კომენტარი

ორგანიზაცია “2 ივნისი” მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გეგმავს

3 ივნისი, 2014 • • 1635
ორგანიზაცია “2 ივნისი” მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს გეგმავს

ორგანიზაცია “2 ივნისი” მარრიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: 


“თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სამტრედიის ქუჩებში გამოსული ჩვენი თანამოქალაქეების მოთხოვნაა შეწყდეს სახელმწიფოს მიერ მარიხუანას მოხმარების გამო უდანაშაულო ადამიანების ციხეებში გამომწყვდევა, დევნა და შეურაცხყოფა.


2 ივნისის აქციებს გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლების წამომადგენლები. მათ შორის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს 1 თვის ვადაში ახალი ნარკოსტრატეგიის სამუშაო ვარიანტის გამოქვეყნებას და მარიხუანას მომხმარებელთა მიმართ არაადეკვატური სასჯელების გაუქმებას შეპირდა.

 

მოძრაობა 2 ივნისის წევრები მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მორატორიუმი მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანების სისხლის სამმართლებრივ დევნაზე და საქართველოს ხელისუფლებას ვაძლევთ ვადას ამ წლის შემოდგომამდე იმისთვის, რათა გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები ნარკოკანონმდებლობის ისეთი ცვლილებისკენ, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანურ დეკრიმინალიზაციას. რაც გულისხმობს მარიხუანას მოხმარებისა და პირადი მოხმარებისთვის შენახვის გამო სისხლის სამართლებრივი დევნის გაუქმებას და გონივრული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმების დატოვებას მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ან არასრულწლოვანთა თანდასწრებით მოხმარების, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა მსგავს შემთხვევებში.

 

არგუმენტი, რომ ნარკოკანონმდებლობა გადასახედია კომპლექსურად და მარიხუანას სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან განყენებით განხილვა შეუძლებელია, კრიტიკას ვერ უძლებს. მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის არ არის საჭირო დამატებითი საბიუჯეტო ხარჯები, ვინაიდან მისი მომხმარებლები არ საჭიროებენ სახელმწიფოს მიერ სპეციალური სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებების შექმნას.

 

ხელისუფლების მხრიდან სურვილის შემთხვევაში, მოძრაობა 2 ივნისი გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს მას კონკრეტული რეგულაციების შემუშავებაში და გაუზიაროს წლების განმავლობაში ამ თემასთან დაკავშირებით დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეების სამართლიანი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მოძრაობა 2 ივნისი შემოდგომიდან განაახლებს მასშტაბურ საპროტესტო აქციებს.

 

აქცია მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან 2014 წლის 2 ივნისი
აქცია მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან 2014 წლის 2 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი