კომენტარი

შესაძლოა, რუსეთმა უკრაინასთან ომი „გაყინოს“ – Bellingcat-ის დირექტორი

10 მარტი, 2022 • 6094
შესაძლოა, რუსეთმა უკრაინასთან ომი „გაყინოს“ – Bellingcat-ის დირექტორი

გამომძიებელ რეპორტიორთა გაერთიანება „ბელინგქეთის“ (Bellingcat) აღმასრულებელი დირექტორი, ხრისტო გროზევი თვლის, რომ შესაძლოა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან ომი „გაყინოს“.

ოლესა ბაცმანთან youtube არხზე ინტერვიუში გროზევმა განაცხადა, რომ რთული იქნება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის დასრულების თარიღის პროგნოზიება და თქვა:

„დიდი ალბათობით, ომის [დასასრული] ისეთი არ იქნება, რომ ვთქვათ, „აი, დღეს ომი დასრულდა“. ვშიშობ, რომ დადგება პერიოდი, როდესაც გაურკვეველი იქნება, დამთავრდა თუ არა ომი“.

გროზევმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამის მიუხედავად, „სისხლისღვრა დიდხანს აღარ გაგრძელდება“ და კონფლიქტი ამ ეტაპს უახლოვდება.

„ვფიქრობ, ეს არის ერთი კვირის ან 10 დღის საკითხი“, – განაცხადა გროზევმა და ეს მოსაზრება დაასაბუთა, მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების „რესურსების გამოფიტვით“.

Bellingcat-ის დირექტორმა განაცხადა:

„მათ [რუსებს] ეს ესმით, და მათთვის უფრო მომგებიანი იქნება, ომს „დასრულებული“ არ ეწოდოს,- რადგან ამით მათ უნდა აღიარონ, რომ ის წაგებულია, – არამედ უნდა გაჩერდეს გარკვეულ გაყინულ ეტაპზე“.

ტერმინი „გაყინული კონფლიქტი“ აღწერს ვითარებას, როდესაც აქტიური შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების მიუხედავად, სამშვიდობო ხელშეკრულება არ დადებულა, ვითარება დაძაბულია და კონფლიქტის ხელახალი გამწვავების რისკის არსებობა არასტაბილურ გარემოსა და დაუცველობის შეგრძნებას ქმნის.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით.

საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს პასუხად მკაცრი სანქციები დაუწესა.

პარალელურად, მოკავშირეებმა უკრაინას თავდაცვითი იარაღი მიაწოდეს, ნაწილი კი კვლავ ჰპირდება დამატებით დახმარებას.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების კუთხით მდგომარეობის შესახებ გირჩევთ წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი