“მარიხუანის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ეს კანონი, მისი კრიმინალიზაცია არის სრული გადმონაშთი ტოტალიტარიზმის, დამახასიათებელი მხოლოდ არათავისუფალი, ტოტალიტარული საზოგადოებისა. მარიხუანის კრიმინალიზაცია – ეს არის სახელმწიფოს ბერკეტი, მოახდინოს ადამიანების მანიპულაცია, გამოიყენოს ბოროტად და იყენებს კიდევაც მას ბოროტად. ამ კანონით ის სჯის და უნგრევს ცხოვრებას ადამიანებს გაუგებარი მიზეზების გამო. კიდევ ერთი, რაც ემატება, თვითონ წარმოდგენა, რომ “ის არის ნარკომანი”, ესეც ახდენს ადამიანების სტიგმატიზაციას, რომ აი, ისინი არიან ნარკომანები, რაღაცნაირად ცუდი, საშინელი ხალხი. ეს სტერეოტიპი გაუჯინეს ხალხს ცნობიერებაში, აი, ეს არის თავისთავად დანაშაულებრივი, ეს არის ფაშისტური იდეოლოგია. არ მომერიდება ამ ტერმინის ხმარების და ყოველთვის შევეცდები დავასაბუთო, რომ ეს არის ფაშიზმი, ადამიანების მოქცევა ერთი ნიშნის ქვეშ, მათთვის რაღაცების დაბრალება და ა.შ. დაუყოვნებლივ გასაუქმებელია ეს კანონი და საერთოდ დავსვამდი ასე შეკითხვას, რომ ვინც შემოიტანა, დააკანონა და აამუშავა ეს კანონმდებლობა, მათ უნდა აგონ პასუხი ოდესმე, ადრე თუ გვიან,”- თქვა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
“ეს არის ჩვეულებრივი, ადამიანური მოთხოვნა, რომ მოსაწევის გამო ადამიანი ციხეში არ ჩაჯდეს, და უფრო ლოგიკური ჯაჭვი გავაბათ აზროვნების, როგორ შეიძლება ამას მივაღწიოთ,”- ამბობს აქციის მონაწილე, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სალომე ბარკერი ამბობს, რომ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა არ მუშაობს
“ის, რომ ადამაინს სჯი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამეს კარგს უკეთებ. მარიხუანის მოწევის გამო ციხეში გაშვება რომ არანაირ სიკეთეს არ ემსახურება, ამას მიხვდა ყველა, ჩვენ გარდა. ჩვენ გვინდა, რომ არ დაგვიჭირონ. არ დაიჭირონ ადამიანები მოწევის გამო,“ ამბობს სალომე ბარკერი, რომელიც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია,”- თქვა მან.
მწერალი ერეკლე დეისაძე “ნეტგაზეთს” ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაზე ესაუბრა:
“ადამიანები, რომლებიც ციხეში სხედან ამ მუხლით, ყველა იმ მინისტრის და ყველა პოლიტიკოსის კისერზეა მათი ცოდვა, რომლებიც ცალ-ცალკე ეთანხმებიან, რომ უნდა იყოს დეკრიმინალიზებული მარიხუანა, მაგრამ პასუხიხმგებლობის აღება უჭირთ და ეს ძალიან სამარცხვინოა. როცა პოლიტიკოსი ხარ, პასუხისმგებლობის აღების უნარიც უნდა გქონდეს და გამბედაობაც,”- განაცხადა მან.
“მარიხუანის მოხმარების გამო დაჭერა იგივეა, რომ იჭერდნენ ჩაიში 4 კოვზი შაქრის ჩაყრისთვის, ან ზედმეტაც ცხიმიანი საჭმელის ჭამისთვის. სისულელეა ეს და უნდა დამთავრდეს,”- ამბობს აქციის მომაწილე, პროდიუსერი მიშა მშვილდაძე.
აქციას მარიხუანის დეკრიმინალიზების მოთხიოვნით პარლამენტის წევრები – თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და ენმ-ის წარმომადგენელი კობა სუბელიანიც შეუერთდნენ.
“აქ ვარ იმიტომ, რომ მარიხუანის გამო არ დაიჭირონ ადამიანები. ის, რაც წინა წლებში ხდებოდა, იყო შეცდომა და გამოსწორდეს,”- განაცხადა დეპუტატმა კობა სუბელიანმა
“მარიხუანის და პლანის მოხმარებისათვის ადამიანები არ უნდა ხვდებოდნენ ციხეში. თუ სახელმწიფოს აქვს პრეტენზია დემოკრატიულობაზე, მე მგონი, სადაც დემოკრატია არ არის, იქაც არ იჭერენ ადამიანებს, არ სვამენ მოხმარებისთვის ციხეში. მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს ცვლილება მოხდეს, მაგრამ მომავალში ეს აუცილებლად უნდა განხორციელდეს, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ჩვენ მოვალთ,”- ამბობს ზურაბ აბაშიძე.
აქცია დეკრიმინალიზების მოთხოვნით თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან 18:00-ზე დაიწყო. წლევანდელი აქციის სლოგანი იყო “არ დაიჭირო”.
მონაწილეებს თან სხვადასხვა პლაკატი ქონდათ, სადაც მარიხუანის კრიმინალიზების საწინააღმდეგო ტექსტი ეწერა. აქციაზე არ გამოსულან სიტყვით, თუმცა მთელი დროის განმავლობაში იყო მუსიკა, რომელსაც MZESUMZIRA უზრუნველყოფდა.
აქციები მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გასულ წლებშიც გაიმართა.