ახალი სქემა – როგორ შეაფასებენ პედაგოგებს

 

პედაგოგებისთვის სქემაში ჩართვის ვადა 30 სექტემბერს იწურება, რის შემდეგაც დაიწყება ხანგრძლივი ტრენინგები და კრედიტქულების დაგროვება. სქემის მიხედვით საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი ვალდებულია შეავსოს თვითშეფასების კითხვარი და ჩაატაროს საჩვენებელი გაკვეთილები, რომელსაც ვიდეოფორმატში გადაიღებენ. თითოეული სკოლა არჩევს ან უკვე შეარჩია შეფასების ჯგუფი და ფასილიტატორები. რას ნიშნავს სქემაში ჩართვა მასწავლებლისთვის და როგორ აისახება ეს მის ანაზღაურებაზე? „ბათუმელების“ კითხვებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა მანანა რატიანმა უპასუხა.

 

ქალბატონო მანანა, დასრულდა თუ არა ფასილიტატორების შერჩევის პროცედურა?

მანანა რატიანი
მანანა რატიანი

ფასილიტატორების შერჩევა ჯერ არ დასრულებულა, 15 ოქტომბრამდე სკოლებს აქვთ დრო იმისთვის, რომ შექმნან მასწავლებლების შეფასების ჯგუფები. ამ ჯგუფის წევრი არის ფასილიტატორიც. დირექტორის და მისი მოადგილის გარდა შეფასების ჯგუფში ყველა დანარჩენი წევრი არჩევითია, მათ ან პედსაბჭო ირჩევს, ან კათედრა. ყველა კათედრას ეყოლება წარმომადგენელი შეფასების ჯგუფში. პროცესი ზოგან უკვე დასრულდა და დირექტორებმა დაწერეს დასკვნა შეფასების ჯგუფის შესახებ. დანარჩენ სკოლებს კიდევ აქვთ ვადა.

 

 

შეფასების ჯგუფის მუშაობას წარმართავს დირექტორი. სკოლას შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე ფასილიტატორი, გამომდინარე მასწავლებლების რაოდენობიდან. თუ მასწავლებლების რაოდენობა აღემატება 30-50-ს, შესაძლებელია სკოლაში იყოს რამდენიმე ფასილიტატორი.

 

ფასილიტატორების მოვალეობა რა არის?

მასწავლებელს დაუჭიროს მხარი სიახლეებში, პროფესიულ განვითარებაში, რათა მასწავლებელმა წარმატებით დაძლიოს შეფასების პროცესი, რაც სქემასთან დაკავშირებით შემოდის. ფასილიტატორს უწევს ინტენსიური საკონსულტაციო მუშაობა მასწავლებელთან. ყოველ ეტაპზე ჩატარდება ტრენინგები – ფასილიტატორებს არამხოლოდ გავაცნობთ სიახლეებს, არამედ ისინი ერთად გაიაზრებენ ამ ყველაფერს და შემდეგ სკოლებში შეიტანენ ინფორმაციას.

 

რა კრიტერიუმები არსებობს, ვინ შეიძლება იყოს ფასილიტატორი?

ფასილიტატორის შერჩევის კრიტერიუმები გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე. ასევე დავბეჭდეთ გზამკვლევი, რომელშიც დეტალურად არის მოცემული, როგორ მოხდება შეფასების ჯგუფის ფორმირება, როგორ უნდა აირჩეს ფასილიტატორი. ის ნდობით უნდა სარგებლობდეს მასწავლებლებში, რადგან სხვა ადამიანი ვერ შეძლებს მასწავლებლების კონსულტირებას, თუ ეს ნდობა არ აქვს. ამდენად, ფასილიტატორი არამხოლოდ კომპეტენტური, ძლიერი მასწავლებელი უნდა იყოს, კარგი პედაგოგიური უნარებით, არამედ ის უნდა იყოს კოლეგიალური და უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი პიროვნული თვისებები.

 

თავად ფასილიტატორებს ვინ შეაფასებს?

ისინი არიან ჩვეულებრივი მასწავლებლები. როდესაც ფასილიტატორი თავის აქტივობებს წარადგენს შესაფასებლად, ის დროებით უარს ამბობს შეფასების ჯგუფის წევრობაზე – მას აფასებენ შეფასების ჯგუფის სხვა წევრები. ფასილიტატორს სხვა მასწავლებლებისგან ერთი რამ განასხვავებს – შრომა, რასაც ის ჩადებს მასწავლებლებთან მუშაობაში, დაფასდება იმით, რომ სხვა მასწავლებლებისგან ფასილიტაციაში კრედიტქულებს მიიღებს, რაც მას დაეხმარება კარიერაში.

 

სოფლის მცირეკონტინგენტიან სკოლებში როგორ აირჩევენ ფასილიტატორებს, ამ სკოლების პედაგოგების უნარების გაუმჯობესებაზე ვინ იზრუნებს?

თუკი მოხდა ისე, რომ მცირეკონტინგენტიან სკოლებში ვერ დაკომპლექტდა შეფასების ჯგუფი, მაშინ ამოქმედდება შეფასების ჯგუფის ალტერნატიული ფორმირების მექანიზმები. მასწავლებლები არ დარჩებიან მარტო, ვთქვათ, იმის გამო, რომ სკოლაში ვერ აირჩიეს ფასილიტატორი, ფასილიტატორს მივუვლენთ ან მიმდებარე სკოლიდან, ან მათ ცენტრის კონსულტანტი დაეხმარება.

ჩვენი მთავარი მიზანი არის სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და არა მასწავლებლის შეფასება. აქედან გამომდინარე, მათაც იგივენაირად ვთხოვთ, როგორც სხვა დანარჩენ მასწავლებლებს – პრაქტიკოსი მასწავლებლის ვალდებულებაა ხუთკრედიტიანი ტრენინგკურსის გავლა, სახელმწიფო მათთვის ამ ყველაფერს უზრუნველყოფს.

 

გასულ წელს სქემაში ძირითადად ჩართულები იყვნენ სერტიფიცირებული პედაგოგები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, წელს ყველა მათგანმა ვერ მოახერხა ნამუშევრების გამოგზავნა დათქმულ ვადაში. რა ელით მათ ამ შემთხვევაში?

გასულ წელს მასწავლებელი ნებაყოფლობით წყვეტდა, ჩართულიყო თუ არა სქემაში. ახლა ეს სავალდებულოა საჯარო სკოლის ყველა მასწავლებლისთვის. ამიტომ 30 სექტემბარმდე ყველა მოქმედი მასწავლებელი იქნება სქემაში განაწილებული.

რაც შეეხება ძველ სქემაში ჩართულებს, აქტივობები, რომლებიც ძველი სქემის ფარგლებში მასწავლებლებმა განახორციელეს, რომ არ დაკარგულიყო, მათ მიეცათ ვადა 21 სექტემბრამდე, რომ ძველ სქემაში განხორციელებული აქტივობები აეტვირთათ სპეციალურ პორტალზე. როგორც კი გამოვაცხადეთ დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ, ასევე ვაცნობეთ კრიტერიუმების შესახებ – მასწავლებლებს უნდა შეერჩიათ განხორციელებული აქტივობებიდან ის აქტივობები, რომლებშიც მიიჩნევდნენ, რომ შეფასებას წარმატებით გაივლიდნენ.

 

იმ მასწავლებლების აქტივობები, რომლებიც გასულ წელს ნებაყოფლობით გაერთიანდნენ სქემაში – გარკვეული პროფესიული განვითარების ღონისძიებები ჩაატარეს, ტრენინგებს ესწრებოდნენ, კონფერენციაზე გამოვიდნენ, პროექტები გააკეთეს მოსწავლეებთან ერთად, – შეფასდება, 2016 წლის იანვრისთვის უკვე ეცოდინებათ, ამ საქმიანობისთვის რამდენი კრედიტქულა მიიღეს, ანუ ძველი კრედიტები დაუგროვდებათ ახალ სისტემაში.

 

ძველ სქემაში ჩართულმა 5-ათასამდე მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი აქტივობები. ახლა ვნახავთ რა საგნები სჭარბობდა, რათა შესაბამისად დაკომპლექტდეს კომისია, რომელიც დაიწყებს ამ ნაშრომების შეფასებას.

 

მთლიანად რამდენი მასწავლებელი იყო შარშან სქემაში ჩართული?

რვა ათასამდე, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლები ფორმალურად იყვნენ ჩართულნი სქემაში – აქტივობებს არ ახორციელებდნენ, ვინც ახორციელებდა, ყველამ ატვირთა მასალები. 

 

მასწავლებელთა სახლის ფეისბუქგვერდზე ჩანს, რომ პედაგოგების შეკითხვები, ძირითადად, ეხება სქემას. ერთი შეხედვით სურათია ასეთი, რომ მათ ვერ გაიგეს სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით არსებული პროცედურა. ეს რისი ბრალია?

ვერ ვიტყვით, რომ კარგად ვერ მოხერხდა მათი ინფორმირება, რადგან თითოეული სქემის შემუშავების ეტაპზე, ორი წლის განმავლობაში, ვატარებდით სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო შეხვედრას არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. გადამზადდა ყველა სკოლის დირექტორი. მათ სქემაში მონაწილეობის შესახებ, თუ როგორ უნდა დააკომპლექტონ მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, ინფორმაცია სრულყოფილად მიეწოდათ. ჩვენ ჩავწერეთ ვიდეოპრეზენტაციაც იმათთვის, ვინც ვერ მოახერხა ამ შეხვედრაზე დასწრება. ასევე რეგიონებში სამინისტრო ატარებდა შეხვედრებს რესურსცენტრებთან, დირექტორებთან. გამოიცა გზამკვლევი, რომელშიც გასაგებად და დეტალურად წერია სწორედ იმ კითხვების პასუხები, რასაც მასწავლებლები გვეკითხებიან ფეისბუქზე. კიდევ გაგრძელდება გადამზადების პროცესი, მთელი კასკადი იქნება ტრენინგების.

 

სქემაში ჩართულობა ითვალისწინებს თვითშეფასების კითხვარის შევსებას. ამასთან დაკავშირებით რა მოლოდინი არსებობს?

მოლოდინი არის დიდი, რადგან თვითშეფასების კითხვარს განვიხილავთ, როგორც მასწავლებლის მხარდამჭერ ინსტრუმენტს. ვებგვერდზე ატვირთული კითხვარი შედგება რამდენიმე მიმართულებისგან. იქ ჩამოწერილი თითოეული პუნქტი ასახავს პედაგოგისთვის აუცილებელ კომპონენტებს – რა არის მნიშვნელოვანი პრაქტიკაში, როგორ უნდა გახდეს მასწავლებელი წარმატებული. მასწავლებელს თუ არ უფიქრია იმაზე, რას აკეთებდა და როგორ, თვითშეფასების კითხვარი დააფიქრებს, როგორ გაიუმჯობესოს თავისი პრაქტიკა. მასწავლებელი როდესაც ავსებს თვითშეფასების კითხვარს, უნდა იფიქროს საკუთარ კლასზე, ახერხებს თუ ვერა მოსწავლეების ჩართულობას, დაინტერესებას. თვითშეფასების კითხვარში ეს ყველაფერი ჩამოწერილია.

 

ჩვენ გვინდა, რომ მასწავლებლებმა გაანალიზონ თავიანთი პრაქტიკა და ამის საფუძველზე შეძლონ მისი გაუმჯობესება. თვითშეფასების კითხვარის შევსება სავალდებულოა.

 

რაც შეეხება კრედიტებს, ჩვენ კრედიტებს თვითშეფასების კითხვარით არ ვაფასებთ – მასწავლებლებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ ეს სადამსჯელო ინსტრუმენტია. ეს კითხვარი მასწავლებლებისთვის იქნება ერთგვარი ორიენტირი, თუ როგორ წარმართონ თავიანთი პროფესიული განვითარება.

 

სქემაში ჩართულობა ითვალისწინებს ვიდეოგაკვეთილების ჩატარებასაც. ამ მოთხოვნისადმი არსებობს შიში და სკეფსისი. ზოგიერთი მას დადგმულ სპექტაკლს უწოდებს, რომელიც მხოლოდ მოჩვენებით წარმოდგენას შექმნის პროცესზე. რას მისცემს მასწავლებელს ვიდეოგაკვეთილები, ამით ეფექტურობის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება?

იმისათვის, რომ მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესის გარე შეფასებისთვის მოემზადოს, დადგენილი კრიტერიუმების გამოყენებით მას სკოლის შეფასების ჯგუფი დააკვირდება – შიდა საგაკვეთილო დაკვირვება ჩატარდება, ანუ ეს იქნება ერთგვარი მომზადება გარე საგაკვეთილო დაკვირვებისთვის. დეტალურად ამის შესახებ უმჯობესია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განმარტოს – გარე საგაკვეთილო შეფასებაზე ის მუშაობს.

 

როგორ აისახება პედაგოგის ხელფასზე სქემაში ჩართულობა?

მასწავლებლების კარიერული ზრდა პირდაპირ კავშირშია მისი ხელფასის ზრდასთან, რომელიც უახლოესი ორი წლის მანძილზე სამჯერ განხორციელდება. პირველი ზრდა დაიწყო სექტემბერში – ყველა მასწავლებელს ხელფასი გაეზარდა 50 ლარით, ამასთან უფროსი მასწავლებლის დანამატი ამ 50 ლარის გარდა იქნება 160 ლარი, წამყვანი მასწავლებლის დანამატი – უფრო მეტი. შესაბამისად, ყოველ საფეხურზე მასწავლებელი იღებს სტატუსის შესაბამის დანამატს. ეს ერთგვარი მასტიმულირებელი უნდა იყოს იმისთვის, რომ მასწავლებელმა აქტივობები განახორციელონ.

 

მეორე ეტაპი იქნება აპრილში – საბაზისო ხელფასი მაშინაც 50 ლარით და დანამატებიც სტატუსის მიხედვით გაიზრდება. მესამე ეტაპი გათვალისწინებულია 2017 წლის იანვარში. ამდენად, მასწავლებლის ხელფასი სამჯერადი ზრდით, 2017 წლის იანვარში 800 ლარამდე მიაღწევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე