კომენტარი

EUMM: სადემარკაციო ნიშნები არ მოიცავს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიას

18 ივლისი, 2015 • 1069
EUMM: სადემარკაციო ნიშნები არ მოიცავს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიას

ელჩმა ნეტგაზეთის კითხვებს წერილობით უპასუხა:

eumm-ის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი/ფოტო - www.delfi.lt
eumm-ის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი/ფოტო – www.delfi.lt

რა სახის აქტივობებს აკვირდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები და რამდენი მეტრით გადმოიწია ადმინისტრაციულმა სასაზღვრო ხაზმა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში სასაზღვრო ნიშნების განლაგების შემდეგ?

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ადგილზე არიან 2008 წლიდან და ყოველთვის ახლოდან აკვირდებოდნენ სოფელ ხურვალეთის, წითელუბნის და ორჭოსანის ირგვლივ გარემოს. დიდი ხანი არაა, რაც ამ ტერიტორიაზე ჩვენ წარმოდგენილები ვართ თითქმის მუდმივად.

 

ჩვენ ვნახეთ, რომ ორი მაჩვენებელი განთავსდა ამ პერიმეტრზე გასულ შაბათ-კვირას. ერთ-ერთი -სოფელ ორჭოსანთან ახლოს, სადაც მსგავსი ნიშანი ადრეც იყო, მაგრამ აპრილის თვიდან გაქრა,  ახალი ნიშანი, რომელიც მის ნაცვლად განათავსეს, 300 მეტრით სამხრეთითაა დაყენებული, ვიდრე წინა იყო. სოფელ წითელუბნის შემოგარენში ჩვენ ვნახეთ ახალი მაჩვენებელი, რომელიც 1200 მეტრით სამხრეთით არის განთავსებული ყველაზე ახლოდმდებარე მაჩვენებლიდან, რომელიც თავის მხრივ ცოტა ხნის წინ დამონტაჟდა. ეს ნიშნები არ მოიცავს  თბილისის კონტროლირებად ტერიტორიას, რომელიც ხელშეუხებელი დარჩა.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ორჭოსანში და წითელუბნის ნაწილზე განთავსებული ბანერები, რომელსაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა, ახალი არ არის და ნიშანი ზუსტად იმ ადგილას იყო განთავსებული 8 აპრილამდე, შეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?

 

მაშინ, როცა ერთი მაჩვენებელი ხელახლა დააყენეს ორჭოსანთან 11 ივლისს, აღმოჩნდა, რომ ახალი ნიშანი დაახლოებით 300 მეტრით სამხრეთით იყო დაყენებული მანამდე არსებული, მოხსნილი ნიშნისგან. უფრო მეტიც ახალი ნიშანი წითელუბნის ტერიტორიაზე  აღმოჩნდა ამ ტერიტორიაზე არსებული ყველაზე ახლომდებარე ნიშნიდან დაახლოებით 1.2 კილომეტრით სამხრეთით  და, შესაბამისად, ბევრად უფრო ახლოსაა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან.

 

რა სახის პრობლემები შეუქმნა ამ ფაქტმა ადგილობრივ მოსახლეობას? მათი თქმით, “საზღვრის” გადმოწევით ისინი სასოფლო სამეურნეო მიწას კარგავენ.

 

ადგილობრივი მოსახლეობა მიწაზე “ხაზებს” ვერ ხედავს. მათთვის ეს ნიშნები  იმ გარემოში, სადაც ისინი ცხოვრობენ, მიწაზე მუშაობენ , ნათესავებს და სასაფლაოებს სტუმრობენ, აღნიშნავს ზონებს, სადაც წასვლა შეიძლება და სადაც არ შეიძლება. ეს ნიშნები აღნიშნავს იმ სივრცეებს, სადაც ადამიანები დაკავების რისკის ქვეშ არიან. ადამიანები, რომლებიც ამ ნიშანს აღიქვამენ როგორც ხაზს (საზღვარს), ეს ადამიანები მართლაც წამოვიდნენ ამ ტერიტორიიდან, რასაც ნეგატიური ზეგავლენა აქვს მათ ცხოვრებასა და თავისუფლად გადაადგილების უფლებაზე.

 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან და წლებია სიტუაციას აკვირდება, “საზღვრთან” დაკავშირებული ინცინდენტები, მათ შორის მავთულხართებთან და ადამიანების დაკავებასთან დაკავშირებული ინცინდენტები არცთუ იშვიათია. ხომ არ დაუყენებია საქართველოს მთავრობას მანდატის გაფართოვების საკითხი ინცინდენტების პრევენციისთვის? რას აკეთებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინცინდენტების პრევენციისთვის?

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველაზე დიდი საერთაშორისო წარმომადგენლობაა ადგილზე. ძალიან ხშირად ჩვენ გვესმის ადგილობრივი მოსახლეობისგან, რომ ისინი უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, როცა ჩვენ იქ ვართ. მიუხედავად ამისა, ისეთი ინცინდენტები, როგორიცაა დაკავება, კვლავ ხდება.

 

ჩვენი უმთავრესი მიზანია და ჩვენი მანდატია დავაკვირდეთ მთავარ მიზანს, ადგილზე ყოველდღიური ცხოვრების ნორმალიზებას და სტაბილიზაციას და დროდადრო ზუსტი და სანდო ინფორმაცია მივაწოდოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ბრიუსელში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

 

ჩვენ ასევე გვაქვს სხვა ინსტრუმენტები, როგორიცაა ცხელი ხაზი და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, სადაც ხელს ვუწყობთ შესაბამისი ინფორმაციის დროულად გაცვლას და განვიხილავთ ადგილზე უსაფრთხოების საკითხებს.

 

 

ჩვენი მანდატი საკმაოდ ფართოა, მაგრამ პრაქტიკაში ჩვენ არ გვაქვს ხელმისაწვდომობა იმ სივრცეზე, რომელიც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს მიღმაა. ეს საკითხი მუდმივადაა დღის წესრიგში და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დაკვირვება, როდესაც სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს. მე მჯერა, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიღმა ხელმისაწვდომობა  მნიშვნელოვანია და დაეხმარება სიტუაციას, რადგან ჩვენ გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს უფრო სანდო ინფორმაციას მივაწვდით. თუმცა ჩვენ მხოლოდ ნაწილი ვართ უფრო ფართო ევროკავშირის და საერთაშორისო ძალისხმევის, რათა უსაფრთხოება და სტაბილურობა  და კონფლიქტის გადაწყვეტა უზრუნველვყოთ. ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ნაბიჯებს, რომლებიც შესაძლებელია აღქმული იქნას როგორც პროვოკაციული, ყველამ თავი უნდა აარიდოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი