შენი ბრალია იმიტომ, რომ პარლამენტარი გყავს, რომელმაც საყდრისზე თქვა – „ორმოა“ და შენ არაფერი გააკეთე. შენი ბრალია იმიტომ, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს, რომელიც გაურკვეველი წარმომავლობის ოფშორული კომპანიის ინტერესებს იცავს, უფლებას აძლევ საყდრისსა და საყდარს შორის განსხვავებაზე გელაპარაკოს და გითხრას, ემანდ ერთმანეთში არ აგერიოთო. შენი ბრალია იმიტომაც, რომ შენი ქვეყნის ე.წ. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სულ რაღაც 39 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ საყდრისის აფეთქების განაჩენი გამოეტანა, იმქვეყნად გაესტუმრებინა და შენ ამას მშვიდად შეხვდი.
მოითმინე, ჯერ არ დამიმთავრებია, კიდევ მინდა გითხრა, რა არის შენი ბრალი. აი, მაგალითად: ბათუმში ფოსტის ისტორიულ შენობას და ან კიდევ თბილისში „იმელის“ შენობას უფორმო და რაღაცნაირი სასტუმროები რომ წამოადგეს თავზე და შენი რეაქცია იყო ნული. ბათუმში ძველი სასტუმრო „ლონდონის“ ნგრევას წლების განმავლობაში რომ იტანდი და დანგრეული „ლონდონის“ გამო ერთხელაც არ დაგწყდა გული. ისევ ბათუმში, ბარათაშვილის 24-ში მდებარე შენობაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე „მოამაგე“ და „გადამკვდარი“ სააგენტოს საბჭომ ჯერ რომ გითხრა ძეგლია და მერე – უი, არა, არ ყოფილა ძეგლიო და შენ ეს აპატიე. ბათუმში „რვაფეხას“ ამბის გამო შენი მთავრობის უნიათობას რომ იტან ყოველ სისხამ დილით და ღამით მშვიდად გძინავს. სხვათა შორის, რომ იცოდე, სულ ახლახან ბათუმის შუქურაზე რაღაც საპირფარეშოს მაგვარის მიშენება რომ დაიწყეს, ეგეც შენი ბრალია.
თუ ჯერ კიდევ გგონია, რომ შენი ბრალი არ არის, მაშინ გავაგრძელებ.
„პანორამა თბილისს“ ქალაქის ისტორიული ნაწილის თავში აშენების იდეას დაუფიქრებლად რომ მიიღებ და ამ თემაზე დედაქალაქის საკრებულოს იმ წევრების გადაწყვეტილებას ენდობი, რომელთა ნახევარი ამ თემის განხილვის დროს მობილური ტელეფონებით ერთობა, უკეთესს ვერც ვერასდროს ნახავ ალბათ. ქალაქისთვის მწვანე საფარის მნიშვნელობას რომ ვერ ხვდები და შენს სარკმელში ხის ფოთლების ნაცვლად უსახური კორპუსები რომ შემოდის, მანდაც შენი ხელი ურევია.
ერთნაირი მოთმინებით რომ იტან ძველ და ახალ მთავრობებს, რომელთათვისაც ინვესტორი წმინდაა (თუმცა ინვესტორი არსად ჩანს) და კულტურულ მემკვიდრეობას ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, შენ თავად ხარ ის მთავრობა ამ დროს. ამდენი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის დოკუმენტს რომ ვერ შექმნი და სანაცვლოდ კითხვაც არ გაგიჩნდება, რაში გჭირდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მთელი თავის სააგენტოებით თუ წვრილ-წვრილი დაწესებულებებით, ეგეც შენი ბრალი უნდა იყოს.
და საერთოდაც, ასე მშვიდად და ხმის ამოუღებლად სანამ იჯდები, უარესის ღირსი ხარ. ეგ კი არა და, იმსახურებ, რომ ყოველდღე, მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე, კულტურული მემკვიდრეობის ერთ ძეგლს მაინც გინგრევდნენ და ურცხვად გატყუებდნენ ისედაც ტყუილებით სავსე ქვეყანაში.
კიდევ ბევრი რამეა შენი ბრალი. ჩემი ბრალი.
ისე, რომ იცოდე, კულტურული მემკვიდრეობის ნგრევიდან საკუთარი სახლების ნგრევამდე სულაც არ არის დიდი დრო საჭირო.