მეოთხე თვეა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან, დგას ჯვრის კონსტრუქცია, რომელიც ადგილზე 5 ივლისს მობილიზებულმა ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა უკანონოდ დაამონტაჟეს.
თბილისის მერია ამ საკითხს კარგა ხანს არ გამოხმაურებია, 3 დეკემბერს კი ქალაქის მერმა თქვა, რომ უნებართვო კონსტრუქცია არ მოიხსნება მანამ, სანამ ქალაქის მთავრობა ადგილზე შესაბამის პროექტს არ განახორციელებს.
კალაძის თქმით, პროექტთან დაკავშირებით მერიას საპატრიარქოსთან ჰქონდა საუბარი და ის, მათ შორის, მოემსახურება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა სულების უკვდავყოფას.
კალაძეს არ დაუკონკრეტებია, რა კავშირშია ძალადობრივი ჯგუფების მიერ საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებული კონსტრუქცია 9 აპრილთან და რატომ მიიჩნია მერიამ საჭიროდ, აღნიშნულზე საპატრიარქოს დალაპარაკებოდა.
“ნეტგაზეთმა” მოისმინა თეოლოგ ბექა მინდიაშვილის მოსაზრება იმაზე, რამდენად ადეკვატურია და რაზე მიანიშნებს სახელმწიფოს რეაგირების ხარისხი 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორთა ამ და სხვა ქმედებებისადმი.
ბატონო ბექა, პარლამენტთან 4 თვეზე მეტია რჩება ძალადობრივი ჯგუფების მიერ 5 ივლისს უკანონოდ აღმართული კონსტრუქცია. დღეს თბილისის მერმა გადაჭრით გვითხრა, რომ როგორც მინიმუმ ამ ეტაპზე “არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება”. როგორ შეაფასებთ ამ მოცემულობას?
თავისთავად, ეს კონსტრუქცია არის სასტიკი ძალადობის სიმბოლო. ზუსტად ის შინაარსი აქვს მას შეძენილი, რაც ქრისტეს ჯვარცმისას ჰქონდა. წამების სიმბოლოა და არა რელიგიური, საკრალური, პატივისცემის გამომხატველი საგანი. ამ ჯვარს აქვს არა ქრისტიანული ხასიათი, მხოლოდ და მხოლოდ წამებასთან დაკავშირებული ხასიათი, რადგან ამ ჯვრის აღმართვისას 50-ზე მეტ ჟურნალისტს მიაყენეს სასტიკი ფიზიკური შეურაცხყოფა და ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა 5 ივლისის ამ პოგრომის შედეგად.
შესაბამისად, ეს ჯვარი მაშინვე უნდა მოხსნილიყო, ხელისუფლება რომ აცნობიერებდეს, რას შეუწყო მაშინ ხელი. მაგრამ ჩვენ იმ დღეებში მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის არაერთი განცხადება, რომ ის აღარ აპირებს უმცირესობების ჭკუაზე სიარულს, აღარ აპირებს კონსტიტუციის დაცვას. შინაარსი, ყოველ შემთხვევაში, ეს იყო… ასევე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კალაძეც იყო ჩართული ამ დღის ორგანიზებაში ტექნიკური კუთხით: მიკროფონებითა და [სხვა ტექნიკით უზრუნველყოფაში], რაც საპატრიარქოსთვის იყო განკუთვნილი, მერიაც იყო ჩართული.
მაგრამ მთავარი პრობლემა არის არა თავად ეს კონსტრუქცია, არამედ ის, რაც მე უკვე ვთქვი პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით და ის, რომ ამ პოგრომის ორგანიზატორები არათუ დასჯილები არ არიან, არამედ მედიდურად პარტიას ქმნიან ახლა. ეს არის მთავარი პრობლემა.
კალაძის სიტყვებით, კონსტრუქცია პარლამენტთან დარჩება პროექტის განხორციელებამდე, რომელზეც ქალაქის მთავრობას საპატრიარქოსთან აქვს საუბარი და 9 აპრილს დაღუპულთა სულების უკვდავყოფას გულისხმობს. თქვენი აზრით, რატომ სჭირდება ქალაქის მთავრობას სპეციალური პროექტი იმისათვის, რომ ქალაქის ცენტრში უკანონოდ დამონტაჟებული კონსტრუქციის საკითხი გადაწყვიტოს?
მე არ ვიცი, საერთოდ არის თუ არა რაიმე პროექტზე ლაპარაკი. შეიძლება, ეს იყო შეკითხვისგან თავის არიდება. არ ვიცი, რა პროექტზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მით უმეტეს, საპატრიარქოსთან. საპატრიარქოც ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო 5 ივლისის პოგრომისა, ვინაიდან მასთან შეთანხმებით ხდებოდა იქ ყველაფერი. შესაბამისად, ესეც სრულიად მავნებლური ცინიზმის გამოვლინებაა ქალაქის მერის მხრიდან, [ეს არის] იმ ადამიანებისადმი სრული უპატივცემულობა, რომლებიც მაშინ დაზარალდნენ და უპატივცემულობა ლექსო ლაშქარავასადმი. ეს, რაც დღეს მან თქვა, არის ამ ადამიანების დაცინვა.
ასევე უნდა ითქვას, რომ 5 ივლისის მოვლენები, თავისი არსით, არანაირ კავშირში არ ყოფილა 1989 წლის 9 აპრილთან. რას ფიქრობთ, რატომ შემოიტანა ქალაქის მთავრობამ ეს საკითხი ხსენებული კონსტრუქციის კონტექსტში?
ნამდვილად ძნელი სათქმელია ჩემთვის, რა ლოგიკური ჯაჭვები გადაიბა კალაძის ცნობიერებაში და რატომ დაუკავშირა ეს ორი საკითხი ერთმანეთს; მით უმეტეს, საპატრიარქოს ხსენების კონტექსტში და იმ ფრაზიდან გამომდინარე, რომელიც მან თავდაპირველად თქვა, რომ “არანაირი კონსტრუქცია არ მოიხსნება”. ეს უკანასკნელი ფრაზაა მთავარი სათქმელი და შეტყობინება. რა ვიცი, გამშვენიერებულ ჯვარს თუ დადგამს საპატრიარქოსთან ერთად, ეგ არის მოსალოდნელი, მეტი არაფერი. მე ვერ ვიმარჩიელებ, რა და როგორ თქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეგ არ იყო მთავარი. ამით, როგორც ჩანს, შეალამაზა თავისი როყიოდ ნათქვამი პირველი წინადადება, რომ არანაირი კონსტრუქცია იქიდან არ მოიხსნება.
ანუ, ელით, რომ ჯვარი განუსაზღვრელი ვადით დარჩება ადგილზე?
დარჩება, მაგრამ პირადად ჩემთვის მთავარი ეგ არ არის. მთავარი არის ის, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში განსხვავებულზე ძალადობა. ეს რომ მოხდეს, უნდა დაისაჯონ დამნაშავეები — მოძალადეები და ორგანიზატორები; კონკრეტულად ისინი, ვისზეც ვიცით, რომ უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას, მაგალითად, “სირცხვილიას” ოფისზე თავდასხმას და მთელ ცენტრალურ უბნებში ხელმძღვანელობდნენ პოგრომებს. ეს არის მთავარი, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ. ჯვარი იქ იდგება თუ არ იდგება, ეს უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია. გამოსავალი არის ამ ადამიანების სამაგალითოდ დასჯა, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდება, მაგრამ გამოსავალი ეს არის, რათა აღარავის მოუნდეს ოდესმე მსგავსი ძალადობის ჩადენა.
შეიძლება თუ არა და როგორ შეიძლება იმოქმედოს სახელმწიფოს ამ პოზიციამ 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებელი ჯგუფების სამომავლო მოქმედებებზე?
მხოლოდ წამახალისებლად, სამწუხაროდ. ზუსტად ეს არის ძალადობის მორიგი წახალისება. მაგრამ უფრო სერიოზული წახალისება არის ის, რომ ეს ხალხი დღემდე დაუსჯელია, პრემიერ-მინისტრმა კი არაერთგზის განაცხადა, რომ არ აპირებს უმცირესობების დაცვას უმრავლესობის წინააღმდეგ. მან ეს რამდენჯერმე, ხაზგასმით თქვა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც [გასულ პერიოდში] ხელისუფლებისგან გაისმა. ეს არის ყველაზე მეტად წამახალისებელი ფაქტორი მოძალადე ჯგუფებისთვის, რომლებიც, როგორც ჩანს, ხელისუფლებასთან შეთანხმებითა და თანაორგანიზებით მოქმედებდნენ თბილისში.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტთან ჯვარი უშუალოდ საპატრიარქოს არ აღუმართავს, თუმცა მერია მაინც მასთან ათანხმებს პროექტს, რომლითაც კონსტრუქცია უნდა ჩანაცვლდეს…
ზოგადად, “ქართული ოცნება”, ისე, როგორც არასდროს, მთლიანად არის ჩამოკიდებული საპატრიარქოს სიმბოლურ კაპიტალს. ამას იყენებს წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარი ლეგიტიმაციისთვის და, რაც მთავარია, იყენებს დასაგეშად თავისი ოპონენტების წინააღმდეგ. ამიტომ, ეს რაღაც ერთი კონგლომერატია დღესდღეობით.
ჩვენ ვხედავთ, რომ საპატრიარქოს არანაირი რეაქცია არ ჰქონია არაფერზე, რაც უშუალოდ მის წინააღმდეგ იყო მიმართული. ვგულისხმობ, მაგალითად, სუს-ის ჩანაწერებს. ნულოვანი რეაქცია ჰქონდა ამაზე, არანაირი პროტესტი ამასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს რეალურად. ვხედავთ, რამდენად მჭიდროა მათ შორის კავშირი. ფაქტობრივად, ყველა წინასაარჩევნო შეხვედრაში ისინი მონაწილეობდნენ ხელისუფლების სასარგებლოდ და აგიტაცია-პროპაგანდაში იყვნენ ჩაბმულები.
კალაძემ ასევე გვითხრა, რომ გამართლებულად მიაჩნია სეკულარული სახელმწიფოს პარლამენტთან რელიგიური სიმბოლოს არსებობა. რაზე მიანიშნებს კალაძის, როგორც თბილისის მერისა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ეს პოზიცია?
ამ ნაწილში ვერც მე ვხედავ პრობლემას, რომ ჯვარი ან რომელიმე რელიგიური სიმბოლო იყოს საჯარო სივრცეში განთავსებული. მე არ ვარ, მაგალითად, რადიკალური სეკულარიზმის მომხრე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რელიგიური სიმბოლოების გამოჩენა საჯარო სივრცეში უნდა იყოს აკრძალული. მიმაჩნია, რომ რელიგია თავისი პოზიტიური ენერგიით უნდა მონაწილეობდეს აქტიურად და არავინ უნდა შეუშალოს ხელი.
რელიგიური ადამიანებიც ისეთივე თანამოქალაქეები არიან, როგორც სხვები და არავინ უნდა შეუშალოს ხელი არც პოლიტიკურ აქტივიზმში და თუნდაც, რელიგიური სიმბოლოებით საჯარო სივრცეში გამოჩენაში, ან პატივისცემის ნიშად სადმე გამოფენაში. რელიგიის თავისუფლება ითვალისწინებს სიმბოლოების აღმართვასაც, ტაძრების აღმართვასაც და რელიგიურ მსვლელობასაც. პირიქით, პრობლემა იქნებოდა, სახელმწიფო რომ კრძალავდეს ამას.
მანდ მთავარი სულ სხვაა: რა შინაარსი აქვს ამ კონსტრუქციას და რამდენად კანონიერია მისი აღმართვა სახელმწიფო შენობის ტერიტორიაზე უნებართვოდ. ამას აქვს მესამე შინაარსიც: ამ აქციით მოძალადე ჯგუფმა რეალურად თითქოს ევროკავშირის დროშის ალტერნატივად წარმოაჩინა ეს კონსტრუქცია. იქვე ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა, ხომ? ანტიდასავლური განწყობის გამომხატველ სიმბოლოდაც აქციეს ჯვარი, რომელიც დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლოა.
თუმცა იმ დღეებში ისმოდა მოსაზრებებიც, რომ სეკულარული სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოსთან რელიგიური სიმბოლოს აღმართვა ეწინააღმდეგება სეკულარიზმის პრინციპს. თქვენ არ იზიარებთ ამ მოსაზრებას?
მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ჯვარი არ არის საქართველოს, ფინეთის, ნორვეგიის ან ინგლისის დროშაზე? მთავარი ეს არ არის. მთავარი არის განწყობები. სეკულარული უნდა იყოს განწყობები და ადამიანები უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას რაციონალურ საფუძველზე და არა რაღაც მითების გათვალისწინებით, რაც ჩანს, მაგალითად, რელიგიურ ანტივაქსერობაში; ასევე იმაში, როგორ აღიქვამს განსხვავებულობას ჩვენი საზოგადოება გინდა რელიგიურს, გინდა ეთნიკურს, კანის ფერის მიხედვით და განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, განსხვავებული [სექსუალური] ორიენტაციის მიხედვით.
იმის ნაცვლად, რომ საზოგადოება იყოს ტოლერანტული და ამაში ხელს უწყობდეს სწორედ რელიგია, სრულიად საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე. საბჭოთა პერიოდში, ტოტალიტარიზმის ქვეშ, ეკლესია, ფაქტობრივად, იყო დამუნჯებული, ენაამორთმეული, ყველანაირად დასახიჩრებული. ეს დასახიჩრებული სხეული დღეს მეტყველებს ისე, როგორც მეტყველებს. მას თითქოს კავშირი აქვს გაწყვეტილი ქრისტიანულ საფუძვლებთან, ქართულ ტრადიციასთან, ქრისტიანულ ტრადიციასთან და სარწმუნოებრივ სულისკვეთებასთან.
პირველი, რასაც უნდა აკეთებდეს ეკლესია ასეთი პრობლემების დროს, იქ უნდა იდგეს სასულიერო პირი და იცავდეს ადამიანს ძალადობისგან. ეს არის ეკლესიის მისია და არა წაქეზება. ეს არის მთავარი პრობლემა. თავისთავად, ჯვარი თუ სხვა რელიგიური სიმბოლო საჯარო სივრცეში რომ იყოს დემონსტრირებული, მათ შორის, სახელმწიფო სტრუქტურებთან, პრობლემა არ არის. მაგალითად, ჩვენს სახელმწიფო სიმბოლოებზე ჯვარია და ეს არის არის ტრადიციის, ისტორიისადმი შენი კუთვნილების ან რაღაც ცივილიზაციური არეალისადმი შენი კუთვნილების გამოხატულება. ასე გამოხატავს თავის თავს ამ შემთხვევაში მოქალაქეების ცნობიერება კოლექტიურად. აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემას ვხედავ განწყობებში და ძალადობაში.
ამ ერთი კონსტრუქციის გარშემო ბოლო თვეებში განვითარებული პროცესები და თუნდაც ის კომენტარები, რომლებიც დღეს მოვისმინეთ, რაზე მიანიშნებს, დღეს სად არის და რა დონეზეა დაცული სეკულარიზმის პრინციპის ის ხარისხი, რომელიც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში?
სახალხო დამცველის ყველა ანგარიში ამით იწყება, რომ არ ხდება, მაგალითად, რელიგიური ნიშნით ჩადენილ ძალადობაზე ადეკვატური რეაგირება, არ ისჯებიან მოძალადეები. არ დასჯილან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში დევნიდნენ მუსლიმ თემს სოფელ წინწყაროში, ნიგვზიანში… არ დაისაჯნენ ის ადამიანები, რომლებიც ბოლო წლებში დევნიდნენ იეჰოვას მოწმეებს. ახლა ჩვენ ვხედავთ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, რელიგიური ნიშნითაც, ამავდროულად, რომლის გამოც ადამიანები არ ისჯებიან. 5 ივლისი ამის თვალსაჩინო გამოვლინებაა.
ეს არის არამარტო სეკულარიზმის, საერთოდ კონსტიტუციის უგულებელყოფა, თანასწორუფლებიანობის, თავისუფლების, უსაფრთხოების, სიცოცხლის დაცვის პრინციპების უგულებელყოფა. ესაა იმ ფუნდამენტების უარყოფა, რომლებიც უნდა იყოს უპირობოდ დაცული იმისთვის, რომ მშვიდობიანი თანაარსებობა იყოს შესაძლებელი საზოგადოებაში. აქ სეკულარიზმზეც აღარ არის უკვე ლაპარაკი.
ეს უფრო დიდი პრობლემაა, ჩემი აზრით, ვიდრე, მაგალითად, იმაზე მსჯელობა, უნდა ფინანსდებოდეს თუ არ უნდა ფინანსდებოდეს ეკლესია, უნდა იყოს თუ არა აღიარებული ესა თუ ის დღესასწაული… ამაზე მსჯელობაც, რასაკვირველია, ლეგიტიმურია, მაგრამ ჩვენ გაცილებით დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რასაც შეუძლია, ამოაყირავოს ეს საზოგადოება და კოლაფსამდე მიიყვანოს ჩვენი მშვიდობიანი თანაარსებობა.