ახალი ამბებიკომენტარი

ევროპის საგარეო პოლიტიკის „ცაითენვენდე“ — პერსპექტივა „ლისაბონიდან თბილისამდე“?

27 თებერვალი, 2023 • 5971
ევროპის საგარეო პოლიტიკის „ცაითენვენდე“ — პერსპექტივა „ლისაბონიდან თბილისამდე“?

ავტორი: არჩილ იაკობაშვილი , გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი

ზუსტად ერთი წლის წინ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყება საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიქვა როგორც დამოუკიდებელ უკრაინაზე თავდასხმა და არა როგორც ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რომლის პროპაგანდასაც კრემლი წარუმატებლად შეეცადა ომის პირველ დღეებში.

მეტიც, სუვერენული უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევით რუსეთი წარმოჩნდა როგორც ევროპული უსაფრთხოების მთავარი აგრესორი ოცდამეერთე საუკუნეში.

რუსეთის აგრესიამ უბიძგა როგორც მთლიანად ევროკავშირს, ისე მის ცალკეულ წევრ- სახელმწიფოებს, გადაეხედათ მანამდე ათწლეულობით დამკვიდრებული მშვიდობიანი თანაარსებობის უკვე უპერსპექტივოდ ქცეულ შესაძლებლობაზე რუსეთის ფედერაციასთან, განსაკუთრებით, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

2022 წლის 27 თებერვალს გერმანიამ, როგორც ევროკავშირის სამხედრო-პოლიტიკურად ყველაზე მძიმეწონიანმა და ფინანსურ-ეკონომიკურად ყველაზე მსხვილმა წევრ-სახელმწიფომ, ფედერალური მთავრობის ინიციატივით გამოცხადებულ ახალ დოქტრინას უწოდა „ცაითენვენდე“ (Zeitenwende , ქართულად: „ეპოქის შეცვლა“), რომელმაც იმავე დღეს გამართულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მრავალპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა როგორც გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში, ისე — მომდევნო დღეებში ევროკავშირის მასშტაბით.

გერმანიის ახალი საგარეო-პოლიტიკური პარადიგმა „ცაითენვენდე რუსეთის მიმართ“ გულისხმობს არა უბრალოდ გადახედვას, არამედ წერტილის დასმას ე.წ. შერიგების პოლიტიკისთვის, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით 1970-იან წლებში გერმანიამ წამოიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირთან, ხოლო შემდეგ, 1990 წლიდან საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციასთან.

მეორე მსოფლიო ომის შედეგებიდან გამომდინარე, შერიგების მცდელობა მოიცავდა, ერთი მხრივ, ენერგეტიკულ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ფინანსურ ურთიერთობებს, ხოლო მეორე მხრივ, გულისხმობდა კრიტიკულ დიალოგს დემოკრატიასთან, ადამიანთა უფლებების დაცვასთან და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობასთან დაკავშირებით.

„ცაითენვენდეს“ გამოცხადებით გერმანიამ აღიარა რუსეთთან შერიგების უშედეგოდ დასრულების მწარე სიმართლე, რითაც ცდილობს საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირში, საკუთარი იმიჯის ნიველირებას.

ფაქტია, რომ არ გაამართლა „რუსეთის გამგების“ როლმა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ნატოს წევრმა გერმანიამ მოირგო საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუნდაც ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით.

რეგიონული მნიშვნელობის მიუხედავად, ზოგადად, მცდარია იმის აღქმა, რომ მერსედესის, პორშეს და ბოშის მწარმოებელ ერს აუცილებლად უნდა გააჩნდეს მსოფლიო გეოპოლიტიკური ამბიცია.

თანამედროვე გერმანია წარმოადგენს პლანეტის მტკაველს, რომელიც თავისი 350 ათასი კვადრატული კილომეტრი ფართობით თითქმის იმის ნახევარია, რაც იყო მის მიერვე წამოწყებულ მეორე მსოფლიო ომამდე, მესამედი – პირველ მსოფლიო ომამდე პერიოდის და მეოთხედი ე.წ. ვენის კონგრესამდე არსებული ე.წ. გერმანული ერების რომის საღვთო კავშირის.

რეგიონულ-ევროპული გავლენა არ არის საკმარისი, ხოლო მსოფლიო გეოპოლიტიკური ამბიციის გარეშე რუსეთთან სუბსიდარულ პრინციპებზე ურთიერთობის აგების მოლოდინი იყო ილუზორული.

მიუხედავად იმისა, რომ იმიჯის აღდგენას, ჩემი აზრით, ერთი ან შეიძლება ორი ათწლეულიც დასჭირდეს, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ გერმანია, როგორც ევროკავშირის მთავარი, წამყვანი და ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე წევრ-სახელმწიფო, დასავლურ ღირებულებებს არასოდეს უღალატებდა, რომლის არჩევანის წინაშეც ის რუსეთმა დააყენა უკრაინაზე თავდასხმით.

ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში გერმანიამ უმტკივნეულოდ შეძლო რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების განულება და, თავად ევროკავშირის შიგნით გარკვეული უთანხმოებების მიუხედავად, გერმანია დღეს მოწინავეა უკრაინისადმი უპირველესად ჰუმანიტარულ, მნიშვნელოვნად ფინანსურ და აგრეთვე ზომიერად სამხედრო მხარდაჭერაში.

ფორმულა „ლისაბონიდან თბილისამდე“ , რომლის ავტორი არის, არც მეტი არც ნაკლები, გერმანიის მოქმედი ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი, ნათლად გამოხატავს, რომ შესაბამისი წინაპირობების შესრულების შემთხვევაში საქართველოს ნამდვილად აქვს თანმიმდევრულად ჯერ კანდიდატის სტატუსის, შემდეგ მოლაპარაკებების სტატუსის და ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა.

ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური ბერლინის „ცაითენვენდე“ არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ რუსეთის მეზობელი იმ ქვეყნების სასარგებლოდ, რომელთა სუვერენიტეტს საფრთხე ემუქრება სწორედ რუსეთის მხრიდან.

ჩემი აზრით, აქ ყველაზე მთავარი დროის ფაქტორია, რაც პოტენციურ ქვეყნებს გასაგები მიზეზების გამო აღარ უტოვებს ნეიტრალური მანევრების შესაძლებლობას, არამედ დროული არჩევანია გასაკეთებელი ან რუსეთის გვერდით, ან რუსეთის წინააღმდეგ.

საქმე ის არის, რომ არა მხოლოდ ევროპამ გამოაცხადა „ცაითენვენდე“, არამედ რუსეთმაც დაიწყო ე.წ. რკინის ფარდის დაშვება.

მე-20 საუკუნის ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ევროპისგანაც იქნება მდუმარე თანხმობა რკინის ფარდის დაშვებაზე, მით უფრო, თუ რკინის ფარდა რუსეთის ინიციატივაა.

სამხედრო-პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მხარდაჭერით ევროპა მიისწრაფვის იმისკენ, რომ უკრაინა თავის რიგებში მოაქციოს, ე.ი. რკინის ფარდის დასავლეთ მხარეს.

უკრაინისგან განსხვავებით, ფარდის მხარის არჩევაში საქართველო აბსოლუტურად თავისუფალია, რაზეც, ჩემი აზრით, ნეიტრალიტეტი არის ყველაზე არაადეკვატური და ანტიდასავლური პასუხი.

ნეიტრალიტეტზე ორიენტაცია ნიშნავს საკუთარი ქვეყნის შეიძლება არა ფარდის აღმოსავლეთით, მაგრამ ყველა შემთხვევაში ფარდის ქვეშ მოქცევას, რომლის ფოჩები არც ისე მსუბუქია, არამედ პირიქით- მძიმეა, როგორც რუსეთში ჩამოსხმული ურო და ნამგალი.

როგორც გასულ საუკუნეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებებმა აჩვენა (1948 წელს ვარშავის, 1953 წელს ბერლინის, 1956 წელს ბუდაპეშტის, 1968 წელს პრაღის, 1977 წელს ვარშავის აჯანყებების ჩახშობა, აგრეთვე 1988 წელს ბუქარესტის, 1989 წელს თბილისის, 1990 წელს ვილნიუსის და ბაქოს მოვლენები), რუსეთში დამზადებული რკინის ფარდის ფოჩები ალესილ ნამგალზე მტკივნეულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი