კომენტარი

აგენტობის თემის გაშუქების მზა სამართლებრივი რეცეპტი არ არსებობს

3 მარტი, 2010 • 2063
აგენტობის თემის გაშუქების მზა სამართლებრივი რეცეპტი არ არსებობს

ნებისმიერ ჩვენგანი აღშფოთებულა მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით ამა თუ იმი პირის აგენტურული საქმიანობის შესახებ და გამოგვიხატავს ჩვენი გულწრფელი აღშფოთება, ან სურვილი, რომ ასეთი მასალა არ უნდა ქვეყნდებოდეს, რადგან შეურაცმყოფელია, არაეთიკურია, უფრო მეტიც ცილისმწამებლურია…

ამას შესაძლოა მოჰყვეს ცხარე დისკუსია, საჭიროა თუ არა მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება. მომხრეებიც და მოწინააღმდეგებიც, დარწმუნებული ვარ, საგულისხმო არგუმენტებს წარმოადგენენ.

მზა სამართლებრივი რეცეპტი, რომელიც გადაჭრით პასუხს მოგვცემდა არ არსებობს.

არც უნდა არსებობდეს! ასეთი მოსპობდა დისკუსიის არსებობის შესაძლებლობას. უმთავრესი მაინც ის არის, რომ გამოხატვის თავისუფლება – ინფორმაციის საზღვრებს გარეშე გაცვლის უფლება – თითოეული ჩვენთაგანის ცოდნის (ინფორმირებულობის) ერთადერთი პირობაა. მას აღიარებს საქართველოს კონტიტუციის 24-ე მუხლი, ევროპის ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლი, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი და მრავალი საერთაშორისო აქტი.

საქართველოს კონტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით აღიარებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩვენ უფლება გვაქვს ვიცოდეთ: ის ადამიანები, ვისაც პატივს, თაყვანს ვცემთ, რეალურად იმ ღირებულებების მატარებლები არიან, რის გამოც ჩვენს მათ ვაღიარებთ, თუ არის ისეთი რამ, რის გამოც ჩვენ შევცვლიდით ჩვენს დამოკიდებულებას? ინფორმაცია ხომ იმისთვის გვინდა, რომ არჩევანი გავაკეთოთ ჩვენსა და სხვის ფასეულობებს შორის?

როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას გამოვაქვეყნოთ თუ არა ესა თუ ის ინფორმაცია (ფაქტი) პირველ რიგში დისკუსიას ვმართვათ საკუთარ თავთან, რამდენად ღირებულია ეს სიახლე საზოგადოებისთვის, ღირს კი კონკრეტული პირის ინტერესების მეორე პლანზე გადატანა? ერთგვარი არბიტრის ფუნქციას ვითავსებთ და ჩვენი გადაწყვეტილებით ვიღებთ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შევძლებთ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორის დასაბუთებას, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში.

რა თქმა უნდა ხშირად დამდგარა მედია საშაულებების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები და სასამართლოს მიუჩნევია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ხელყოფილ იქნა კერძო პირის ინტერესები. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პოსტფაქტუმ რეაგირება და არა ინფორმაციის გავრცელების წინასწარი შეზღუდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი