კომენტარი

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ხსნის, რა არის საჭირო მარიუპოლის ბლოკადის გარღვევისთვის

21 აპრილი, 2022 • 10324
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ხსნის, რა არის საჭირო მარიუპოლის ბლოკადის გარღვევისთვის

უკრაინელი სამხედრო ექსპერტის, ოლეგ ჟდანოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ მარიუპოლის ბლოკადის გარღვევის და „აზოვსტალის“ მცველებისთვის დახმარების აღმოჩენის შანსი, თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით. მისი თქმით, ამისათვის უკრაინამ ჯერ დონბასში რუსეთის შეტევა უნდა მოიგერიოს და ამ ფრონტზე გამარჯვების შემთხვევაში ექნება შანსი, მარიუპოლის მიმართულებაც გაჭრას. ამისათვის კი მთავარია, რომ მარიუპოლის მცველებმა იქამდე გაძლონ, ვიდრე დონბასში ბრძოლა დასრულდება.

მარკ ფეიგინის იუთუბ არხზე, კითხვას „აზოვსტალის“ მცველების მიერ წინააღმდეგობის გაწევის და მარიუპოლის ბლოკადის გარღვევის პერსპექტივაზე, ჟდანოვმა ასე უპასუხა:

„[აზოვსტალის მცველებს] აქვთ შანსი, დონბასში ბრძოლების დასრულებამდე გაძლონ.

მათი მთავარი ამოცანა გადარჩენაა. დარჩენილი მცველებისთვის ბლოკადის გარღვევაც კი შეუდარებელი გამარჯვება იქნება. ბლოკადის მოხსნა კი დამოკიდებული იქნება დონბასის სიტუაციაზე.

ვოლნოვახადან მარიუპოლამდე დაახლოებით 90 კილომეტრია. თუ რუსეთის ჯარის შენაერთი დამარცხდება [დონბასში] და დაღლილ-დაქანცული იქნება, არის შანსი, რომ ბლოკადა გაირღვეს“.

ფეიგინის დამაზუსტებელ კითხვაზე, ყოფს თუ არა ეს 90 კილომეტრი „აზოვსტალის“ მცველებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთმანეთისგან, ჟდანოვი პასუხობს:

„დიახ… ვფიქრობ, სწორედ ბლოკადის გარღვევისთვის საჭირო სამხედროების რაოდენობისა და დანაკარგების გამო [უკრაინის] გენერალური შტაბი არ ცდილობს ბლოკადის გარღვევას.

თუკი დონბასში რუსეთის მთავარი შენაერთები დამარცხდებიან და იერიშზე გადასვლის შესაძლებლობას დაკარგავენ, მაშინ ბლოკადის გარღვევის შანსი შეიძლება იყოს“.

მარიუპოლის ბლოკადა

ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა. ამჟამად ქალაქის დიდ ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ. უკრაინული ძალები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე სამოქალაქო პირების ნაწილთან ერთად იმყოფებიან.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება, შეტევა ახალი მიმართულებებით გადაიტანოს. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

ომი უკრაინაში 56-ე დღეა მიმდინარეობს. თავდაპირველად რუსეთის მიზანს უკრაინის მთავრობის დამხობა და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება წარმოადგენდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ვერ შეძლო დედაქალაქ კიევის დაკავება, ომის ახალი ფაზა წამოიწყო და ძალები დონბასის რეგიონისკენ გადაისროლა.


იხილეთ აგრეთვე:

მასალების გადაბეჭდვის წესი