ავტორი: დიმიტრი სილაქაძე
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შესახებ ქართულ საზოგადოებაში უამრავი მითია გავრცელებული. ამ მითებს ჩვენ ხშირად ვისმენთ პირად საუბრებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში, ვკითხულობთ სოციალურ ქსელებში და სხვა. მითების გავრცელებას ხელს მრავალი ფაქტორი უწყობდა ათწლეულების განმავლობაში, საბჭოთა იდეოლოგია თუ მემუარული ლიტერატურა, რომელიც სუბიექტურობისა და უზუსტობებისგან არ იყო დაზღვეული, აგრეთვე, დამახინჯებული და ინტერპრეტირებული ზეპირი გადმოცემები. აქ ვისაუბრებთ იმ შვიდი მითის შესახებ რომელიც გავრცელებულია საზოგადოებაში და მათ უმეტეს ნაწილს ისტორიოგრაფიამ კარგა ხნის წინ გასცა პასუხი.
მითი 1. თბილისს მხოლოდ იუნკრები იცავდნენ
იმ დროს, როდესაც საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმია თბილისს მოადგა, იუნკერთა სამხედრო სკოლაში სიით მხოლოდ 183 იუნკერი ირიცხებოდა. მათგან 166 თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორში იბრძოდა, ხოლო ნაწილი ჰოსპიტალში იწვა, ნაწილი კი გამწვევ პუნქტებზე განაწილდა. მთლიანობაში კი თბილისს რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის 10 000-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი იცავდა და მათ შორის იუნკერთა სამხედრო სკოლის კურსანტი მხოლოდ 166 იყო.
მითი 2. იუნკერთა უმრავლესობა ბრძოლის ველზე დაიღუპა
როგორც ზემოთ ვნახეთ, იუნკერთა სამხედრო სკოლაში სიით 183 კურსანტი ირიცხებოდა ომის დროს. ჩვენ კი ხშირად ვისმენთ საინფორმაციო გადაცემებიდან, რომ იუნკერთა უმეტესობა ბრძოლის ველზე დაეცა. სინამდვილეში კი ბრძოლის ველზე დაიღუპა მხოლოდ 9 იუნკერი: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, იოსებ და ილია ჯანდიერები. ომის დროს დაიჭრა 43 იუნკერი. ხშირად აღნიშნავენ, რომ ბათუმში თურქების წინააღმდეგ ბრძოლებში დაიღუპნენ იუნკრები, თუმცა დაზუსტებით არის ცნობილი, რომ იუნკრებს ბათუმის ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღიათ. აგრეთვე , ზოგჯერ 1921 წლის ომში დაღუპულ ყველა ჯარისკაცს, ოფიცერს, მოხალისეს მოიხსენიებენ იუნკრად, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. არსებობს როგორც იუნკერთა სრულიად სახელობითი სია, ასევე დაღუპულ და დაჭრილ იუნკერთა სახელობითი სიაც.
მითი 3. ნოე ჟორდანიამ თბილისი უბრძოლველად დატოვა 24 თებერვლის საღამოს და გაიქცა
სინამდვილეში თბილისის დატოვების გადაწყვეტილება 24 თებერვლის საღამოს მიიღო მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, რადგანაც მიაჩნდა, რომ დედაქალაქი ალყაში ექცეოდა, რაც უეჭველ მარცხს გამოიწვევდა. ამიტომ კვინიტაძემ ბრძოლის გაგრძელების ერთადერთ საშუალებად თბილისიდან უკანდახევა მიიჩნია. პირველი რესპუბლიკის კანონმდებლობით, მთავრობის თავმჯდომარეს, ამ შემთხვევაში ნოე ჟორდანიას, არ ქონდა უფლება ჩარეულიყო მთავარსარდლის ოპერატიულ გადაწყვეტილებებში.
მითი 4. თბილისის დაცემის შემდეგ ქართულ შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ
სინამდვილეში კი ქართული არმია თბილისის დაცემიდან კიდევ სამი კვირის მანძილზე იბრძოდა და წინააღმდეგობას უწევდა მტერს. დიდი ბრძოლა გაიმართა 4-6 მარტს ხაშურის რაიონსა და ლიხის ქედზე, 3 მარტს- ახალი ათონის პოზიციებზე, 9 მარტს დაეცა ქუთაისი. 16 მარტს კი, როდესაც ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაური ვალოდია გოგუაძე ნიგოეთიდან ბათუმში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შემდეგი შინაარსის დეპეშას უგზანიდა: ,,ჯავშნოსანი მატარებლებით მოგესალმებით. რაზმი ფიცსა სდებს თქვენს წინაშე, რომ იბრძოლებს სამშობლოს დასაცავად უკანასკნელ სისხლის წვეთამდის”.
მითი 5. ქართულ არმიას რუსული კავკასიის არმიიდან მემკვიდრეობით იარაღის უზარმაზარი მარაგი დარჩა, მაგრამ მთავრობამ არ გახსნა საწყობები და ვერ გამოიყენა სათანადოდ არსებული იარაღი, რაც შემდეგ რუსებს დარჩათ ალაფად
საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 1918 წლისათვის , როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სინამდვილეში იმაზე ნაკლები იარაღი და საბრძოლო მასალები დაგვრჩა რუსული არმიისაგან ვიდრე 1921 წლის ომისათვის იყო საჭირო. ამ დარჩენილი მასალების დიდი ნაწილი კი 1918 წლიდან 1921 წლამდე ომებში დაიხარჯა. ამიტომ ქართული დელეგაციები ევროპაში, საქართველოს იურიდიულად აღიარების შემდეგ, დიდ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების დროს ნომერ პირველ საკითხად იარაღის ჩუქებას ან შესყიდვას სვამდნენ. მოხერხდა იარაღის რამოდენიმე მცირე პარტიის შემოტანა , რაც საკმარისზე ბევრად ნაკლები იყო. განსაკუთრებული დეფიციტი იგრძნობოდა შაშხანების, არტილერიის, ვაზნებისა და ჭურვების მხრივ.
მითი 6. საწყობებში დიდი რაოდენობით იყო ტანსაცმელი სამხედროებისათვის, მათ კი ომის დროს შესაფერისად არ ეცვათ
ამ თემაზე გენერალი გიორგი მაზნიაშვილი თავის მემუარებში წერდა: ,,უკვე 1921 წლის მაისში, ჩვენს საწყობებში დარჩენილ ტანსაცმელით მე შევძელი შემოსვა თავიდან ფეხებამდე 17 000 კაცისაგან შემდგარი ქართული წითელი არმიისა”. საპირისპირო სურათს გვიჩვენებს საარქივო დოკუმენტები, კერძოდ, – ,,ჩეკას” საიდუმლო მოხსენებები 1921 წლის მარტიდან ამავე წლის აგვისტოს ბოლომდე. საქართველოს ჩეკა ამ დოკუმენტებს სხვადასხვა სახელმწიფო და სამხედრო უწყებას უგზავნიდა. მოხსენებებში მნიშვნელოვან ინფორმაციებთან ერთად აღწერილია ქვეყანაში არსებული სამხედრო მდგომარეობა, ასევე, რუსეთისა და ახლად შექმნილ საქართველოს წითელი არმიაში არსებული პირობები. ირკვევა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში (1921 წლის მარტიდან _ აგვისტოს ბოლომდე) მე-11 არმიაცა და საქართველოს წითელი არმიაც ტანსაცმლისა და სურსათის დიდ ნაკლებობას განიცდიდა. ამასთანავე 1921 წლის ივლისში მცირერიცხოვანი ქართული დივიზიის რეფორმირების და პირადი შემადგენლობის რაოდენობის კიდევ უფრო მეტად შემცირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ტანსაცმლის ნაკლებობა გახდა…
მითი 7. ნოე ჟორდანია და მისი მთავრობა საქართველოდან უბრძოლველად სამარცხვინოდ გაიქცა და ქვეყანა მტერს დაუტოვა
პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ საქართველოს მთავრობას ქვეყანა მტრისათვის უბრძოლველად არ დაუთმია. საქართველოს სახელმწიფომ 1920 წლის მაისში მოიგერია რუსეთის მე-11 წითელი არმიის შემოტევა, ვერ შეაჩერეს რუსული არმიები 1921 წლის თებერვალ-მარტში, თუმცა ქვეყანაში შემოჭრილ მტერს 5 კვირის მგანმავლობაში წინააღმდეგობას უწევდნენ. რაც შეეხება მთავრობის მიერ ქვეყნის დატოვებას, ეს გადაწყვეტილება მიიღო ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა უმაღლესი ძალაუფლების მქონე ორგანომ – დამფუძნებელმა კრებამ, რომელმაც თავი დაშლილად გამოაცხადა და ძალაუფლება მთავრობას გადასცა, მისცა მას ემიგრაციაში გამგზავრების და იქიდან ბრძოლის გაგრძელების უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობაცა და დამფუძნებელი კრებაც ჩავარდებოდა მოწინააღმდეგის ხელში. ისინი ძალით გამოაცხადებინებდნენ მათ გადადგომას და ძალაუფლებას საქართველოს რევკომისათვის გადააცემინებდნენ. ამით ერთგვარ ლეგიტიმაციას მისცემდნენ ოკუპაციას და ხელისუფლების უბრალო ცვლილებად გამოაცხადებდნენ. როგორც ისტორიკოსი ვახტანგ გურული აღნიშნავს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დაუტოვა სამართლებლივი, უფლება ებრძოლა დამოუკიდებლობისათვის.
სტატია პირველად დაიბეჭდა ჟურნალ ისტორიანში 2016 წლის N5, ვებგვერდზე – პირველი რესპუბლიკის ბლოგზე.