ახალი ამბები

“რუსეთს მარიუპოლთან, ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში, სულ მცირე, 20 000 უკრაინელი ჰყავს დაკავებული”

18 აპრილი, 2022 • 1561
“რუსეთს მარიუპოლთან, ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში, სულ მცირე, 20 000 უკრაინელი ჰყავს დაკავებული”

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანრდიუშენკოს თქმით, რუს ოკუპანტებს მარიუპოლის მახლობლად, ე.წ. ფილტრაციის ბანაკებში, სულ მცირე, 20 000 ადამიანი ჰყავთ დაკავებული.

ანრდიუშენკოს თქმით, რუსეთი ამ გზით ხელს უშლის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობას და განგებ წელავს ფილტრაციის პროცედურებს.

უკრაინული გამოცემა unian ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი მარიუპოლში იმავე ტაქტიკით მოქმედებს, როგორც 1999 წელს ჩეჩნეთში, 2016 წელს კი- სირიაში, და სამიზნედ ქალაქის საცხოვრებელ უბნებს ირჩევს, რაც წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებებთან.

მარიუპოლის მერის მრჩევლის განცხადებით, კიდევ 5-7 ათასამდე ადამიანს, რომლებიც ამგვარ ბანაკებში იმყოფებიან, რუსული მხარე იძულებითი დეპორტაციისთვის ამზადებს.

მანამდე, მარიუპოლის საკრებულო აცხადებდა, რომ ალყაში მოქცეული მარიუპოლის მცხოვრებლები რუსულ ძალებს იძულებით მიჰყავდათ რუსეთის ტერიტორიაზე. მათივე ცნობით, ოკუპანტებმა დატყვევებული მოსახლეობა გადაიყვანეს ბანაკებში, სადაც რუსული ძალები მათ ტელეფონებსა და დოკუმენტებს ამოწმებენ.

„გასული კვირის განმავლობაში მარიუპოლის რამდენიმე ათასი მცხოვრები გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე. ოკუპანტებმა უკანონოდ წაიყვანეს ხალხი ლივობერეჟნის რაიონიდან და სპორტული კლუბის შენობის თავშესაფრიდან, სადაც ათასზე მეტი ადამიანი (ძირითადად ქალები და ბავშვები) დაბომბვის გამო თავს აფარებდა“, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.

მარიუპოლის მერმა რუსი ოკუპანტების ქმედებები მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ქმედებებს შეადარა და აღნიშნა, რომ ძნელი წარმოსადგენია, 21-ე საუკუნეში ადამიანები იძულებით გადაჰყავდეთ სხვა ქვეყანაში.

მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ყველა სამხედრო დანაშაული უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი