კომენტარი

ბორჯომში წარმოების შეჩერება არის კრემლში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება — არჩილ იაკობაშვილი

30 აპრილი, 2022 • 6270
ბორჯომში წარმოების შეჩერება არის კრემლში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება — არჩილ იაკობაშვილი

ავტორი: არჩილ იაკობაშვილი

ვერ გაბედე, ხელები აგიკანკალდა ორმხრივ სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ? ეს კრემლმა აღიქვა როგორც საქართველოს სისუსტე, რომლის გამოყენების შანსს არ უშვებს ხელიდან.

„ბორჯომის“ შემთხვევაში აშკარაა, რომ კრემლი, რომლის კარის ოლიგარქიც არის „ბორჯომის“ რუსი ინვესტორი, აშანტაჟებს საქართველოს მთავრობას, რომელსაც თავის მხრივ მომდევნო დღეებში ევროკავშირის შევსებული კითხვარი აქვს ბრუსელში გასაგზავნი.

ბორჯომში წარმოების პროცესის შეჩერება არის ცალსახად კრემლში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელთან დაკავშირებითაც ლოგიკურად მრავალი შეკითხვა და ეჭვი იქნება დაკავშირებული.
დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები არ გულისხმობს წარმოების პროცესის შეჩერებას, არამედ სანქცირებული ინვესტორის ფინანსური აქტივის გაყინვას (ე.ი. შემოსავალი – დივიდენდი ვეღარ მიიღოს და რუსეთის ბიუჯეტში გადასახადი ვეღარ გადაიხადოს ომის დასაფინანსებლად)…
ნაციონალიზაცია შეიძლება გაკოტრებული ფირმის, ე.ი. სახელმწიფო არაფერს იხდის, სახელმწიფო გარანტიით კი გაკოტრებული ფირმა ნაციონალიზაციის რეჟიმში თავად იზიდავს ფეხზე წამოდგომისთვის საჭირო ფინანსურ რესურსს, მოგების ზონაში გასვლის შემდეგ კი სახელმწიფო გაყიდის მას ბაზარზე მომგებიანად, მაგრამ „ბორჯომის“ შემთხვევაში მგონია, არა კომპანიის გაკოტრებასთან, არამედ ინვესტორის სანქცირებასთან გვაქვს საქმე, რაც ორი სხვადასხვა მოვლენაა.

მგონია, რომ წარმოების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილების უკან კრემლის პოლიტიკური მოტივებია, თორემ მინერალური წყალი „ბორჯომი“ ერთ-ერთი ძირითადი მოხმარების პროდუქტია, რომლის სანქცირება დასავლეთს აზრადაც არ მოსვლია.

P.S. გამოსავალი – მოხდეს ინვესტორის აქტივის არა ნაციონალიზაცია, არამედ კონფისკაცია, სასწრაფოდ მოიძებნოს ინვესტორი ევროპაში, რომლის ასოცირებული წევრია საქართველო – ევროპაში ინვესტორის მოძებნა საჭიროა წარმოების პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად და ევროპაში საექსპორტო პოტენციალის გაზრდისთვის.

რუსეთის დამპყრობლური ომის ფონზე უკრაინაში, რომელსაც ცივილიზებული დასავლეთი მხარს უჭერს და ზურგს უმაგრებს, „ბორჯომის“ შემთხვევა ევროკავშირის ასოცირებულ წევრ საქართველოსთვის ერთგვარი ტესტია, თუ რამდენად ერთგულია და ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულებას – ე.ი. რამდენად პროევროპული და პროდასავლურია საქართველოს ეკონომიკა.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას

მასალების გადაბეჭდვის წესი