როცა ვკითხე, ვინ ასწავლა, რომ ეს ყველაფერი „გოგონების წესია”, გაკვირვებულმა შემომხედა, ეს აქამდე როგორ არ იცოდიო და მაჩვენა წიგნი, რომელიც დედისგან მიიღო საჩუქრად დაბადების დღეზე: „ჩემი პირველი ენციკლოპედია” და სასურველ გვერდზე გადაშალა: თავში დიდი ასოებით ეწერა”გ ო გ ო ნ ე ბ ი”, ქვესათაური კი ასეთი ჰქონდა: „პრანჭიები და ჭორიკანები”. მთელ გვერდზე ბრჭყვიალა „აბადოკებსა” და ვარდისფერ კაბებში გამოწყობილი თოჯინები ეხატა – ზოგიერთი „შოპინგზე” მიდიოდა, ზოგი – აუთოებდა, ზოგი- საჭმელს აკეთებდა, თან თითოეულ ნახატს მოკლე აღწერა ჰქონდა, თუ როგორ იქცევიან/უნდა მოიქცნენ გოგონები.
მერე მეორე გვერდზე გადაშალა – ეს უკვე ბიჭების გვერდი იყო, ქვესათაურით – „გულადები და ჩხუბისთავები”. პატარა ბიჭები პიჯაკსა და ჰალსტუხში ან სხვადასხვა უნიფორმაში გამოწყობილნი მანქანების, თვითმფრინავებისა და გემების გარემოცვაში. ზოგი სადღაც მიიჩქაროდა, ზოგი მუშაობდა, ზოგი ქაღალდებში იქექებოდა. აქვე იყო სხვადასხვა თავსატეხები და გამოცანები.
ანანო ყველა სურათს თავისებურად მიხსნიდა და თან გაოცებული აღნიშნავდა, სინამდვილეშიც ხომ ყველაფერი ასეაო. მე მასზე უფრო გაოცებული ვუხსნიდი, რომ ის რომ გოგოა, ეს არ ნიშნავს, ისე უნდა მოიქცეს, როგორც ამ ენციკლოპედიაში წერია და ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს რა გაკეთოს, როგორ გაატაროს დღე… სამწუხაროდ, ვერ დავაჯერე. ხელში ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი ეჭირა – “შენ უფრო მეტი იცი, თუ ამ წიგნის ავტორმაო”. რა მექნა?!
ამის შემდეგ უკვე ხშირად ვაკვირდები წიგნების მაღაზიებში: ერთ თაროზე „გოგონების წიგნი”, „პატარა პრინცესა”, „პატარა დიასახლისი” და ა.შ. ვარდისფერ, პრიალა ფურცლებზე სხვადასხვა გასართობებია გოგონებისთვის _ მათ უნდა შეარჩიონ რომელ გოგონას რომელი კაბა მოუხდება, წავიდნენ საყიდლებზე, ბოლო გვერდზე სპეციალური სტიკერებით შემოსონ ისინი, ან წაიკითხონ ისტორიები სასახლეში გამოკეტილ პრინცესებზე, რომელიც მამაცმა პრინცებმა გადაარჩინეს, ისწავლონ „როგორ დავალაგოთ კარადა”, “შევწვათ კვერცხი” და ა.შ.
მეორე თაროზე „წიგნი ბიჭებისთვის”, „წიგნი პატარა ვაჟკაცს”, სადაც მოცემულია სხვადასხვა თავსატეხები, ლაბირინთები, ინფორმაცია ცხოველებზე, უცხოპლანეტელებსა და მფრინავებზე, ზღვებსა და ოკეანეებზე. მერე ამ წიგნებით შთაგონებული ბავშვები დედებს მიჰყავთ სათამაშოების მაღაზიებში, რომელიც, როგორც წესი, ორ ნაწილადაა გაყოფილი: ვარდისფერ და ცისფერ განყოფილებებად. ერთ მხარეს თოჯინები, პატარა ფერადი ჭურჭელი, ფერადი და სურნელოვანი კალმები, სათამაშო უთო, სარეცხი მანქანა, მიქსერი, მეორე მხარეს: კუბიკები, მანქანები, ბურთი, ფაზლი, სუპერმენისა და ტრანსფორმერის ფორმა…
ალბათ, იმავე წიგნებს კითხულობს და იმავე სათამაშოებით თამაშობს ჩემი კიდევ ერთი ნაცნობის შვილი, ექვსი წლის საბა, რომელმაც დედას უთხრა, რომ მას სურდა შვილისთვის მოევლო, დაებანა, გაესეირნებინა, ზღაპარი მოეყოლა და ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ამ ყველაფრის გაკეთება მამასაც შეეძლო.
ამ ყველაფერს ჩემ ირგვლივ ვხედავ, ვაკვირდები, ვფიქრობ და უკვე აღარ მიკვირს რატომ მიიჩნევა, რომ „ქალი უნდა იყოს კუხნაში”, რომ „ოჯახის უფროსი კაცია”, რატომ გათხოვდა ჩემი ორი კლასელი ჯერ კიდევ მეცხრე კლასში, რატომ მეკითხებიან ჩემს სოფლის ავტობუსში ქალები, მყავს თუ არა შეყვარებული და „რამეს ხომ არ ვაპირებ ახლო მომავალში~, რატომ უთხრა ერთ ჩემს მეგობარს ნაცნობმა – ამდენი სწავლა რას გარგებს, ცოტა გაიპრანჭე, კაი ბიჭი მოძებნეო (ეს ჩემი მეგობარი 17 წლისაა), რატომ ხდება ამდენი ძალადობა ქალებზე, რატომ…
ბოლოს, ერთი კითხვა მაქვს: როგორ დავარწმუნო ანანო, საბა და კიდევ უამრავი ბავშვი ჩემ ირგვლივ, რომ ადამიანის სქესი არ განსაზღვრავს მის მოვალეობებს, შესაძლებლობებს, უფლებებს. მაშინ, როცა სამყარო მათ გარშემო სულ სხვანაირ გაკვეთილს ასწავლის?!
მართლაცდა, ამ წიგნების ავტორებმა უფრო მეტი იციან თუ მე?!