კომენტარი

კობახიძე: გვითხრეს, რომ EU-ს პერსპექტივის შეთავაზება რელევანტურია უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის

1 მარტი, 2022 • 2744
კობახიძე: გვითხრეს, რომ EU-ს პერსპექტივის შეთავაზება რელევანტურია უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით შექმნილია „ემოციური აჟიოტაჟი“.

კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველო, დააჩქაროს 2024 წელს დაგეგმილი განაცხადის გაკეთება, კობახიძე ამბობს, რომ ნაჩქარევი განაცხადი შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს. კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ ევროპული პერსპექტივის შეთავაზება „რელევანტურია უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის და მოლდოვისთვის“. თუმცა კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ვინ უთხრა EU-დან ეს ყველაფერი.

„ემოციური აჟიოტაჟი შექმნილია არასწორი ინფორმაციების გავრცელების საფუძველზეც. საზოგადოებას რომ განვუმარტოთ, რასთან გვაქვს საქმე, იმის გათვალისწინებით, უკრაინაში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, მას შესთავაზეს დაჩქარებული წესით კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის განხილვა. აქ არ არის საუბარი უკრაინის გაწევრიანებაზე. საუბარია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ასეც და ისეც, უკრაინის გაწევრიანებას დასჭირდება მრავალი წელი, იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული სამართლებრივი პროცედურა, რომლის მიხედვითაც, ვიდრე არ შესრულდება ყველა ვალდებულება, მანამდე ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ეს ეხება უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, ყველა ქვეყანას თანაბრად“, — განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება საქართველოს, კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ პროგრამაში გაწერილია ამბიციური განაცხადი, რომ ქვეყანა ევროკავშირს გაწევრიანებაზე ოფიციალურად 2024 წელს მიმართავს.

„2024 წლისთვის ჩვენ გვექნება ვალდებულებების ძალიან დიდი ნაწილი შესრულებული, რის შემდეგაც რაციონალური საფუძველი იქნება განაცხადის შეტანისთვის. ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი უკრაინის მიმართ. როცა გვქონდა წინასწარი კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ისინი განმარტავენ, რომ ეს შეთავაზება არის რელევანტური ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ არ არის რელევანტური მოლდოვისა და საქართველოს მიმართ. ასე ამბობენ ხაზგასმით. ჩვენ პრაგმატულად უნდა მივყვეთ პროცესებს. ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ამოცანა და ჩვენ აუცილებლად შევიტანთ განაცხადს ევროკავშირში. თუ ჩვენ შევიტანთ სუსტ განაცხადს, ეს შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ არა ემოციური ტალღიდან გამომდინარე, არამედ პასუხისმგებლები ვართ ძლიერი განაცხადის შეტანაზე. ევროკავშირის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ეს შეთავაზება არის რელევანტური უკრაინისთვის და არა — საქართველოსთვის“, — განაცხადა კობახიძემ.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა საქართველო მიმართოს EU-ს წევრობის განაცხადით.

ამ თემაზე:

უკრაინა ევროკავშირის კართან — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი