კომენტარი

გთხოვთ, არ მოიკლათ თავი! ეს არაა გამოსავალი – ალექსანდრე ლორთქიფანიძე

18 დეკემბერი, 2019 • 12099
გთხოვთ, არ მოიკლათ თავი! ეს არაა გამოსავალი  – ალექსანდრე ლორთქიფანიძე

ავტორი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, გადაცემა “წიგნების თაროს” წამყვანი.

ბავშვებო. მოზარდებო. ახალგაზრდებო. მოსწავლეებო. სტუდენტებო.

მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით ათასი აზრი მომდის თავში, ათასი გაბრაზება, განრისხება, გამწარება. ათასი რამის თქმა მინდა და არ ვიცი, რისი თქმაა სწორი და რისი არ, რა იქნება სასარგებლო და რა სავნო. ეს დიდი დანაღმული ველია და არ მინდა ამ ველზე მაინსუიფერი ვითამაშო.

მაგრამ ერთი, რაც ზუსტად ვიცი, ბავშვებო, მოზარდებო, ახალგაზრდებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, გთხოვთ, გევედრებით, გემუდარებით, არ მოიკლათ თავი!

როგორც არ უნდა გიჭირდეთ, რამდენი მხეციც არ უნდა აბინძურებდეს თქვენს ყოველდღიურობას,
რამდენი ნაძირალაც არ უნდა აფათურებდეს ხელებს თქვენს პირად სივრცეში, რა ჭაობისა და ტალახის გავლაც არ უნდა გიწევდეთ, რამხელა დეპრესიასაც არ უნდა ებრძოდეთ, გთხოვთ, როგორც თქვენი მეგობარი, ოდნავ უფროსი, მაგრამ ისტორიისთვის –თანატოლი, როგორც თქვენი თანამოქალაქე, გთხოვთ, არ მოიკლათ თავი!

ეს არაა გამოსავალი. ყველაზე საშინელ, უმძიმეს წამებს, აუცილებლად მოჰყვება სინათლე, ოღონდ გაუძლოთ, გამოიჩინოთ სიმტკიცე, იპოვოთ სწორი ადამიანები, ვინც გვერდში დაგიდგებიან, იპოვოთ სწორი გზები, რომლებიც გამოგაძვრენთ ამ გვირაბიდან.

გთხოვთ, დამიჯერეთ, ყოველთვის არსებობენ ადამიანები, ვისაც თქვენთვის კარგი უნდა, ვინც დაგეხმარებათ, ვინც სხვანაირად ფიქრობს და აზროვნებს, ვინც გადაგატანინებთ ყველაფერს, არსებობენ ადამიანები, ვისაც უყვარხართ, განურჩევლად იმისა, კარგად გიცნობთ, თუ საერთოდ არა.

გაბრაზდით, გვიყვირეთ, გვეჩხუბეთ, მოგვიხატეთ კედლები, გვითხარით, როგორი დაუნახავები ვართ, როგორი სასტიკები, როგორი დაუნდობლები, როგორი გულგრილები, როგორი არარაობები, ოღონდ თავი არ მოიკლათ!

მე ვინ ვარ, მაგრამ მე მომწერეთ თუნდაც, ვილაპარაკოთ, ვიმეგობროთ, ერთად გადავიტანოთ ეს ყველაფერი, ოღონდ თავი არ მოიკლათ, ბავშვები არ უნდა იკლავდნენ თავს, ბავშვები საერთოდ არ უნდა კვდებოდნენ, გთხოვთ, გემუდარებით, როცა კი იგრძნობთ, რომ იმის იქით აღარაფერია, ბოლოა, დასასრულია, გაიხსენეთ, რომ თვალი გატყუებთ, აზრი გატყუებთ, ცდებით, რადგან სამყარო უსასრულოა და ყოველთვის არის რაღაც, რასაც ჩვენი მზერა ვერ წვდება, ყოველთვის არის გამოსავალი..

რა გემუქრებათ – შერცხვენა? ერთი სირცხვილის დედაც!
ტკივილი? – გადავიტანთ! ერთი ტკივილების დედაც!
მარტოობა? – ყველა ადამიანი მარტოა და თან არც, ერთი მაგის დედაც.
რაც არ უნდა გელოდებოდეთ – ყველაფერი ჯობს სიკვდილს, იცოცხლეთ, გაუძელით, დაგვიხმარეთ, მიმართეთ ყველა გზას და თავი არ მოიკლათ, ოღონდაც “ამ ცხოვრების დედაც” არ თქვათ. ყველაფერს ეშველება, სიკვდილის გარდა.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, ბავშვებო, მოზარდებო, ახალგაზრდებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, არ მოიკლათ თავი, არასდროს, არსად, არცერთ შემთხვევაში.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი