კომენტარი

არესტოვიჩი: აღარ არის არანაირი 64-კილომეტრიანი კოლონა

10 მარტი, 2022 • 29592
არესტოვიჩი: აღარ არის არანაირი 64-კილომეტრიანი კოლონა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლმა, ოლექსიი არესტოვიჩმა „საუკეთესო რადიო ისრაელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ჯარს ბევრი უკლია კიევის შტურმამდე; 64-კილომეტრიანი კოლონა, რომლის ფოტოებიც ვრცელდებოდა, „მიმი“ იყო.

მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინასთან ომში შეიარაღებული ძალების თითქმის სრული რესურსი გამოიყენა, ხოლო კრემლის რიტორიკა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან“ [ასე უწოდებენ ომს რუსეთში] დაკავშირებით შეიცვალა.

„64-კილომეტრიანი კოლონა იყო მიმი“

„აღარ არის არანაირი 64-კილომეტრიანი კოლონა, ეს მიმი იყო, რომელიც მედიასაშუალებებმა გამოიყენეს. ჩვეულებრივი საჯარისო ბრიგადა, რომელიც 3000 ადამიანისგან შედგება, მარშზე იკავებს თითქმის 50 კილომეტრს. 64-კილომეტრიანი კოლონა ერთი ბრიგადა და ბატალიონია.

იმის გათვალისწინებით, რომ კიევთან 12 ბრიგადის მობილიზაცია მოახდინეს, მე-13 ბრიგადის იქ ყოფნა არაფერს ცვლიდა. ეს მიმია, რომელიც უნდა დავივიწყოთ, აღარანაირი კოლონა აღარ არის. ისინი განადგურებულია. ახლა [რუსი ჯარისკაცები] გაიქცნენ და ტყეებში არიან.

კიევთან  300 კილომეტრზე გაშლილი კოლონა უკვე განადგურდა. თავიდან კიევთან 30-40 ბატალიონი იყო, ახლა მაქსიმუმ 15 დარჩა. სად არიან დანარჩენები?“

ცვლილება რუსეთის ნარატივში

„საქმე ის არის, რომ, სამწუხაროდ, რუსული ტელევიზიის მსმენელებს ხშირად აქვთ ოქროს თევზის მეხსიერება. სახელმწიფო დონეზე ოპერაციის მიზნად გაცხადებული იყო უკრაინის, – ქვეყნის, რომლის პრეზიდენტიც ებრაელია, – „დენაციფიკაცია“.

ახლა ეს მოთხოვნა აღარ ჟღერს. ჩნდება კითხვა: თუ კამპანიის მთავარი მიზანი აღარაა აქტუალური, გამოდის, რომ ახლა მიდის სხვა კამპანია. საჭიროა ახსნა, რა ხდება. არავის არაფერი აუხსნია.

ეს კითხვა არის რუსეთის მოქალაქეებისთვის, არა იმათთვის, ვინც საპროტესტოდ გამოდის, არამედ მათთვის, ვინც თავის შვილზე ამბობს უარს: – „გამარჯობა დედა, ტყვედ ვარ“; – „არ ვიცი, ტელევიზორში მითხრეს, რომ ბიჭი კი არა, გოგო მყავს“.

„ეგონათ, სამი გასროლის მერე გავიქცეოდით“

„რუსეთმა უკრაინისკენ გადმოისროლა 10-დან 8 დაჯგუფება, რომელიც არსებობს. უკრაინაში შემოსულია რუსეთის შეიარაღებული ძალების თითქმის 75%. საკითხავია, საიდან უნდა მოვიდეს ახალი ძალა?

რითი აპირებენ წარმატების განვრცობას? რაში მდგომარეობს გენიალური ჩანაფიქრი, თავს დასხმოდი 200,000-იანი ჯარით 250,000-იანს. ეს უნდა ვკითხოთ დიად სტრატეგებს, რომლებსაც ეგონათ, რომ სამი გასროლის მერე გავიქცეოდით. არ გამოვიდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი