კომენტარი

რასმუსენის vs შტაინმაიერის ფორმულა

4 ოქტომბერი, 2019 • 7749
რასმუსენის vs შტაინმაიერის ფორმულა

 სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას 

„რასმუსენის ფორმულის“ საპასუხოდ და საქართველოს ნატოში წევრობისათვის ხელის შესაშლელად რუსეთი შეეცდება, თბილისს თავს მოახვიოს ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა.

თავად გერმანული საინფორმაციო საშუალებებიც, განსაკუთრებით ლიბერალურ-კონსერვატიული გამოცემები („Frankfurter Allgemeine,“ , „Focus“, „Sueddeutsche“) ვერ უარყოფენ, რომ შტაინმაიერის ფორმულით რუსეთმა მიაღწია მაქსიმალურად სასურველ შედეგს, ხოლო უკრაინას მოუხდა მაქსიმალურ დათმობაზე წასვლა, რადგან ახალბედა პრეზიდენტის, ზელენსკის ადმინისტრაციამ სეპარატისტებთან ერთად ხელი მოაწერა “კონფლიქტური რეგიონებისათვის განსაკუთრებული სტატუსის“ შეთანხმებას სამომავლო სტატუსის ღიად დატოვების პირობით. ამასთან, შეთანხმება ვრცელდება მხოლოდ დონბასის რეგიონზე, მაგრამ ყირიმზე-არა.

ერთადერთი, რასაც მიაღწია უკრაინამ, არის ის, რომ ახალბედა პრეზიდენტ ზელენსკის ნორმანდიის ფორმატში (ე.ი. გერმანიის და საფრანგეთის თანამონაწილეობით) შეეძლება, ხელი ჩამოართვას რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და მარტო არ იყოს მასთან დიალოგში.

რაც ყველაზე სამწუხაროა, უკრაინამ ვერ გაუძლო წნეხს და დე ფაქტო აღიარა, რომ კიევს თურმე საქმე აქვს სეპარატისტებთან, ხოლო რუსეთი კონფლიქტში არ არის მხარე – რუსეთის „გაკეთილშობილება“ საბოლოოდ მოემსახურება იმას, რომ ნორმანდიის ფორმატში რუსეთი წარმოჩნდეს როგორც მედიატორი უკრაინის აღმოსავლეთში „სამშვიდობოს სტატუსის“ მინიჭების პერსპექტივით.

ვინ არის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - 2017 წლიდან გერმანიის ფედერალური პრეზიდენტი ?
სამართლის დოქტორი შტაინმაიერი (ბავშვობაში ევანგელისტური ეკლესიის სტიქაროსანი), რომელიც 1975 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია და უფრო  მეტად მემარცხენე-ლიბერალური იდეოლოგიის მხარდამჭერია. სახელმწიფო-პოლიტიკურ სამსახურს იწყებს 1993 წელს ნიდერსაქსონიის სამხარეო კანცელარიის რეფერანტად და კარიერული წინსვლა დღემდე უკავშირდება გერჰარდ შროედერის სახელს (1998-2005 გერმანიის ფედერალური კანცლერი, დღეს – ნორდსტრიმის საბჭოს თავმჯდომარე და გაზპრომის პოლიტიკური მრჩეველი). შროედერის მთავრობაში სახელწმიფო მდივნის რანგში (ე.ი. კაბინეტის წევრი არ იყო) ხელმძღვანელობდა ფედერალური კანცლერის ოფისს და კოორდინაციას უწევდა უშიშროების სამსახურებს, ხოლო 2005-2017 წლებში (წყვეტა 2009-2013) იყო ფედერალური ვიცეკანცლერი და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი.

2008 წლის ივლისში შტაინმაიერს უკავშირდება შუამავლობის მცდელობა (დიპლომატიური მარათონი: თბილისი-სოხუმი-მოსკოვი-ბათუმი) საქართველოში. როგორც 2011 წელს თავად აღიარა, მისი ჩარევა აღმოჩნდა მნიშვნელოვნად დაგვიანებული, რაშიც განსაკუთრებით დარწმუნდა მოსკოვში თავის რუს კოლეგასთან, ლავროვთან შეხვედრის შემდეგ – აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტებზე მას რუსეთის სახით ესაუბრებოდა კონფლიქტის მხარე და არა მშვიდობისმყოფელი თხუთმეტწლიანი გამოცდილებით.

შტაინმაიერი დღემდე ადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, მაგრამ ყოველთვის ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში (ე.ი. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ჩათვლით). პრეზიდენტი მედვედევი და მთავრობის თავმჯდომარე პუტინი არ შეხვდნენ 9-საათიანი ლოდინის მიუხედავად, ხოლო ლავროვმა ყვითელი ბარათი უჩვენა, რომ მეორედ არ ჩარეულიყო იმ კონფლიქტში, რომელშიც 1993 წლიდან გაეროს და ეუთოს ეგიდით რუსეთი შუამავლის მანდატით სარგებლობდა. რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა გერმანიის თანამედიატორობას, თუ ლავროვის პროექტის მიხედვით, თბილისს დაითანხმებდა სეპარატისტულ რეგიონებთან „ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმების“ გაფორმებაზე.

როგორ შეიძლება საქართველოსთვის გამოიყურებოდეს შტაინმაიერის ფორმულა ? – პროექტის მთავარი ყურადღება, და ამას უკრაინის მაგალითიც ადასტურებს, გადატანილი იქნება იმაზე, რომ საქართველოს ცენტრალურმა მთავრობამ გააფორმოს „ცეცხლის განუახლებლობის“ შეთანხმება სეპარატისტულ რეგიონებთან, როგორც წინაპირობა სოციალურ-ჰუმანიტარული თანამშრომლობისთვის თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ევროკავშირის და რუსეთის ერთობლივი მონიტორინგის ქვეშ და მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა (შეიძლება, რუსეთმაც) დააფინანსოს აღნიშნული პროექტები.

გარდა იმისა, რომ საქართველო ამით აღიარებს სოხუმს და ცხინვალს, როგორც კონფლიქტის მხარეებს, რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, რომ განთავისუფლდეს იმ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობისგან, რომლებიც 2008 წელს სარკოზის შეთანხმებით აიღო და არცერთი მათგანი დღემდე არ შეუსრულებია.

რუსეთის „გაკეთილშობილების“ ასეთი მზაკვრული გეგმა არა მხოლოდ ხელს შეუწყობს რუსეთის მედიატორად კიდევ ერთხელ კრისტალიზაციას მის მიერვე ეთნიკური ნიშნით საქართველოსთვის თავსმოხვეულ ტერიტორიულ კონფლიქტებში, არამედ გზას გაუხსნის ოფიციალურ მოსკოვს, რომ შეეცადოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას 2014 წლიდან დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ – საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა მომდევნო ათწლეულში პუტინის რეჟიმის შენარჩუნების აუცილებელი წინაპირობაა.

„შტაინმაიერის ფორმულა“ შეიძლება მოემსახუროს ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგის ინტენსივობის ზრდას საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მაგრამ ნებისმიერი ორმხრივი დიალოგის დაწყებამდე საქართველოს რუსეთისთვის მკაფიოდ აქვს სათქმელი, რომ (1) რუსეთმა უნდა გააუქმოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების აღიარების გადაწყვეტილებები, (2) რუსეთმა უნდა გააუქმოს სამხედრო ბაზები ორივე რეგიონში, რადგან მისი ჯარების ყოფნა თბილისთან არ არის შეთანხმებული და (3) შეიარაღებული დანაყოფების განლაგება დააბრუნოს 2008 წლის მდგომარეობამდე, რომლის ვალდებულებაც აიღო სარკოზის შეთანხმებაში, მაგრამ დღემდე არ ასრულებს.

აღნიშნული მოთხოვნების წასაყენებლად ნამდვილად ზედმეტია „შტაინმაიერის ფორმულის“ გავლით რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე გასვლის ნებისმიერი მცდელობა, რომლისადმი ინტერესს 2017 წლიდან საერთოდ აღარ მალავს საქართველოს მთავრობა.

საკუთარ ხალხთან შეუთანხმებლად დაუშვებელია ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში ჩართვა, რომელსაც დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე რუსეთი დიდი მოლოდინით მორიგ ანკესად გამოიყენებს.

ამავე თემაზე: შტაინმაიერი და კონფლიქტის დარეგულირების გეგმა უკრაინისთვის. საქართველოსთვის?

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.