ფაქტია, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქო ყველაზე ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და მისი გავლენის ნიშანი არამარტო რელიგიურ ცხოვრებაზე აირეკლება: პოლიტიკური, საზოგადოებრივი, ეკონომიკური, საერთაშორისო და მედია პროცესები უფრო და უფრო მეტად ხდება აღბეჭდილი საპატრიარქოს ნებასურვილის კვალით, რაც ჩვენს რეალობას უფრო და უფრო აახლოებს თეოკრატიასთან. ამ ვითარებას კი ყველაზე მკაფიოდ, ქართულ მედიაში არსებული მდგომარეობა გამოხატავს. სატელევიზიო მედია სივრცის უდიდესი ნაწილი ორმაგ კონტროლსაა დამორჩილებული; ერთი მხრივ, ის განიცდის ხელისუფლების მხრიდან ცენზურას, ხოლო, მეორე მხრივ, საპატრიარქოს ნებას მორჩილებს. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას, რომ წლების განმავლობაში არანაირი მედია პროექტი არ განხორციელებულა რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, საერთოდ აღარ იმართება დისკუსიები საპატრიარქოში ან ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე. ერთი სიტყვით, ეს ტაბუდადებული თემებია და ამაში ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ხელი თანაბრად ურევია.
თუმცა, 17 სექტემბერს, პირველი არხის ეთერით გამართული დისკუსია, ამ კუთხით, უნებლიე გარღვევა იყო.
თავისთავად ის, რომ საპატრიარქო გამოხატავს პოზიციას ამა თუ იმ საკითხზე ბუნებრვია და გასაგები. ეს მათი უფლებაა, მაგრამ აქ მთავარი კითხვა ის არის, თუ რამდენად შეიძლება დაემორჩილოს ამ პოზიციას საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც უპირობოდ მხოლოდ კანონს უნდა მორჩილებდეს და ანგარიშვალდებული უნდა იყოს იმ საზოგადოების წინაშე, რომლის შემოსავლებიდანაც ფინანსდება.
საპატრიარქოს, რა თქმა უნდა, შეუძლია მართლმადიდებლების სახელით ისაუბროს, მაგრამ ყველა, ვინც საქართველოში თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს (მათ შორის მეც), ასე ფიქრობს? დარწმუნებული ვარ, რომ _ არა და ეს კიდეც გამოჩნდა გადაცემის მსვლელობისას; მოწვეული სტუმრები სწორედ მართლმადიდებლად აღიარებდნენ თავს და, ამასთან, არ ემხრობოდნდენ საპატრიარქოს პოზიციას გადაცემის ფორმატიდან წმინდანების სახელების ამოღების შესახებ.
საპატრიარქოსთვის, რა თქმა უნდა, არავის წაურთმევია იმის უფლებაც, რომ ისაუბროს მთელი საქართველოს სახელით, მაგრამ ამ გადაცემას ხომ მარტო საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა არ ადევნებს თვალს, ეგებ მათი აზრი დიამეტრულად განსხვავებულია?
ცხადზე უცხადესია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით არის ვალდებული გაითვალისწინოს იმ მართლმადიდებლებისა და არამართლმადიდებლების პოზიციაც, ვინც არ ეთანხმება საპატრიარქოს და მიიჩნევს, რომ ეკლესიის იერარქების ასეთი მოთხოვნა, უბრალოდ, მოწოდებაა იმისკენ, რომ ამ ადამიანებმა თუნდაც მხოლოდ ხსენებული პროექტის ფორმატში, არ ისაუბრონ, არ იფიქრონ, არ შეაფასონ არამარტო ამა თუ იმ წმინდანის მოღვაწეობა, არამედ საქართველოს მთელი ისტორია, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია მირიან მეფის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილისა და გრიგოლ ფერაძის გარეშე.
ამ ამბავთან დაკავშირებული მეორე კაზუსი ის გახლავთ, რომ არც ტელევიზიის მენეჯმენტს, არც გადაცემის სარედაქციო ჯგუფს, თავის წამყვანებიანად, არც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა უმრავლესობას არ მიაჩნია, და ეს კარგად გამოჩნდა გადაცემის მსვლელობისას, რომ დიდი ათეული რაიმენაირად ბღალავს, შეურაცხყოფს ეკლესიასა და წმინდანებს; პირიქით, ისინი ფიქრობენ, რომ ეს გადაცემა მათ პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
მაგრამ, ამის მიუხედავად, სამეთვალყურეო საბჭო მაინც გამოდის რეკომენდაციით გადაცემის დახურვის შესახებ, მენეჯმენტი სასწორზე აგდებს გადაცემის ბედ-იღბალს და აცხადებს, რომ კონსულტაციებისა და დისკუსიების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, ხოლო გადაცემის ერთი წამყვანი ამბობს, რომ პატრიარქის ნებართვის გარეშე, პროექტში აღარ მიიღებს მონაწილეობას.
რანაირად შეიძლება ამ დილემის გააზრება და შეფასება.
პირველი არხი აკეთებს იმას, რაც არ სურს და სწორადაც არ მიაჩნია. იგი იძულებული ხდება დაემორჩილოს კონკრეტულად ერთი ადამიანის _ პატრიარქის ნებას. საეკლესიო თვალსაზრისით, ეს მორჩილების ყველაზე აღმატებული ფორმაა და პირველარხელებსაც, თუკი მორჩილების აქტის ბოლომდე მიყვანა მოუწევთ, სიცოცხლეშივე წმინდანთა დასში შერაცხავენ. მაგრამ სამოქალაქო ენაზე, ეს მოვლენა შეიძლება განიმარტოს როგორც პირველი არხის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის ღია და უხეში შელახვა, ვინაიდან ამ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, იგი თავისუფალი უნდა იყოს რელიგიური გავლენისგან.
ამავდროულად შეგვიძლია ვილაპარაკოთ საპატრიარქოს მხრიდან ცენზურისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევაზეც; ამის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ირმა სოხაძემ მკაფიოდ განაცხადა, როცა თქვა, რომ საპატრიარქომ მათ არჩევანის შესაძლებლობა არ მისცა, რომ ეს იყო საპატრიარქოს კატეგორიული მოთხოვნა და ა.შ.
მაგრამ ყველაზე მთავარი შეკითხვა, რომელიც ამ გადაცემამ დაგვიტოვა, `დიდი ათეულის~ საზღვრებს აშკარად სცილდება.
ის ძალიან პრინციპული და მარტივია:
რა უფრო მაღლა დგას, კანონი თუ პატრიარქის ნება?
მეც ამ შეკითხვის გაშლით მინდა დავასრულო სტატია: ვინ ვართ ჩვენ: სამოქალაქო საზოგადოება თუ სამონასტრო საძმო, რომლის ყველა წევრი, სწორ გზას რომ არ ავცდეთ, წინამძღვარმა უნდა გვაკონტროლოს?
დარწმუნებული ვარ, ამ გზის გავლის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს, ევროპასთან კი არა, თეოკრატიულ ირანთან დავრჩებით ინტეგრირებული.