კომენტარი

სესიაშვილი: ვფიქრობ, რომ ადეკვატური იყო თავდაცვის სამინისტროს ბოდიში

22 დეკემბერი, 2014 • • 1275
სესიაშვილი: ვფიქრობ, რომ ადეკვატური იყო თავდაცვის სამინისტროს ბოდიში

ბატონო ირაკლი, მანამ, სანამ პრემიერ-მინისტრი იტყოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ შეცდომა დაუშვა უკრაინაში დაღუპული საქართველოს მოქალაქე მებრძოლის საკითხზე გავრცელებული განცხადებით, თქვენ რატომ არ გააკეთეთ კომენტარი ამ ტექსტზე? თქვენი საპარლამენტო თანამდებობიდან გამომდინარე, იყო საზოგადოებაში მოლოდინი, რომ ამ საკითხს გამოეხმაურებოდით…


მე გასული ვიყავი ქალაქიდან, ამიტომ ვერ შევძელი… [თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე] პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ეს ყველაფერი და საზოგადოების რეაქცია ძირითადში ადეკვატური იყო. ასევე, მე ვფიქრობ, რომ ადეკვატური იყო თავდაცვის სამინისტროს ბოდიში, რასაც ჩვენ, როგორც წესი, მიჩვეული არ ვართ ხოლმე, რომ სამინისტროები ბოდიშს იხდიან. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორია და ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს ასეთი ქცევის წესი, რომ თუ ვინმეს რაღაც შეეშლება, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, ბოდიშის მოხდა სირცხვილის მაჩვენებლი არ არის. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ პასუხისმგებლობა არსებობს.


ამასთანავე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ საკითხზე გაუთავებელ პოლიტიკურ სპეკულირებას, რასაც ადგილი აქვს ბოლო პერიოდში.  მესმის, შეცდომა იქნა დაშვებული, მაგრამ სიტუაციის შემდგომი დრამატიზება კიდევ უფრო ავნებს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებულ ძალებს. მეტიც, მე, სამწუხაროდ, არაეთიკური გამონათქვამები მოვისმინე, განსაკუთრებით ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან, რომელთაც სერიოზული ცოდვები მიუძღვით გარდაცვლილი ჯარისკაცებისა და ზოგადად ჯარის მიმართ.


ირაკლი სესიაშვილი
ირაკლი სესიაშვილი


რა “ცოდვებზე” საუბრობთ და კონკრეტულად ვის გულისხმობთ?


ჩვენმა საზოგაოდებამ ძალიან კარგად იცის. მე წინა ხელისუფლებას ვგულისხმობ. საკუთარ ცოდვებში ჩაიხედონ.


თუ შეიძლება დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ ცოდვებში?


ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ყველაზე სწორი რაქცია და პასუხი ჰქონდა გარდაცვლილი გმირის მამას, რომელმაც თქვა, რომ გარდაცვლილია გმირი, ჩვენ მეტი დრო უნდა დავუთმოთ მისთვის პატივის მიგებას და ეს სიტუაცია პოლიტიკური სპეკულირებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ. ამ საკითხის პარლამენტში მოსმენა და დებატები, უბრალოდ, შეურაცხმყოფელი იქნება, ჩემი აზრით. ჯერ პატივი მივაგოთ და ამაზე მსჯელობის საშუალება ჩვენ მომავალშიც მოგვეცემა. როცა გარდაცვლილის სახელების პოლიტიკაში ჩარევას ვცდილობთ, არასწორი მგონია. დანარჩენზე საბოლოო სიტყვას საზოგადოება იტყვის.


თქვენ ახსენეთ, რომ სამინისტრომ  ბოდიში მოიხადა, თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება არის საკმარისი? თავდაცვის მინისტრმა არ უნდა გააკეთოს განმარტება?


ამ თემით შემდგომი სპეკულირება, სანამ შესაბამისი პატივით არ დავკრძალავთ გარდაცვლილს, მე ვფიქრობ, რომ დამატებითი არასწორი ქმედება იქნება. შემდეგ ვიმსჯელოთ ამაზე. როცა მინისტრის მოადგილე აკეთებს განცხადებას და სამინისტროს სახელით იხდის ბოდიშს, ამით ყველაფერი ნათქვამია.


კიდევ ერთი საკითხია, ღირსიაშვილის განმარტებიდან ჩანს, რომ თავდაცვის მინისტრი და უწყების ისტაბლიშმენტი არ ყოფილა…


ამ საკითხის დეტალებში განხილვას არ ვაპირებ. ჩემთვის მთავარია, რომ საკითხის შემდგომი პოლიტიზება არ მოვახდინოთ, რადგან ეს თავდაცვის უწყებას და ჯარს ავნებს. მეტი დრო და ენერგია დავუთმოთ გარდაცვლილისთვის პატივის მიგებას, ეს არის მამამისის თხოვნაც. შემდგომ შეგვიძლია, რომ ვიმსჯელოთ.


დაგისვამთ შეკითხვას, თუ შეიძლება, მინისტრი თუ არ არის საქმის კურსში…


მე ჩემი სათქმელი გითხარით და თქვენ მიბიძგებთ, რომ მე თვითონ მოვახდინო საკითხის პოლიტიზება.


ბატონო ირაკლი, მე ახლა რა შეკითხვასაც გისვამთ, ეხება არა გარდაცვლილს, არამედ თავდაცვის სამინისტროს ფუნქციონირებას. თქვენ, როგორც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ხელმძღვანელი…


კიდევ იგივეს აგრძელებთ. მე სპეციალურად ვაკეთებ ამ განცხადებას, რომ ამ საკითხის პოლიტიზება არ მოხდეს, რაც არ უნდა მკითხოთ, გიპასუხებთ, რომ ჩემი შეფასება იქნება მას შემდეგ, რაც გმირს დავკრძალავთ და პატივს მივაგებთ. დასკვნებს ცივ გულზე გამოვიტანთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი