ავტორი: თორნიკე შარაშენიძე
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი 2008 წლის ომის შემდეგ სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდება. ე.წ. სკეპტიკოსი ქვეყნები (უპირველესად გერმანია) მეტად ფრთხილად ეკიდებოდნენ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხს ჯერ კიდევ ომამდე, როცა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში რუსი სამშვიდობოები იდგნენ. შესაბამისად, ისინი კიდევ უფრო ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს, როცა ახლა იქ რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული. ეს რეალური პრობლემაა და მასზე თვალის დახუჭვა არაფერს მოგვიტანს.
ომის შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში საქართველოს მაინც ჰქონდა გარკვეული პოზიტიური დინამიკა ნატოში ინტეგრაციის პროცესში, რაც განაპირობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში აქტიურად ჩართვამ. მაგრამ ამის მიუხედავად სკეპტიკოსი ქვეყნები არათუ არ განიხილავდნენ საქართველოს გაწევრიანების საკითხს, არამედ კვლავ უარს ამბობდნენ ე.წ. მაპის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მოცემაზეც კი. ამას დაემატა ყირიმის ანექსია, რომლის შემდეგაც ალიანსი რუსეთის მეზობელი წევრი ქვეყნების – ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის – დაცვაზე გადაერთო. აქ ნატოს წევრი დიდი სახელმწიფოების (უპირველესად ამერიკელი) სამხედროები განლაგდნენ და ბალტიისპირეთის დაცულობის საკითხი ამგვარად გადაიჭრა.
ამ ისტორიამ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოავლინა: ამერიკელი სამხედროების ყოფნა დაცვის უფრო ძლიერ გარანტიად აღიქმება, ვიდრე ნატოს წევრობა, როგორც ასეთი. ყოველ შემთხვევაში, ასე აღიქვეს ბალტიისპირეთში.
ეს გასაკვირი არ არის. წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი: რუსული ჯარი ლატვიაში შეიჭრა. მეორე დღეს ბრიუსელში სასწრაფო წესით მოიწვიეს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა, რათა აამოქმედონ მეხუთე მუხლი. მაგრამ მოხდა ისე, რომ ალიანსის რომელიმე წევრმა ქვეყანამ ამაზე უარი განაცხადა (იქ კი გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება) იმ მიზეზით, რომ ლატვიის გამო რუსეთთან ომი არ ღირს.
ყირიმის ომის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებში უამრავი ასეთი სცენარი გააანალიზეს (ზოგი ღიად, ზოგი საიდუმლოდ). ბუნებრივია, იგივე გააკეთეს ბრიუსელსა და ვაშინგტონში. ერთ-ერთი, რომელიც გასაჯაროვდა, “ნარვას სცენარად” იწოდება და მისი მოძებნა და მასთან გაცნობა მარტივად შეიძლება.
ამერიკელი სამხედროების განლაგება ერთგვარი დასწრებაზე თამაშია. თუკი, დავუშვათ, რუსული ჯარი ლატვიაში შეიჭრა და მოასწრო რიგის აღება, სანამ ნატო რეაგირებას მოასწრებს, არსებობს შანსი (ზემოხსენებული სცენარით), რომ ალიანსი შემდგომ კონფრონტაციას მოერიდოს – ლატვიაში უკვე დგანან რუსები და მათზე დარტყმა ასე იოლი არაა. მაგრამ თუკი ლატვიაში ამერიკელი სამხედროები უკვე დგანან, იქ პრაქტიკულად გამორიცხულია რუსული ჯარის შესვლა, რადგან აქ უკვე მოსკოვი მიდის გაცილებით დიდ რისკზე – ლატვიის გამო ამერიკას და მთელ ნატოს ეჯახება, ეჯახება ფიზიკურად, რადგან იქ ფიზიკურად არიან ამერიკელი სამხედროები.
ამერიკელი სამხედროების ყოფნას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე გაცილებით უფრო დიდი და ძლიერი პოლონეთიც კი ნატრობს. იქაც მშვენივრად ესმით, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის დაწყების შემდეგ რეალობა შეიცვალა. თუმცა ცვლილებას 2008 წელს ჩაეყარა საფუძველი, 2014 წელს კი უბრალოდ მისი გააზრება მოხდა.
და აქ დროა ისევ ჩვენს ქვეყანას მოვუბრუნდეთ. ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეფერხებულია. ბუქარესტის სამიტისა და რუსეთთან ომის შემდეგ თერთმეტი წელი გავიდა და, სამწუხაროდ, ალიანსთან ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების იქით საქმე არ მიდის. ცოტა ხნის ხელახლა გაგვახსენეს ე.წ. ლიუკ კოფის გეგმა, რომელიც გულისხმობს ნატოში გაწევრიანებას იმ პირობით, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სანამ მათზე ჩვენი იურისდიქცია არ აღდგება. ამ გეგმის გახსენებამ კიდევ ერთხელ გამოიწვია აჟიოტაჟი, რადგან ამჯერად ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენისგან მოდიოდა, მაგრამ აჟიოტაჟი ისევე მალე დასრულდა, როგორც კი ნატოს მოქმედმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მსგავსი სცენარით საქართველოს მიღება არ განიხილება (ჩანს, სკეპტიკოს ქვეყნებს არც ეს სცენარი მოსწონთ, რადგან უბრალოდ არ სურთ ჩვენი გაწევრიანება). აქ ალბათ უპრიანია დავსვათ შეკითხვა, რატომ არ ლაპარაკობდა ე.წ. ლიუკ კოფის გეგმაზე რასმუსენი მაშინ, როცა გენერალური მდივნის პოსტი ეკავა? იმიტომ ხომ არა, რომ ეს გეგმა ნატოში არც მის დროს განიხილებოდა?
მოკლედ, რადგან ნატოში ინტეგრაციის მხრივ სერიოზული შემაფერხებელი პრობლემები არსებობს, რატომ არ უნდა დავფიქრდეთ გაცილებით უფრო მარტივ და ამავე დროს უფრო საიმედო ალტერნატივაზე – ამერიკასთან ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე? ნატო ხომ არ არის თვითმიზანი. თვითმიზანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და განვითარებაა. ნატო ამ ყველაფრის მიღწევის საშუალებად და ინსტრუმენტად განიხილება. მან საქართველოს უკვე მოუტანა გარკვეული სიკეთეები მთელი რიგი რეფორმის სახით, რომელმაც გაგვაძლიერა. მაგრამ უშუალოდ ნატოში წევრობის პერსპექტივას რაც შეეხება, აქ ლოდინი გვიწევს. როგორც უკვე ვთქვით, თერთმეტი წელი გავიდა ბუქარესტის სამიტიდან და რუსეთთან ომის შემდეგ. დროის გასვლასთან ერთად ჩვენს საზოგადოებას აუცილებლად გაუჩნდება ერთი მარტივი შეკითხვა: კიდევ რამდენი ხანი უნდა ველოდოთ? აქამდე საქმის მიყვანა მეტად სახიფათოა და სანამ ეს მოხდება, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ.
სრულიად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საჭიროა სკეპტიკოს ქვეყნებთან მუშაობის გააქტიურება უშუალოდ მათთან დედაქალაქებში. ღმერთმა ქნას, ამან რამე შედეგი მოიტანოს. მაგრამ რომელი უფრო რეალურია: ბერლინისა და პარიზის დარწმუნებ,ა მწვანე შუქი აგვინთონ ნატოზე, თუ ვაშინგტონის დარწმუნება, რომ საქართველოს დაცვისათვის ჩვენთან სამხედრო თანამშრომლობა გააღრმაოს? ბოლოს და ბოლოს, ამერიკამ ხომ ამდენი გააკეთა საქართველოსათვის და მის ინტერესებში უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი წყალში არ გადაიყაროს. თუკი ლიუკ კოფისა და სხვა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ჩვენი დახმარება სურთ, იქნებ ამ ალტერნატივაზე დაფიქრდნენ, მას ხომ ლობირება მხოლოდ ერთ დედაქალაქში სჭირდება – ვაშინგტონში.
ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამჟამად ეს დედალაქიც სხვა საკითხებზეა გადართული, მით უფრო, რომ ახლა იქ არჩევნების წელი მოდის. შესაბამისად, ჩვენი საკითხი იქ რეალურად შეიძლება სწორედ არჩევნების შემდეგ დაიძრას. მაგრამ აქედან გამომდინარე საქართველოს შეუძლია მომავალი ერთი წელი ამ იდეისათვის ნიადაგის მოსინჯვაზე გამოიყენოს იმის იმედით, რომ არჩევნების შემდეგ ახალი ადმინისტრაციისათვის საქართველო პრიორიტეტად იქცევა.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს “ნეტგაზეთის” პოზიციას.
ავტორის შესახებ:
თორნიკე შარაშენიძე არის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი GIPA-ში. იგი არის საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი; კითხულობს ლექციებს დიპლომატიის ისტორიასა და დაზვერვის თეორიასა და პრაქტიკაში. GIPA-ს ვებგვერდის თანახმად, სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმომხილველად წამყვან ქართულ გაზეთებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად კორპორაცია ”რენდის” მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში, საქართველოში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფონდის მკვლევრად.