რაიმე ახალი და უსამართლო პირობები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პირობები იქიდან გამომდინარე იქნება, რაც ჩვენ ასოცირების დღის წესრიგში გვაქვს გაწერილი. ამიტომ, ამ მხრივ, მე ველი, რომ თუ იქნება პირობები, ეს იქნება ის პირობები, რომელიც ასოცირების დღის წესრიგშია.
ერთია, რას ელით თქვენ, მაგრამ თუ უშვებთ, რომ ისეთი პირობები წამოგიყენონ, რის გამოც შეიძლება ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსზე უარი თქვას?
არა, არ ვუშვებთ. რასაც ბოლო გაფართოებების ისტორიაში ვხედავთ, არის ის პირობები, რომლებიც ევროკავშირის კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვს. შესაბამისად, ამათი დიდი ნაწილი ისედაც გაწერილია ასოცირების დღის წესრიგში და ამიტომ, თუ იქნება რაიმე პირობები, მე არ ველოდები, რომ ეს რაიმე განსხვავებული იქნება იმისაგან, რაც ისედაც გვაქვს ნაკისრი.
თქვენი თანაგუნდელები ამბობენ, რომ დიმიტრი ხუნდაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის გამო თავისი ემოცია გამოხატა. თქვენი აზრით, ევროპარლამენტის რეზოლუციას რა ისეთი პირობების მოლოდინი შეიძლება გაეჩინა ხუნდაძისთვის, რომ მას ეს განცხადება გააკეთებინა – თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, მაშინ მასზე უარი უნდა ვთქვათო…
მე არ ვიცი, მან ეს რა კონტექსტში თქვა ან კითხვა როგორ დაუსვეს და ა.შ. ამიტომ მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ [რედ. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნული განცხადება საკუთარი ინიციატივით IPN-ს წერილობით მიაწოდა]. მე იმის თქმა მინდა, რომ ევროკავშირისგან სამართლიანი და არასამართლიანი პირობები ამ შემთხვევაში არ არსებობს, ევროკავშირს აქვს გარკვეული პირობები დაწესებული და ნებისმიერი ქვეყანა გადადის შემდეგ ეტაპზე ამ პირობების შესრულების შემდეგ. მე მაქვს მოლოდინი, რომ კანდიდატის სტატუსის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუ ამას რაიმე პირობები მოჰყვება, ამისიც არ გვეშინია. იმიტომ, რომ ეს პირობები, სავარაუდოდ, იქნება იგივე, რაც ჩვენ ისედაც გვაქვს ასოცირების შეთანხმებით. დამატებით ახალ პირობებს ევროკავშირი არ მოითხოვს… შემდეგ, თითოეულ ეტაპზე, იქნება ეს მოლაპარაკებების დაწყების თუ თითოეული თავის დახურვის ეტაპი, ეს პირობები ყოველთვის იქნება.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ და მთელმა საზოგადოებამ უნდა გავიაზროთ, რომ თუ გვინდა ამ გზით სიარული, პირობები და პირობითობა იქნება ამ ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი საკითხი.
მაგალითად, ყველაზე ხშირად პარტნიორები სასამართლო რეფორმისკენ მოგიწოდებენ, ასევე, განაცხადის დაწერის შემდეგ ევროპარლამენტარებისგან გვესმის 19 აპრილის შეთანხმებასთან დაბრუნებისკენ მოწოდებები…
ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ინსტიტუცია და თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერი განცხადებები გააკეთონ, მაგრამ ეს არ არის ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარე. ამ შემთხვევაში ეს იქნება ევროკომისიის შეფასება და გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო. ასევე საბჭო მიიღებს პირობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.
მინდა შეგახსენოთ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ევროკავშირთან შეთანხმება არ არის და საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება იყო და ამ შეთანხმების დიდი ნაწილი ისედაც შესრულებულია უკვე. კი, ბატონო, დარჩენილია სასამართლო რეფორმა და სასამართლო რეფორმის პროცესი ახლა მიმდინარეობს და პარლამენტში სამუშაო ჯგუფი არის შექმნილი და ამაზე მუშაობა გრძელდება.
რაც შეეხება სხვა პირობებს, მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება სასამართლო რეფორმა და ამ რეფორმის განხორციელებას ჩვენ ისედაც ვაპირებთ და ეს ისედაც არის ასახული ასოცირების დღის წესრიგში ჩაწერილი და შეიძლება კიდევ რაღაც საკითხები იყოს.
რომ იყოს 19 აპრილის შეთანხმებასთან დაბრუნება ერთ-ერთი პირობა, ამის სანაცვლოდ შესაძლოა უარი თქვათ სტატუსზე?
19 აპრილის შეთანხმებას როგორ დავუბრუნდებით მთლიანად, იქ იმდენი პუნქტი ეწერა, რომელიც უკვე საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი, იგივე 43% საერთოდ აღარ არის მნიშვნელოვანი, იგივე ნიკა მელიას გამოშვება, ანუ როგორ გესახებათ ეს?
თუმცა არის პუნქტები, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელია, მაგალითად, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება, საკონსტიტუციო ცვლილებები…
საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია და რას ეხება ეს საკონსტიტუციო ცვლილებები – საარჩევნო ბარიერს. ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა საარჩევნო ბარიერი, დაწყებული 1%-იანი ბარიერიდან, დამთავრებული 5%-იანი ბარიერით. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი ჩვენ ვერ მოგვიწოდებს ისეთ რამეს, რაც მასთან არ არის სტანდარტული. ქვეყნის კანდიდატის სტატუსის შესაბამისობას არ განსაზღვრავს, რამდენპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი აქვს. ამ შემთხვევაში ვერ იქნება პირობა და ეს არის ქვეყანაზე დამოკიდებული, თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირი ამ ბარიერს ვერ დაუწესებს.
რაც შეეხება კომიტეტების გადანაწილებას, ჩვენ ამაზე თანახმა ვიყავით, თუმცა შემდეგ ოპოზიციამ არ მოინდომა ამ პასუხისმგებლობის აღება. ახლა გვესმის საუბრები, რომ ვიღაცებს პარლამენტის დატოვება სურთ. ასეთ ვითარებაში, როცა სულ ისმის საუბარი, რომ პარლამენტიდან უნდა გავიდნენ, ვერ წარმომიდგენია კომიტეტების გადანაწილება. თუმცა, თუ პარლამენტში კონსტრუქციული მუშაობის სურვილი ექნებათ ჩვენს ოპონენტებს, მაშინ ამაზე კიდევ ერთხელ დაიწყოს დისკუსიები. თუმცა ამ მოცემულობით ამას ვერ ვხედავ.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ხშირად აკეთებენ პარტნიორები განცხადებას, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თქვენ თუ ელით, რომ ეს საკითხი იყოს ერთ-ერთი პირობა, მაგალითად, მასთან საერთაშორისო ექსპერტების დაშვებისკენ მოგიწოდონ? ელით ამას?
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთი რომელიმე მოქალაქის საკითხი ვერ დადგება მთელი ქვეყნისთვის პირობად. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა-გადმოყვანის საკითხი, ეს არის ქვეყნის შიდა საქმე. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ კანონი იყოს აღსრულებული და კანონი არ დაირღვეს და მას გაეწიოს ისეთი სამედიცინო მომსახურება, როგორსაც ეს საჭიროებს. თუმცა, ეს კანდიდატის სტატუსის განმსაზღვრელი პირობა ვერ გახდება.
ბოლოს, ცალსახა რომ იყოს, თქვენ გამორიცხავთ, რომ ქვეყნის ევროპული კურსი გადაიხედოს? ხუნდაძის პოზიცია უნდა აღვიქვათ მმართველი გუნდის პოზიციად?
რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ ვიცი, რა არის ხუნდაძის პოზიცია, არ ვიცი, მას რა კონტექსტში დაუსვეს ეს კითხვა, შესაბამისად, მე გითხარით, ჩვენი გუნდის პოზიცია რაც არის, შეგიძლიათ ის ჩათვალოთ, რაც მე გითხარით ამ ინტერვიუს მანძილზე.