კომენტარი

ამ ქალების სიკვდილი ჩვენი ბრალია – კაცების. ჩემიც

18 ოქტომბერი, 2014 •
ამ ქალების სიკვდილი ჩვენი ბრალია – კაცების. ჩემიც

 ნუ გვეგონება, რომ ეს ყველაფერი ცალკეული, არანორმალური ადამიანების ჩადენილი საქციელია, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ჩვენთან. სულაც პირიქით, ისინი ჩვენს გვერდით იყვნენ, არიან და იმ სისტემითა და იმ წარმოდგენებით იკვებებიან და იზრდებიან, რომელთაც მათ განუწყვეტლად აწვდის საზოგადოება: დაბადებიდან მანამდე, სანამ ისინი ამ დანაშაულს ჩაიდენენ.

 

ამდენი წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი არასამთავრობოები, ისე როგორც ცალკეული აქტივისტები, საუბრობენ ქალთა უფლებების საკითხებზე და ქალთა და კაცთა თანასწორი შესაძლებლობების შესახებ. ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხანი მიიჩნეოდა “უცხოელების” შემოტანილ თემად, რომელზეც უბრალოდ “გრანტები გაიცემა,” თორემ ისე პრობლემა არ არსებობს და /ან სასაცილო საკითხად “რა დროს ეს არის!” “გენდერული თანასწორობა” განიხილებოდა, როგორც უცხო ამბავი, გენდერი – მტრული ტერმინი, რომელიც ქართველის იდენტობას ემუქრებოდა. სინამდვილეში ქართული ოჯახში უნდა არსებობდეს იერარქია სქესებს შორის – კაცი მთავარია! ხოლო ამას მოსდევს ის, რომ მთავარი ვინც არის, ის არის მართალიც, ძალა აღმართს ხნავს! ყველაფერი ამის კომბინაციით მივიღეთ ის ტრაგიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ და ისიც, რაც დღესაც მოხდა.

 

მნიშვნელოვნია ვაღიაროთ და გავიგოთ შემდეგი: 1. ცოლის და ქმრის ჩხუბი სერიოზული ამბავია (და არა ის, რომ სულელს მართალი ჰგონია) და უნდა ჩავერიოთ; 2. ქალთა მიმართ ძალადობა, სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ, ჩვენი ტრადიციის ნაწილია. და ეს უნდა მოვიშოროთ. ძალითაც, თუ საჭიროა (არასრულწლოვანთა არაფორმალური ქორწინებების ჩათვლით, მაგალითად); 3. შეუძლებელია ამ პრობლემების დაძლევა ქალთა თანაბარი და სამართლიანი მონაწილეობის გარეშე ქვეყნის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის პოლიტიკაში. მაშინ, როდესაც თვითმმართველობებსა და პარლამენტშიც ძალიან ცოტაა ქალი, რთულია ამ საკითხებზე ყურადღების მიქცევა, საჭირო სამსახურებისთვის თავისი საქმის სათანადოდ ვერკეთების გამო პასუხის მოთხოვნა. კაცებს, პრინციპში, არ აინტერესებთ ეს პრობლემები. ყოველ შემთხვევაში ასე იყო აქამდე. ყველა იმ ღონისძიებაზე, ყველა იმ დისკუსიაზე, რომელსაც ჩვენ ვაწყობდით ამ საკითხებზე, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ კაცები უბრალოდ არ მოდიოდნენ. ამაში ყველა ის საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფი დამეთანხმება, ვინც ამ საქმეში მონაწილეობს.

 

ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას, ამ მკვლელობების პრობლემას ვერ დავძლევთ, თუკი პოლიტიკის დონეზე არ იქნება ქალთა მონაწილეობა ძლიერი, ხოლო ქალთა და კაცთა სოლიდარობა- მაღალი. აქამდე, სამწუხაროდ, კაცები ამ პრობლემას თავს არიდებდნენ: ამბობდნენ, ქალს ყველა შესაძლებლობები აქვს, თუ უნდა რამის გაკეთება, ვინ უშლის. ვინ უშლის და პირველ რიგში კაცები და მათი დამოკიდებულება, მერე ყველა და ყველაფერი: ინსტიტუტები, ტრადიციები, ეკონომიკური უთანასწორობა და ოჯახისა და ჯერ კიდევ განათლების სისტემის პირველი საფეხურებიდან მოყოლებული სულელური, საშიში წარმოდგენები. ამიტომ ახლა მაინც, ამდენი მკვლევლობის მერე მაინც, დროა სიმართლე პირდაპირ დავინახოთ და ვიმოქმედოთ, მათ შორის მკაცრად, სადაც საჭიროა. და მათ შორის, და განსაკუთრებით კაცებმა დროა ვთქვათ: “ეს აღარ მოხდება!”

ლევან ცუცქირიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება
ლევან ცუცქირიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება

წერილი თავდაპირველად გამოქვეყნდა ლევან ცუცქირიძის ბლოგზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი