ნეტგაზეთი | უიმედო გემი სოხუმის პორტში უიმედო გემი სოხუმის პორტში – Netgazeti
RU | GE  

უიმედო გემი სოხუმის პორტში

“არგო” ყველაზე ცნობილი გემია,  რომელსაც ოდესმე შავ ზღვაში გაუცურავს. კოლხეთის, ძველი ბერძნების, იაზონისა და მედეას ამბების შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. უკანასკნელი 250 წლის განმავლობაში აფხაზეთის სანაპიროზე შემოსულმა რამდენიმე გემმა კი თავად აფხაზეთის ცხოვრება შეცვალა რადიკალურად. მათ ახალი რეალობის შექმნას შეუწყვეს ხელი. ბიძგი მისცეს მხარის ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების განსხვავებულად განვითარებას. შეცვალეს სოციალურ კლასთა შორის ურთიერთობები.  რამდენიმე გემის პორტში შემოსვლასა და გასვლას კი ეთნიკური კომპოზიციის რადიკალური ცვლილებაც კი გამოუწვევია.  

XIX საუკუნეში ასეთი ის გემები იყვნენ, რომლებსაც მუჰაჯირები გადაჰყავდა აფხაზეთიდან ოსმალეთის იმპერიაში. გაზეთი “დროება” ამ დრამატულ მოვლენას ასე აღწერდა:

„მომეტებული ნაწილი აბხაზებისა, რომელიც ხომალდებზე წაიყვანეს გადასასახლებლად, სტიროდნენ, ბღაოდნენ, ხელებს თავიანთი სამშობლო ქვეყნისკენ იშვერდნენ“ (სტილი დაცულია დ.ჯ) მეცხრამეტე საუკუნის ქართულენოვანი პრესა გულგრილი არ იყო რუსეთ-ოსმალეთის ომის შესახებ და ინფორმაციებიც უხვად იბეჭდებოდა სხვადასხვა კუთხის საომარი მოქმედებების თეატრიდან.   გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ „ღენერალ ალხაზოვს მტერი მოკვს იქით გაუდევნია და გალიზგის იქითა ნაპირას დაბანაკებულა, გუმის მაღლობზედ. ომში ჩვენი ერთი კაცია მკვდარი და სამი დაჭრილი“. (სტილი დაცულია დ.ჯ) ამ ამბებში „ჩვენში“ ივერია რუსის ჯარს გულისხმობს, რომლის შემადგენლობაშიც იმპერიის სხვა ხალხებთან ერთად ქართველებიც იყვნენ. „მტრები“ კი ოსმალები არიან, მისი ჯარის შემადგენლობაში ეთნიკური აფხაზებიც შედიოდნენ. იგივე პათოსი ჩანს პოლკოვნიკ შელკოვნიკოვის ამბის აღწერისას, რომ მას „გაგრის გარდასასვლელი გარდაუვლია, რომელსაც აბხაზები და ოსმალოს ხომალდები იცავდნენ. ბევრი თოფ იარაღი წაურთმევიათ მტრისათვის, აგრეთვე სამი ათასი თავი საქონელი“.

სოხუმი. ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, დონარა კანდელაკის კოლექცია

სოხუმი. ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, დონარა კანდელაკის კოლექცია

მუჰაჯირობის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორია გაუკაცრიელებული იყო. 1880 წელს  პოლკოვნიკი სობოლევი , რომელიც სოხუმის ოკრუგის საქმეებს განაგებდა, აღნიშნავდა, რომ მხოლოდ სოხუმის ოკრუგში ომამდე მოსახლეობა დაახლოებით 72 000 სულს შეადგენდა, ხოლო ომის შემდეგ დარჩა 45 000, დაახლოებით 28 ათასი კი გადასახლდა თურქეთში. რუსული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაოდა იმაზე, როგორ მომხდარიყო ამ მხარის ადმიანისტრაციულ-ტერიტორიული ინტეგრირება იმპერიაში. აქტიურად მუშავდებოდა პროექტი, რომ მუჰაჯირების მონაცვლე ერი ამ მხარეში ეთნიკური რუსები ყოფილიყვნენ. კოლონისტებისთვის შეღავათების დაწესებაც იგეგმებოდა, თუმცა კლიმატური პირობების გამო ეთნიკური რუსების მასობრივი ჩამოსახლება აფხაზეთში არ მოხდა. 

თურქეთში წასული აფხაზები კი ყველანაირი გზით ცდილობდნენ უკან, სამშობლოში დაბრუნებას. კავკასიის სამხედრო ოკრუგის მმართველი, პოლკოვნიკი არაკინი 1880 წელს აღნიშნავდა, რომ ბათუმიდან იშვიათ კომერციულ ორთქმავალს ჩამოჰყავდა აფხაზები უკან.  რუსი ოფიცრის ინფორმაციით, აფხაზები მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში იყვნენ. იმპერია არ იღებდა ფინანსურ ვალდებულებას მათ უკან დაბრუნებაზე, არც აძევებდა აფხაზეთიდან. მათ უფლება ეძლეოდათ დარჩენილიყვნენ იმ მოსახლეობასთან, ვინც გადასახლებაში არ წასულა. 

„დაბრუნება“ ყოველთვის მშვიდობიანი არ იყო და არც ნებართვას თხოულობდა ვინმე.  გაზეთ “ივერიაში” ასეთ სტატიასაც წააწყდებით, რომ „ გუდაუტს მიადგა ექვსი ოსმალოს სამხედრო ხომალდი, გადასწვა გუდაუტი და გადმოსხა ხმელეთზე ორი ათას კაცამდე. ეს ორი ათასი კაცი სულ იმათგანი არიან, რომლეbიც ოსმალეთში გადასახლდნენ.“

რუსეთის იმპერია სიფრთხილით ეკიდებოდა აფხაზებს, არ ენდობოდა მათ და ოფიციალურ მიმოწერაში არც მალავდა ამას. რუსეთის იმპერიამ ისე დაასრულა არსებობა, რომ ეთნიკური აფხაზები კიდევ ელოდებოდნენ, ერთხელაც ძველი აფხაზები, მათი ერის ხალხი უკან დაბრუნდებოდა საკუთარ სამშობლოში. ეს ლოდინის ილუზია დღემდე ცოცხალია . . . 

რუსეთის იმპერიამ არსებობა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ შეწყვიტა. მის ვრცელი ტერიტორია კი არეულობამ და სამოქალაქო ომმა მოიცვა. აფხაზეთში პოლიტიკური გაურკვევლობა იყო. 1918 წლის თებერვალში სოხუმის პორტში მოულოდნელად  შეჩერდა კრეისერი „დაკია“. ის ტრაპიზონიდან სევასტოპოლში ბრუნდებოდა. აკაკი ბაქრაძე ამ გემის ეკიპაჟზე წერს, რომ „მეზღვაურთა და ჯარისკაცთა უმრავლესობა ოქტომბრის რევოლუციას მიმხრობოდა და მზად იყო კომუნისტური იდეალისათვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლა.“ 

თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა, თუმცა ერთმა შემთხვეამ გემ „დაკიას“  ისტორიაში საკუთარი ადგილი დაუმკვიდრა. გაზეთი “ერობა” ამ შემთხვევაზე ვრცლად წერდა:

„15 თებერვალს სამი ტრანსპორტის მატროსები ამოვიდნენ ქალაქში და ძალზედ გამომწვევად ეჭირათ თავი, ბულვარში აფიცერ ემხვარს მოსთხოვეს პაგონების ახდა. აფიცერმა პროტესტი განაცხადა. გაისმა სროლის ხმა. არიან დაჭრილები. ქალაქის მეორე ნაწილში მოჰკლეს  მატროსი, 2 დაჭრეს და 3 დაატუსაღეს. მოკლული მატროსი თან წაიღეს და მოითხოვეს დატუსაღებულების განთავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარბაზნებს დავუშენთ ქალაქსო. ღამის აფხაზების მიერ დატყვევებული მატროსები გაანთავისუფლეს, ტრანსპორტები წავიდნენ. ტრანსპორტების წასვლამდე ქალაქში ისმოდა სროლის ხმა. მცხოვრებნი შეშინდნენ, ბევრი სოფლებში წავიდა. წითელ გვარდიამ და აბხაზების რაზმმა იკისრა ქალაქის დაცვა.“ 

ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს პოლიტიკური სიტუაცია მცირედი ცვლილებებით შემდეგში ლეო ქიაჩელმა მისი გამორჩეული ნაწარმოების „ჰაკი აძბას“ მთავარ სიუჟეტად აქცია. თუმცა გემი დაკია და დანარჩენი კრეისერები სხვა რამით არიან გამორჩეულები. ისინი ახალი დროების მომტანები აღმოჩნდნენ აფხაზეთში. ქრონოლოგიურად ეს არის 1918-1991 წლებს შორის პერიოდი. პირველი რესპუბლიკის დროს დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა იყო აფხაზეთში. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომელთა რიგებში ეთნიკური აფხაზებიც საკმაოდ იყვნენ აქტიურად ებრძოდნენ ბოლშევიკებს. ეს უკანასკნელნი საჭირო მომენტს ელოდნენ გადატრიალების მოსახდენად. ეს „კატა-თაგვობანას“ პოლიტიკური თამაშები 1921 წლის 4 მარტს დასრულდა აფხაზეთის გასაბჭოებასთან ერთად. მერეც არ იყო მარტივი ურთიერთობები თბილისსა და სოხუმს შორის, პროტესტებიც იყო და დემონსტრაციებიც, თუმცა ამ პერიოდში ყალიბდება აფხაზეთის ის იმიჯი, რომელიც დღემდე ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობაში. ეს არის კონცეფცია აფხაზეთი, როგორც „საბჭოთა რივიერა“; ზღვა, სუბტროპიკები, „საიუზიდან“ ტურისტები,  საკურორტო ცხოვრება. გემი “დაკია”, ნიკოლოზ ემხვარი და თებრევლის რევოლუცია კი წარსულის საკუთრება გახდა და მხოლოდ ისტორიკოსებსა თუ პოლიტიკოსებს ახსენდებათ, როცა მანიპულაციების დრო დგება. 

სოხუმი. ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, დონარა კანდელაკის კოლექცია

სამაგიეროდ, „საბჭოთა რივიერის“ დასასრული 1992 წელს დადგა. აფხაზეთში ომის დაწყებასთან ერთად ტურისტებიც აღარ ჩადიან იმ რაოდენობით და არც აფხაზეთია იმ დანიშნულების მატარებელი, რაც ავტონომიურ რესპუბლიკას ჰქონდა საქართველოში.  1992-1993 წლებბის ეთნიკური კონფლიქტის შემდეგ ქართველმა მოსახლეობამ აფხაზეთი მასობრივად დატოვა. ამ პერიოდში მიგრაციისთვის ყველა ტიპის ტრანსპორტი გამოიყენებოდა, სახმელეთო ტრანსპორტი, საჰაერო და, რასაკვირველია, საზღვაო –  გემები. ამ შეთთხვევაში კვლავ შეიცვალა ეთნიკური სურათი. 1993 წლის კადრების ყურებისას, თუ როგორ ტოვებს მოსახლეობა აფხაზეთს, ერთგვარი სურათი ახლდება იმ მეცხრამეტე საუკუნის მუჰაჯირ აფხაზებთან, რომლებიც მაშინ ხელს უქნევდნენ საკუთარ სამშობლოს და დაბრუნების იმედს არ კარგავდნენ. 

ომის შემდეგ აფხაზურ სანაპიროს მხოლოდ რუსული და თურქული გემები თუ სტუმრობენ. 2019 წელს საკრუიზო ლაინერმა, „მეფე ვოლოდიმირმა“ სოხუმის პორტში შეცურა. მას დე ფაქტო პრეზიდენტი და მთავრობის დელეგაცია დახვდა. შედგა ოფიციალური შეხვედრებიც. სოციალურ ქსელებში ხალხი დიდი ეიფორიით შეხვდა ამ გემის შემოსვლას. აფხაზურმა საზოგადოებამ ეს გემი აღიქვა როგორც წარსულის დაბრუნება. თითქოს ამ გემთან ერთად დაბრუნდებოდნენ ტურისტები, ის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც საბჭოთა აფხაზეთში იყო, ის ინფრასტრუქტურა, დაბრუნდებოდა ყველაფერი, გარდა ეთნიკური ქართველებისა.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი