ახალი ამბები

სამოქალაქოების ნაწილი მარიუპოლს ტოვებს

20 აპრილი, 2022 • 2997
სამოქალაქოების ნაწილი მარიუპოლს ტოვებს

BBC-ის ცნობით, ალყაში მყოფ მარიუპოლში ჩარჩენილი სამოქალაქო პირების ნაწილი ქალაქს ტოვებს.

ისინი ჰუმანიტარული დერეფნის მეშვეობით უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისკენ მიემართებიან.

ამის პარალელურად, უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ჰუმანიტარული დერეფნით იმაზე ცოტა ადამიანმა შეძლო სარგებლობა, ვიდრე ისინი იმედოვნებდნენ.

მარიუპოლი უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი საპორტო ქალაქია, სადაც ომის დაწყებამდე 400 000-მდე მოსახლე ცხოვრობდა.

მოსახლეობის ნაწილმა უკვე დატოვა ქალაქი, კიდევ ერთი ნაწილი კი რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს.

ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა. ამჟამად ქალაქის დიდ ნაწილს რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.

უკრაინული ძალები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე, სამოქალაქო პირების ნაწილთან ერთად იმყოფებიან.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება შეტევის ახალი მიმართულებებით გადატანის შესაძლებლობა. გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

ომი უკრაინაში 56-ე დღეა მიმდინარეობს. თავდაპირველად რუსეთის მიზანს უკრაინის მთავრობის დამხობა და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება წარმოადგენდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ვერ შეძლო დედაქალაქ კიევის დაკავება, ომის ახალი ფაზა წამოიწყო და ძალები დონბასის რეგიონისკენ გადაისროლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი