კომენტარი

საქართველო VS რუსეთი – ვინ მიიღებს საქართველოში კომპენსაციას რუსეთისგან

10 ივლისი, 2014 • • 1715
საქართველო VS რუსეთი – ვინ მიიღებს საქართველოში კომპენსაციას რუსეთისგან

ბატონო ლევან, მოუყევით ჩვენს მკითხველს, როგორ შევიდა ეს სარჩელი სტრასბურგში და როგორი იყო მისი განვითარების დინამიკა?

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შევიდა 2007 წლის მარტში. საჩივრის მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის სახელწმიფო ინტერესების, კერძოდ, საკუთარი მოქალაქეების დაცვა იმ უპრეცედენტო და მასობრივი დევნისაგან, რომელიც განხორციელდა 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ საჩივარში თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ ადგილი ჰქონდა ქართველების დევნის მასობრივ პრაქტიკას  რუსეთის ტერიტორიაზე. ეს იყო მაღალ დონეზე დაგეგმილი და შემდეგ იმპლემენტირებული დევნა, რასაც ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა მოჰყვა. წინასწარი დაკავების იზოლატორში უყურადღებობის გამო მაშინ რამდენიმე ადამიანიც გარდაიცვალა.

 

კონკრეტულად რამდენი ადამიანი?

 

3 ადამიანზე არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულებები, რომ ისინი უყურადღებობის შედეგად გარდაიცვალნენ დაკავების იზოლატორში. ასევე, ადამიანები დაკავების იზოლატორში რამდენიმე დღის განმავლობაში ამყოფეს სრულ არადამიანურ პირობებში და ისინი გახდნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. გარდა ამისა, მათი დაკავება მოხდა ყოველგვარი პროცედურული დარღვევევის შედეგად, ასევე მათ არ ჰქონდათ გარანტიები, რომ თავისი უფლებები სასამართლოში დაეცვათ. ჩვენებებში წერია, რომ ადამიანები სასამართლოებში პრაქტიკულად არც კი შეუშვეს, მოსამართლეები ეუბნებოდნენ, რომ ისინი იყვნენ ქართველები, რის გამოც  რუსეთიდან უნდა გაეძევებინათ. საჩივრის შეტანის შემდგომ წარიმართა საქმის განხილვა, რომელიც ეხებოდა როგორც მის დასაშვებობას, ასევე, არსებით მხარეს. 2009, 2010, 2011 წლებში საქმე ევროპული სასამართლოს მხრიდან დეტალურად იქნა განხილული. ჯერ კიდევ 2010 წელს საქმე მიღებულად გამოცხადდა, ხოლო 2011 წელს არსებითი განხილვა გაიმართა. შედგა რამდენიმე ზეპირი მოსმენა და საბოლოოდ გამოვიდა განაჩენი, რომელიც გუშინ გამოცხადდა. ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, მტკიცებულებები და რუსეთს საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ უარყო რუსეთის არგუმენტები, რომ ეს იყო ჩვეულებრივი საემიგრაციო პოლიტიკის შედეგი და არაფერი კავშირი ჰქონია ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნასთან, თუმცა ევროპულმა სასამართლომ სხვაგვარად დაადგინა.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი სტრასბურგის გადაწყვეტილება საქართველოსთვის?

 

ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე, პირველ რიგში, სახელმწიფო ინტერესის ნაწილში. სახელმწიფოსთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საკუთარი მოქალაქეების დაცვა… მით უმეტეს, თუ ადგილი აქვს უფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევას. საქართველომ შეძლო წარმატების მიღწევა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და დაამტკიცა ის, რომ მას საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის იმიჯის დაცვა შეუძლია. ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ რომელიმე პოლიტიკური ორგანოს ან საერთაშორისო ფორუმის მიერ მიღებულ დასკვნაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ საერთაშორისო სასამართლოს, საერთაშორისო ტრიბუნალის განაჩენზე, რომელიც ეფუძნება არა შეფასებებს, არამედ მტკიცებულებებს და ფაქტებს. ეს არის პირველი შემთხვევა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში, როცა რუსეთის ფედერაცია სახელმწიფოთაშორის დავაში დამარცხდა, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვენლოვანია არა რუსეთის მარცხის მომენტი, არამედ ის, რომ სამართალმა იზეიმა. ეს დავა უკავშირდებოდა არა ერთეულ გადაცდომას, არამედ კარგად დაგეგმილ და იმპლემენტირებულ პოლიტიკას, რომელსაც მოჰყვა ქართველების დევნა და უფლებების დარღვევა.

 

ჩვენ ამ გადაწყვეტილებით შევძლებთ, რომ რუსეთის ფედერაციას მოვთხოვოთ საერთაშორისო ვადლებულებების შესრულება. ეს არ არის სარეკომენდაციო გადაწყვეტილება ან შეფასება, ეს არის განაჩენი, რომელიც ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულოდ შესასრულებელია მხარეებისთვის და მოპასუხე სახელმწიფომ ის აუცილებლად უნდა შეასრულოს, არ არსებობს გამონაკლისები. ჩვენ მივყვებით პროცედურას და იმ დადგენილ წესს, რომელიც წერია იმ განაჩენში, რომლის მიხედვითაც 12 თვის განმავლობაში მხარეები უნდა შეთანხმდნენ ამ საქმის აღსრულებასა და კომპენსაციის ოდენობაზე.


ლევან მესხორაძე
ლევან მესხორაძე

თუ მოცემული 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში საქართველო და რუსეთი შეთანხმებას ვერ მოახერხებენ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი, სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას?

 

იქიდან გამომდინარე, რომ ეს სახელმწიფოთაშორისი დავა იყო, ევროსასამართლომ მოპასუხეს მისცა იმის შანსი, რომ ამ განაჩენს უპასუხოს, მიიღოს ზომები და აღასრულოს ეს გადაწყვეტილებები. მთავარი ამ განაჩენში არის ის, რომ დარღვეული უფლებები უნდა აღდგეს, ანუ ეს რუსეთის ნება კი არ არის, არამედ მას აქვს საერთაშორისო ვალდებულება, რომ ის აღასრულოს, მაგრამ თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება საქართველოსა და რუსეთს შორის, მაშინ ევროპული სასამართლო თვითონ განსაზღვრავს, რა ზომები უნდა იქნეს მიღებული და რა კომპენსაცია უნდა გადაიხადოს რუსეთმა.

ვინ უნდა წარმოადგინოს საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებებში?

 

საერთაშორისო სასამართლოების წინაშე ქართული სახელმწიფო წარმოდგენილია იუსტიციის სამინისტროს მიერ… და, ცხადია, ჩვენი ოფისის მიმართულება, საერთაშორისო  სასამართლოებში საქართველოს წარმომადგენლობის დეპარტამენტი აქტიურად იქნება ჩართული ამ ყველაფერში.

 

პირადად მინისტრიც იქნება ჩართული ამ პროცესში?

 

მინისტრი არის ხელმძღვანელი იმ უწყებისა, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენს, ასე რომ, ბუნებრივია.

 

რაც შეეხება კომპენსაციების თემას, როგორ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი პროცედურულად, რამდენმა ადამიანმა უნდა მიიღოს თანხა და დაახლოებით რა ოდენობის თანხებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

 

დარღვევა თავისთავად წარმოშობს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას. ჩვენი საქმე ეფუძნება 130 საჩივარს, რომელიც შეტანილ იქნა ევროპულ სასამართლოში, ანუ 130-მდე ინდივიდუალურ შემთხვევას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული სახელმწიფო მხოლოდ 130 ადამიანის უფლებებს იცავდა ევროპული სასამართლოს წინაშე. ეს რიცხვი მხოლოდ საილუსტრაციოა, ამ საქმის ფარგლებში ექცევა ყველა ის დაზარალებული, რომელიც 2006 წლის დევნის მსხვერპლი გახდა.

 

ზუსტად რამდენი ადამიანია ასეთი?

 

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, რუსეთის მხარემ არ წარმოადგინა მის ხელთ ექსკლუზიურად არსებული ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი გამოაძევა, ჯამში.  რუსეთმა სასამართლოსთან არ ითანამშრომლა და ამ კუთხით მას დარღვევაც დაუდგინდა… ჩვენი ინფორმაციით, რაც განაჩენიშიც არის ასახული, 5000-მდეა ეს რიცხვი… შესაბამისად, მათი დარღვეული უფლება უნდა აღდგეს. რაც შეეხება [კომპენსაციის] ოდენობას, როგორც წესი, ეს განისაზღვრება პრეცედენტული სამართლით დადგენილი კრიტერიუმებით, ანუ დაახლოებით ანალოგიურ ვითარებაში რამდენია კომპენსაციის ოდენობა… ასევე მხედველობაში მიიღება ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებები. ამ ორი კრიტერიუმის გათვალისწინებით დაადგენს ევროპული სასამართლო [კომპენსაციას], თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან.

 

მსგავსი პრეცედენტული სამართლის მაგალითების საფუძველზე რომ ვიმსჯელოთ, დაახლოებით რა თანხაზე შეიძლება იყოს საუბარი ამა თუ იმ მუხლის დარღვევის გამო? ალბათ ყოფილა მსგავსი შემთხვევები ევროსასამართლოს პრაქტიკაში…

 

ამის დადგენა ახლა შეუძლებელია. ჩემი მხრიდან ეს უბრალოდ სპეკულაცია იქნება. საჭიროა სრული ანალიზი და კომპენსაციის გამოანგარიშება.

 

ალბათ, საკმაოდ დიდ თანხაზე იქნება, ჯამში, საუბარი…

 

იმ დარღვევების და ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით, საკმაოდ დიდ თანხაზე იქნება საუბარი. კომპენსაცია შესაძლოა მიზერული არ იყოს.

რა ბერკეტი აქვს სტრასბურგის სასამართლოს იმისათვის, რომ თუ რუსეთს კომპენსაციების გადახდას დააკისრებს, ამ გადაწყვეტილების აღსრულებაც აიძულოს…

თუ მხარეები, ანუ საქართველო და რუსეთი ვერ შეთანხმდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპულ სასამართლოს მოუწევს განჩინების მიღება, რომელიც განსაზღვრავს მოპასუხე სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში. ამის შემდეგ აღნიშნული განაჩენი, როგორც წესი, ევროპული სასამართლოდან გადადის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, რომელიც ზედამხედველობს ევროპული საამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს. კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და მათი წარმომადგენლებისაგან და პერიოდულად ისმენს ანგარიშს, თუ რას აკეთებს მოპასუხე გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ამ განაჩენის აღსრულების პროცესის მთავარი არსი არის ის, რომ ეს არის სავალდებულო და კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით, ის უნდა აღსრულდეს. მინისტრები პერიოდულად ჩაიბარებენ ანგარიშს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს რუსეთის ხელისუფლება  ამ გადაწყვეტიელბის აღსრულების კუთხით.

 

თუმცა იგივე რუსეთს დღესაც გართულებული აქვს ურთიერთობები ევროსაბჭოში, ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება… ანუ ევროსაბჭოს კომიტეტი რამდენად იქნება ეფექტური ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ, მით უმეტეს, ცნობილია, რომ რუსეთს მაინცდამაინც არ უყვარს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება…

 

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი და მექანიზმი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ განაჩენი უკვე გამოცხადებულია, ის ძალაშია შესული და აღსასრულებალდ სავალდებულოა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაცია (თუ რუსეთი გადაწყვეტილების არსრულებაზე უარს იტყვის) ვაიძულოთ, რომ მიიღოს ყველა ზომა. ამ შემთხვევაში სწორედ კომიტეტი არის ის მექანიზმი, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული.

საქართველო რუსეთს ევროკონვენციის 9 პუნქტის დარღვევაში ედავებოდა, თუმცა რუსეთი 3 პუნქტში გამართლდა, რატომ მოხდა ასე, სასამართლომ თავის პრესრელიზში მიუთითა, რომ ქართული მხარის მიერ უშუალოდ ამ 3 პუნქტთან მიმართებაში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო…

 

გადაწყვეტილებაში ერთი მნიშვნელოვანი ხაზია გატარებული, რომელიც ამ განაჩენის მთავარი ლაიტმოტივია. ეს ხაზი მდგომარეობს შემდეგში: ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვევებს არ ჰქონია იზოლირებული ხასიათი და აქ საუბარი არ არის კონკრეტული მუშაკების ერთეულ გადაცდომებზე, არამედ ეს იყო მაღალი, ანუ პოლიტიკის დონეზე დაგეგმილი და შემდგომ კარგად იმპლემენტირებული ქმედება. როგორც ამას ევროპული სასამართლო უწოდებს, ადგილი ჰქონდა ქართველების დევნის ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყველაფერს სახელი დაერქვას. ადამინისტრაციული პრაქტიკა ევროპულმა სასამართლომ ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით დაადგინა, რაც მის წინაშე იქნა წარდგენილი, კერძოდ: ეს არის კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც კრძალავს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ასევე მასობრივი გაძევების აკრძალვას, რაც დაცულია ევროკონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლით, ასევე, თავსიუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, რაც კონვენციის მე-5 მუხლითაა გარანტირებული, აქ ორ ნაწილში დაადგინა სასამართლომ დარღვევა და ასევე კონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მხარემ სასამართლოსთან უნდა ითანამშრომლოს, რუსეთმა კი ეს არ გააკეთა და არ მიაწოდა შესაბამისი მტკიცებულებები. ასევე ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ რუსეთის ფედერაციაში თავისი უფლებების დაცვის სამართლებრივი ბერკეტები. ეს არის ყველა ის მნიშვნელოვანი ხაზი, რაც თავის დროზე ქართული მხარის მიერ იქნა დაყენებული და რაც ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა ამ განაჩენში.

 

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ვინაიდან გარკვეული მიმართულებით რუსეთი ექსკლუზიურად ფლობდა [მონაცემებს]… მაგალითად, როდესაც ადამიანები გამოაძევეს, როგორც ისინი ამბობდნენ, მათ იქ დარჩათ ქონება, მაგრამ, ცხადია, ქართულ მხარეს არ მიუწვდებოდა ხელი ამ ინფორმაციაზე… ამ უფლებების დარღვევები ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებაში, მაგრამ ტრიბუნალისთვის ეს საკმარისი არ არის, მისთვის საჭიროა მტკიცებულებები, რომელსაც ჩვენ ფიზიკურად ვერ მოვიპოვებდით, ვინდაიდან ეს რუსეთის ექსკლუზიური მტკიცებულებებია. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ამ ნაწილებში ევროპულმა სასამართლომ დარღვევები არ დაადგინა.

 

ამ შემთხვევაში საკუთრების და განათლების უფლებას გულისხმობთ?

 

დიახ.

 

თუმცა იქ კიდევ იყო პროცედურული გარანტიების უფლების საკითხი, რაშიც ასევე არ დადგინდა რუსეთის ბრალი. სასამართლოს განმარტებით, ეს მოხდა იმიტომ, რომ ეს მუხლი პირდაპირ ეხება რეზიდენტებს, ანუ ქვეყანაში კანონიერი საფუძვლებით მცხოვრებ პირებს და არ არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ გამოძევებულ ადამიანებს შორის რეზიდენტებიც იმყოფებოდნენო, ეს რას ნიშნავს? ეს 5000-მდე ადამიანი არალეგალურად ცხოვრობდა რუსეთში?

 

ეს იყო სახელმწიფოათშორისი საჩივარი, შესაბამისად, მთავარი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ის პოლიტიკა, რომელიც განხორციელდა 2006 წლის შემოდგომაზე, ყოფილიყო შეფასებული ქართველების დევნად და ეს სასამართლომ დაადგინა ძირითად უფლებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ საჩივრის მთავარი მიზანი მიღწეულია, ეს არის ის, რომ რუსეთის ფედერაციას ევროსასამართლომ დააკისრა საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

ბატონო ლევან, ქართული მხარე სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ბოლომდე კმაყოფილია?

 

დიახ.

 

მაშინ მე მოგიყვანთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ ჩანაწერს, სადაც წერია, რომ ამ საქმეზე მომუშავე მოსამართლეთა პალატაში შემავალმა ქართველმა მოსამართლე წოწორიამ ნაწილობრივ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა იმასთან შედარებით, რაც განაჩენში წერია? რატომ მოხდა ასე და კონკრეტულად რა განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა მოსამართლე წოწორიამ? სასამართლოს პრესრელიზში ამ საკითხზე დამატებითი დეტალები მოყვანილი არ არის…

 

მოსამართლეები უფლებამოსილნი არიან თავიანთი განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირონ განაჩენთან დაკავშირებით, ეს მისი უფლებამოისლებაა. შესაბამისად, მან გამოხატა თავისი პოზიცია. როგორც იცით, განაჩენი მიღებულ იქნა მოსამართლეთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, ერთი იყო მხოლოდ წინააღმდეგი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ერთსულოვანი იყო გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

და მოსამართლე ნონა წოწორიამ რა პოზიცია დააფიქსირა კონკრეტულად?

 

მე არ მქონია მისი დეტალურად გაცნობის შესაძლებლობა, ამიტომ შეცდომაში რომ არ შევიყვანო თქვენი მკითხველი, მოდით, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ამის ანალიზისაგან.

თეა წულუკიანმა ჯერ კიდევ განაჩენის გამოცხადებამდე განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებზე გარკვეული პირები ახორციელბდნენ ქმედებებს, რათა ეს სარჩელი ქართულ მხარეს უკან გაეტანა, თუ ხართ საქმის კურსში, ვინ იყვნენ ეს ადამიანები?

 

როგორც მინისტრმა განაცხადა, თუ ის საჭიროდ ჩათვლის და როცა ამის დრო მოვა, შეიძლება ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

 

თქვენ ახალ ხელისუფლებამდეც იყავით ამ საქმის წარმოებაში ჩართული, თუ იყო მსგავსი ტიპის ზეწოლა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე?

 

ჩემგან, როგორც ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლისგან, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, უფლებამოსილებიდან გამომდიანრე, არაკორექტული იქნება… ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი