კომენტარი

ვანო ჩხიკვაძის განმარტება პოტენციური კანდიდატის სტატუსზე

27 მაისი, 2022 • 2123
ვანო ჩხიკვაძის განმარტება პოტენციური კანდიდატის სტატუსზე

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე გამოეხმაურა ბრალდებებს, რომელიც მმართველი გუნდიდან მის მიერ მოსაზრების გამოთქმას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროკავშირის პოტენციური კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

ჩხიკვაძის შეფასებით, კარგი იქნებოდა, რომ მის მოსაზრებას მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობა გამოეწვია და არა ლანძღვა.

“ეს ჩემი პირველი გამოხმაურებაა ამ თემაზე და მინდა, რომ მკაფიოდ ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია. თუკი ავიღებთ საქართველოს მოქალაქე ვანო ჩხიკვაძეს, მისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის ოცნება, ეს არის ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის უდიდესი ოცნება, სურვილი და ა.შ”, – განაცხადა ჩხიკვაძემ ილიას სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე.

მეორე მხრივ, ანალიტიკოსის თქმით, მისთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებს იკვლევს, ნათელია, რომ დღეისათვის EU-ს შიგნით არ არსებობს კონსენსუსი საქართველოსთვის პირდაპირ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. მისი თქმით, აქ საგულისხმოა ის თუ როგორ გაუარესდა ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა საქართველოში ბოლო 3 წლის განმავლობაში.

“5 ივლისი, მოსამართლეების დანიშვნა, რომელსაც უამრავი კრიტიკა მოჰყვა ყველასგან, ვინც ჩვენი კეთილისმოსურნეა, სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის შექმნა/გაუქმება/გარდაქმნა, ყოფილი პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილი] დაკავება და საპყრობილეში მისდამი მოპყრობა, დამოუკიდებელი მედიასაშუალების წარმომადგენლის [ნიკა გვარამია] დაკავება მაშინ, როდესაც სასამართლო არ გვაქვს დამოუკიდებელი და ა.შ. ეს არის ერთი ლიმიტი, რაც არსებობს ქვეყნის შიგნით. მეორე ლიმიტი არსებობს ევროკავშირის შიგნით. EU-ში დღეს არ არის თანხმობა იმაზე, რომ საქართველომ და თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინამ და მოლდოვამაც კი ავტომატურად მიიღონ კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ვბრაზდებით თუ ასე შემდეგ, ეს სხვა ამბავია, მაგრამ რეალობა არის ასეთი”, – განაცხადა ჩხიკვაძემ და დასძინა:

“ამის გამო მე არა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, არამედ ადამიანი, რომელიც ამ პროცესს ვუყურებ, ვფიქრობ, რომ თუკი კანდიდატის სტატუსზე [კონსენსუსი] არ არის, ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი, რომელიც თეორიაშიც და პრაქტიკაშიც არსებობს”, – განაცხადა მან.

ივნისის პირველ ნახევარში ევროკომისია საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსაზრების დოკუმენტს წარადგენს, რომელზე დაყრდნობითაც მოგვიანებით გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს.  არსებობს 5 შესაძლო პასუხი, რომელიც საქართველომ ბრიუსელიდან შეიძლება მიიღოს:

  1. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებითი პირობებისა და ვალდებულებების გარეშე [საუკეთესო ვარიანტი]
  2. კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუმცა დამატებითი პირობებით და ვალდებულებებით [რიგით მე-2 საუკეთესო ვარიანტი]
  3. პოტენციური კანდიდატის სტატუსი
  4. ჩანაწერი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, იგივე ევროპული პერსპექტივა
  5. გადაწყვეტილების მიღების გადადება [ყველაზე ცუდი ვარიანტი]

პოტენციური კანდიდატის სტატუსი, რაზეც ჩხიკვაძე საუბრობს, გულისხმობს ისეთ შემთხვევას, რა დროსაც საქართველოს ექნება კონკრეტულ თარიღამდე დამატებითი პირობების შესრულების ვალდებულება, რომელთა წარმატებით შესრულების შემთხვევაში, ევროპული საბჭო იქნება მზად იმსჯელოს ქვეყნისთვის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ. ანუ ფორმულა ამგვარია, თუ ქვეყანა გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს, რაღაც დროის შემდეგ მას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ.

ნეტგაზეთის რამდენიმე ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოსთვის ეს ყველაზე მოსალოდნელი სცენარია. 

მსგავსი გადაწყვეტილება ევროკომისიამ, შემდეგ კი ევროსაბჭომ მიიღო ალბანეთის შემთხვევაში.

ტირანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს გააკეთა, რის შემდეგაც, ევროკომისიამ თავის მოსაზრების დოკუმენტში განაცხადა, რომ მანამ, სანამ გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები დაიწყებოდა, ალბანეთს უნდა დაეკმაყოფილებინა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობისთვის აუცილებელი მოთხოვნები, კერძოდ, უნდა დაკმაყოფილებულიყო 12 ძირითადი პრიორიტეტი, მათ შორის, იყო პარლამენტის გამართული მუშაობა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით, ომბუდსმენისა და მოსამართლეების დროულად დანიშვნა, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და არჩევნების ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარება, საჯარო სამსახურის დეპოლიტიზაცია, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება, ციხეებში შესაბამისი პირობების შექმნა და სხვა.

2013 წელს ევროკომისიამ ალბანეთის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მიღწეული პროგრესის შესახებ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზგასმული იყო, რომ 2013 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანობაში ჩატარდა შეუფერხებლად და მოწესრიგებულად.

საბოლოოდ ალბანეთმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2014 წელს მიიღო, ხოლო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროსაბჭომ გადაწყვეტილება 2020 წელს დააფიქსირა.

ვანო ჩხიკვაძის თქმით, თუ კანდიდატის სტატუსზე EU-ში კონსენსუსი არ შედგება, პოტენციური კანდიდატის სტატუსის შემდეგ ე.წ. ევროპული პერსპექტივა, მოდის, რაც ამ კონკრეტულ სიტუაციაში პოტენციური კანდიდატის სტატუსზე უარესი ვარიანტია.

“ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და ადამიანისთვის, ვინც ამ თემებზე მუშაობს და გულშემატკივრობს, მაქსიმუმი, მოთხოვნა და ყველაზე საინტერესო იქნება, კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ ამაზე კონსენსუსი არ არის იმის გამო, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა ამას არ თანხმდება. სამწუხაროდ, ამას ჩვენ დიდად ხელს არ ვუწყობთ, რადგან ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები. [პოტენციური კანდიდატის სტატუსი] ეს არის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი ევროკავშირის შიგნით”, – თქვა ვანო ჩხიკვაძემ.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სოროსის ფონდის თბილისის ოფისი „ომის პარტიის“ ერთ-ერთ დანამატადაა გადაქცეული.

ამის შესახებ მან დღეს, 27 მაისს, ჟურნალისტებთან ისაუბრა. კობახიძეს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელის ვანო ჩხიკვაძისა და ბიოლის ფონდის რეგიონული დირექტორის, სონია შიფერსის სტატიაზე ჰკითხეს, სადაც ისინი ამბობენ, რომ საქართველოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

„სამწუხაროდ, სოროსისი ფონდის თბილისის ოფისი, არსებული ხელმძღვანელობის პირობებში, პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის ერთ-ერთ დანამატად.

ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან, ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება. როდესაც ასეთ რამეს აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთ კრიტიკულ დროს, ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რაზეც ვსაუბროთ — ისინი აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. არ ვიცი, ვანო ჩხიკვაძე თუ ვინც არის, მისი ქმედებაც არის ამ ომის პარტიის და რადიკალური ოპოზიციის გაგრძელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე გირჩევთ:

არა მარტო უკრაინამ, საქართველომაც უნდა მიიღოს EU-ს წევრობის უფლება — სოროსი

5 პასუხი, რომელიც ბრიუსელიდან შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე

მასალების გადაბეჭდვის წესი