კომენტარი

ღმერთები, ძეგლები, ვნებები

15 თებერვალი, 2010 • 2973
ღმერთები, ძეგლები, ვნებები

მე-11 კლასში ვიყავი, როცა ჩვენმა ხელოვნების მასწავლებელმა, რატი ჩუბურდანიძემ ფრანგი მოქანდაკის, ოგიუსტ როდენის დიდი, შავ-თეთრი ალბომი მოგვიტანა. მაშინ პირველად ვნახე “კალეს მოქალაქეები”, ქანდაკება, რომელიც დღემდე ისეთივე ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე, როგორც პირველი ნახვისას .

ყველა ქანდაკება, რაც მანამდე მქონდა ნანახი, ან მიუწვდომელი სიმაღლიდან იხედებოდა, ან კიდევ უხერხულ პოზაში ჯდომის გამო ბავშვებისა და უფროსების ქილიკის საგანი იყო. მერე ბათუმში სოცრეალიზმის ეპოქის ძეგლები ნელ-ნელა თვალს მოაფარეს და ახალი ქანდაკებებით ჩანაცვლება სცადეს, თუმცა ქალაქში, რომელსაც ყველაზე მეტად ორ-სამ სართულიანი სახლები და სისადავე უხდება, კვარლცხბეგების სიმაღლე კიდევ უფრო გაიზარდა. ამის შედეგად ჯერ იყო და არწივი დაადგეს თავზე მთელს ქალაქს, მერე კი უზარმაზარ სვეტზე კოლხი მედეა შემოსვეს და ხელში ოქროს საწმისი შეაჩეჩეს.
პატარა, კოპწია მოედანზე ამხელა სვეტზე შემოდგმულ ქანდაკებას რთული სათქმელია რა დანიშნულება აქვს. მოედანზე ყოფნისას ქანდაკებას კი არა სვეტს ხედავ, ხოლო ღამით, შესაძლოა ოპტიკური ილუზიის მსხვერპლიც გახდე, ცაზე მედეას ძეგლის ჩრდილის დანახვაზე ჩათვალო, რომ ხილვები დაგეწყო და რელიგიურ ექსტაზში ჩავარდე.

მედეას შემდეგ ბათუმში კიდევ ერთი მითოლოგიური პერსონაჟი გამოჩნდა. პერსონაჟი კი არა, პირდაპირ ღმერთი, ამჯერად რომაული მითოლოგიიდან. ზღვებისა და ოკეანეების მრისხანე ღმერთმა ბათუმში დრამატული თეატრის წინ, ილია ჭავჭავაძის ადგილი დაიკავა. ჩინეთიდან ექსპორტირებული ნეპტუნი მარტო არ ჩამოსულა, გვერდს ისეთი გამომწვევი, კეკლუცი ქალთევზები უმშვენებენ, რომ ერთმა ნაცნობმა აღნიშნა, არ გამიკვირდება, მალე ეს ძეგლი ბათუმში სექსუალური რევოლუციის სიმბოლო რომ გახდესო .

სექსუალური რევოლუციამდე ბევრი გვიკლია. ჯერ მხოლოდ ძეგლების მიმართ გვაქვს განსაკუთრებული ვნებები. ყოველი ძეგლის აღება-გადანაცვლებას მოჰყვება საპროტესტო აქციების და პოლიტიკურად შეფერილი მიტინგების ტალღა. როგორც წესი, ასეთ დროს ხელოვნებათმცოდნეებს არაფერს ეკითხებიან, არც ძეგლის აღებას და არც ახლის დადგმას.

სპეციალისტებისგან მსმენია, რომ თეატრის წინ დადგმული ილია ჭავჭავაძის ძეგლი დიდი მხატვრული ღირსებებით არ გამოირჩეოდა. პროტესტი ძეგლის აღებამდე დაიწყო, რადგან ილიას ძეგლის წინ ახალი კაზინოს მშენებლობა ბევრს უხერხულად მოეჩვენა. თუმცა ილია ჭავჭავაძის მეგობრისა და კოლეგის, იაკობ მანსვეტაშვილის ჩანაწერებს თუ ვენდობით, ილიას ძალიან ჰყვარებია აზარტული თამაშები და ფულის გარეშე ნარდის თამაშიც არ ეხალისებოდა თურმე. ( ეს იმ დღეებში არავის გახსენებია, ჩვენ ხომ მანდამაინც არ გვიყვარს როცა გაკერპებულ, მონუმენტურ პირებს ადამიანური თვისებებიც აღმოაჩნდებათ ხოლმე. უფრო ადვილია ძეგლად ქცეულ იდეებს სცე თაყვანი, ვიდრე დაფიქრდე, როგორ მწარედ დაგცინებდა ილია.)
საშუალო მხატვრული ღირებულების ძეგლს რომ ადგილი შეუცვალეს, ტრაგიკულად ნამდვილად არ განმიცდია და არც ილია ჭავჭავაძის შეურაცყოფად ჩამითვლია, მაგრამ როგორც ჩვეულებრივ, რიგით ბათუმელს , ნამდვილად მქონდა სურვილი ჩემი საყვარელი “კალეს მოქალაქეების” მსგავსი ემოციების გამომწვევი თუ არა, რაიმე ადამიანური, ორიგინალური და საინტერესო ნამუშევარი მენახა. სამწუხაროდ ამაზე არავის უფიქრია. როგორც ჩანს, ძეგლის მხატვრული ღირებულება არც ამჯერად აღმოჩნდა მთავარი. ილია გადაიტანეს და მის ადგილას ჩინეთში დამზადებული ნეპტუნის ასლი შემოგვთავაზეს, რომლის ორიგინალი იტალიაში , ბოლონიის ცენტრში დგას. არავის უფიქრია ტენდერის გამოცხადება, სადაც დარწმუნებული ვარ ბევრი საინტერესო პროექტი შევიდოდა და სპეციალისტებსაც ექნებოდათ აზრის გამოთქმის საშუალება. ასე უფრო მივუახლოვდებოდით ევროპას და ტურისტებსაც უფრო მოვხიბლავდით ორიგინალური, თანამედროვე ქანდაკებით, თორემ ნეპტუნის ძეგლის ჩინური ასლით დღეს ვერც ვერავის გააკვირვებ და ვერც გულს აუჩუყებ.

არადა როგორ უხდება ბათუმს მცირე ზომის, ბულვარსა და სკვერებში მიმოფანტული ქანდაკებები, რომელთა დანახვა არც ბავშვებს აცინებთ და არც პურიტან მოზრდილებში იწვევს სექსუალურ ფანტაზიებით გამოწვეულ დარცხვენას. :))

მე კი, რაც ბათუმის დრამატული თეატრის წინ ჯერ კიდევ დამონტაჟების პროცესში მყოფი ნეპტუნი ვნახე, ერთი ფიქრი არ მასვენებს; ე. წ. “ფარეხთან” ახლოს ვცხოვრობ, უღიმღამო, მივიწყებული უბანია, არ აწყენდა იქაურობას მწვანე გაზონი და რომელიმე მითოლოგიური პერსონაჟით, ან ღმერთით დამშვებული შადრევანი. ჰადესი შეიძლებოდა, მაგრამ ჩემი უბანია და სულ არ მემეტება ასეთი პირქუში ღმერთისათვის. გვერდით ქუჩაზე მანქანებს აკეთებენ, სულ ლითონის ღრჭიალი ისმის და ამიტომაც ჰეფესტოზე შევჩერდი, მჭედლობის ღმერთია, მართალია, კოჭლია და ცოტა ულამაზო, მაგრამ მშრომელი ღმერთი იყო მაინც…ნანა კვაჭაძე არის გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი