“მეც ამ კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე ვარ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მეტად კურიოზულ ამბავთან გვაქვს საქმე, რომელიც არ ჰგავს სხვა დანარჩენ სიტუაციას. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემს სპეციალობაში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე გამოცხადებული ერთი ვაკანსია კონკურსის ჩატარების შემდეგ გაქრა. და ასე დამტოვეს თანამდებობის მიღმა. კომისიამ რეკომენდაცია მხოლოდ ჩემს სპეციალობაში მომცა, მაგრამ შედეგების მიხედვით საერთოდ გააქრეს ეს ვაკანსია და სპეციალობა დატოვეს აკადემიური პერსონალის გარეშე. ფაქტობრივად, კონკურსში გავიმარჯვე, მათ კი უმუშევარი დამტოვეს. დღემდე არც კი უცდიათ მათივე შეცდომის გამოსწორება. ეს არის ძალადობა ჩემ მიმართ და თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ველოდებოდი, რომ იანვარში მდგომარეობა გამოსწორდებოდა”, _ ეს არის ერთ-ერთი იმ წერილთაგანი, რომელიც გაზეთ “ბათუმელებში” სტატიის _ “კონკურსები და გარიგებები უნივერსიტეტში“ გამოქვეყნების შემდეგ სტატიის ავტორის, ანუ ჩემს პირად ფოსტაზე მოვიდა. სტატიის გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ რედაქციაში წერილი უნივერსიტეტიდანაც მივიღეთ. ორივე წერილის ავტორებს გულწრფელად მინდა გადავუხადო მადლობა გამოხმაურებისთვის. პირველი წერილის ავტორს, ქალბატონ ეთიკო სარალიძეს მინდა ვუთხრა: ფაქტი, რომელიც ერთი ადამიანის უფლების დარღვევას ეხება, ის ყოველთვის გახდება ჩემი, როგორც ჟურნალისტის, ინტერესის საგანი.

 რაც შეეხება აკადემიური საბჭოს გამოხმაურებას, რომელიც ორ გვერდზე მეტია და ჩემი სტატიის გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ მოვიდა რედაქციაში, სადაც წერია, რომ საზოგადოების: “ინტერესს არ უნდა შეეწიროს უნივერსიტეტის ღირსება და ავტორიტეტი მოვლენათა ტენდენციური გაშუქებით”.

აკადემიურ საბჭოს მივმართავ _ ბატონებო! მე როგორც ჟურნალისტს მაქვს ვალდებულება, ვუპასუხო საზოგადოების ინტერესს. ჩემს სტატიაში მოყვანილია მხოლოდ ფაქტები და სტატიაში  წარმოდგენილი არ არის პირადად ჩემი პოზიცია. კონკურსების დარღვევებით ჩატარებაზე სტატიაში იურისტი საუბრობს. დამოუკიდებელი იურისტის არგუმენტებს სტატიაშივე უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პასუხობს, ორივე მხარეს მივეცი საკუთარი სიმართლის წარმოჩენის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე სიტყვა “ტენდენციური” არამათლზომიერად მიმაჩნია.

 გარდა ჟურნალისტებისა, არავინ არის ვალდებული ჟურნალისტური პროდუქტის შეფასების წესები იცოდეს. მინდა ვთქვა, რომ არც ამ და არც სხვა წერილში არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი საკუთარი განსწავლულობის წარმოჩენა. ამ წერილს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, ჩვენება იმისა, რომ უკანონო გარიგებების საფუძველზე მიღწეულ იქნა “სამართლიანობა”. მკითხველის გასჯის საკითხია, არის თუ არა ეს პრობლემა მათთვის.

 სტატიაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები, რომლებიც მიუთითებენ ორმხრივ გარიგებებზე. მე ვისურვებდი უნივერსიტეტიდან შემოსულ წერილში ყოფილიყო კონკრეტული არგუმენტები ამ ფაქტების წინააღმდეგ. თუ თქვენ შეძლებდით ამ ფაქტების გაბათილებას, მე, პირადად, როგორც მოქალაქე, ვიქნებოდი კმაყოფილი, როგორც ჟურნალისტი _ ბოდიშს მოვიხდიდი.

 თქვენ წერთ, რომ არ მოიყვანთ “ალოგიკურ ფრაზებს” სტატიდაან. მე სულ ვცდილობ, პირადად ვიყო მაგალითი იმისა, როგორი აუცილებელია კრიტიკა და მისი მიღებაც ჩვენივე ცხოვრების წესისთვის. მაპატიეთ, მაგრამ რაკი სიტყვა “ლოგიკა” ახსენეთ, მეც ვიტოვებ უფლებას დავსვა კითხვა: რა ლოგიკურ კავშირშია ჩემს სტატიასთან  ის, რაზედაც თქვენ გამოხმაურებაში ორ გვერდს უთმობთ. თქვენ არავინ, მათ შორის არც ჩემი რესპონდენტები გედავებოდნენ, რომ კონკურსი უნდა ჩაგეტარებინათ და რომ ეს კანონის მოთხოვნა იყო. აქ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თქვენს თანამშრომლებს დარჩათ უსამართლობის განცდა, რადგან ოქმების მიხედვით, ფაქტობრივად, გაუგებარია რატომ მიანიჭა კომისიამ მათ კონკურენტებს უპირატესობა ან რამდენი ქულით აჯობეს მათ, ან მეორე კონკურსისთვის საიდან გაჩნდა ვაკანსიები თუ ისინი პირველი კონკურსის დროს არ იყო. რას ნიშნავს სიტყვა “გადათამაშება?” ეს არის კითხვაზე პასუხი? ვაკანსიები მოარგეთ კანდიდატურებს თუ პირიქით?

 ჩემთვის ასევე დარჩა უპასუხოდ კითხვა: კონკურსის შედეგად რა შეიცვლება სტუდენტებისთვის, რომლებსაც ლექციებს ისევ კონკურსში გამარჯვებული თუ ჩაჭრილი პედაგოგები ჩაუტარებენ? იქნებ ამ კითხვაზე პასუხით თქვენ მიერ გამოთქმულ  წუხილსაც ვუპასუხოთ: რატომ შემცირდა სწავლის მსურველთა რიცხვი ბათუმის უნივერსიტეტში.

 იმედია, საკამათო არ გახდება მთავარი ღირებულება, რომ საზოგადოებისთვის პროცესსაც და შედეგსაც ერთნაირი მნიშვნელობა აქვს.

 და ბოლოს,  თქვენი გამოხმაურების ბოლო ფრაზები ჩემთვის პირადად კორექტული კრიტიკის ფარგლებს ოდნავ სცილდება, “ვერ არკვევს”, “არ იცის”, “ვერ პოულობს განსხვავებას…” თუმცა, ასევე მიმაჩნია, რომ აკადემიური საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ასეთი შეფასებების უფლება და მე პატივს ვცემ მათ. შეიძლება ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩემი მიზანი უნივერსიტეტის დისკრედიტაცია კი არა, უკეთესი უნივერსიტეტია.

 

ამავე თემაზე:

კონკურსები და გარიგებები ბათუმის უნივერსიტეტში

პასუხი სტატიაზე „კონკურსები და გარიგებები უნივერსიტეტში“

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *