კომენტარი

უსუფაშვილი: არანაკლები ბოროტებაა სახელმწიფოს მართვა ბიბლიით, ნაცვლად კონსტიტუციისა [ვიდეო]

13 მაისი, 2014 •
უსუფაშვილი: არანაკლები ბოროტებაა სახელმწიფოს მართვა ბიბლიით, ნაცვლად კონსტიტუციისა [ვიდეო]

„ორი ათასი წელი იწურება მას აქეთ, რაც თავს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ვთვლით (ხოლო ამ სიმბოლოში, უნდა ვიფიქროთ, ეროვნული მისიის გასაღებიცაა ჩადებული), და ორი ათასი წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯითაც კი ვერ მივუახლოვდით მაღალ არსს. პირიქით, ჯიუტად და შეუპოვრად სულ იმას ვცდილობთ, უკან-უკან ვიაროთ; იმ ზომამდე, რომ დროდადრო სულიერი თვითმკვლელობის მცდელობაც კი გვაქვს.

მოდით ერთი წუთით პატარა რელიგიური სასწაული წარმოვიდგინოთ: ღვთისმშობელმა ,,თავისი” ქვეყნის ხილვა მოისურვა. რას ნახავს? ნახავს მონობის სენით შეპყრობილ კერპთაყვანისმცემლებს, რომელთაც თავისუფლება ბატონის გამოცვლა ჰგონიათ; ნახავს მდიდარ ფარისევლებს, რომლებიც საჩვენებელ და გამოყენებით ქველმოქმედებას ეწევიან იმ დროს, როდესაც მათ გვერდით ნამდვილი ადამიანები ნამდვილი სიკვდილით ნამდვილად იხოცებიან; ნახავს ცრუ ადამიანებს, რომლებიც რელიგიურობანას თამაშობენ და რწმენაც აღებ-მიცემობის საგნად უქცევიათ. წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, გარწმუნებთ, უარს იტყვის. ლეგენდაც დამთავრდება და სიმბოლოც წაიშლება. 

კომუნიზმის მეტასტაზებს, როგორც აღმოჩნდა, ძალზე ღრმად გაუდგამს ფესვი ჩვენს ეროვნულ სხეულში. თუ კარგად ჩავუკვირდებით, კერძოდ, მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ღვთისმშობელს თავისი წილხვედრი ქვეყანა არასოდეს უნახავს, საფიქრებელია, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ჯერ-ჯერობით მხოლოდ პოტენციურადაა, გახდება თუ არა რეალურად, ეს ჩვენზე და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.“ 
ჯემალ ქარჩხაძე

2. ამოცანა


დიახ, ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ ვერა: 
• ცივილიზაციური არჩევანის ხელახლა გაკეთებას; 
• ქრისტიანული სულიერებისა და მსოფლმხედველობის დაბრუნებას; და 
• ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ისეთი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც დაიცავს ეროვნულ იდენტობას და პიროვნების თავისუფლებას. 

3. ცივილიზაციური კონტექსტი 

საბჭოთა სისტემის რღვევის შემდეგ მოხდა ქართული საზოგადოების სწრაფი ფსევდომორფოზა, მაგრამ არ მომხდარა მისი მეტამორფოზა – არსებითი, შინაგანი ფერიცვალება; მნიშვნელოვანწილად, საქართველო საბჭოთა ცივილიზაციის მენტალურ სივრცეში რჩება. ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ეფუძნება არა იმ ფასეულობათა სისტემას, რომელიც ბერძნულ-რომაული ქრისტიანული ცივილიზაციის მემკვიდრის – დასავლური ცივილიზაციის ნაყოფია; არამედ, პირიქით – იგი ეფუძნება იმ მსოფლმხედველობას, რომლის უმთავრესი მახასიათებელია პიროვნების თავისუფლებისა და ღირსების, სიცოცხლისა და საკუთრების უფლების ხელშეუვალობის უარყოფა – ყველა იმ ღირებულების უგულებელყოფა, რაც ახასიათებს ქრისტიანულ ცივილიზაციას.

ესაა ერთ-ერთი არსებითი მიზეზი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის უმთავრესი პრობლემის – ფორმისა (დასავლური ინსტიტუტების) და შინაარსის (საბჭოთა ფასეულობათა სისტემის) შეუთავსებლობის არსებობისა. 
რუსული პროპაგანდის გავლენით საზოგადოების და საეკლესიო წრეების ნაწილში ყალიბდება სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ „დასავლეთი არის მართლმადიდებლობის მტერი“. და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ „კომუნიზმი და იმპერიალიზმი ყოფილა მართლმადიდებლობის დამცველი“. საზოგადოების ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი არის მართლმადიდებლობის ცენტრი და ჩვენი საყრდენი დასავლეთთან ურთიერთობასა და გლობალურ პროცესებში. მე-19 საუკუნის კოლონიალიზმისა და მე-20 საუკუნის კომუნიზმის შედეგებს ამგვარად ვიმკით 21-ე საუკუნეში.

4. ეკლესია და სახელმწიფო


მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის ისტორია თითქმის თხუთმეტ საუკუნეს ითვლის, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს სახელმწიფოსა და ეკლესიას პრაქტიკულად არა აქვთ თანამედროვე სახელმწიფოში ურთიერთობების გამოცდილება. დღეს ორივეს მოღვაწეობა უხდება თვისობრივად ახალ გარემოში. 

უნდა გავიაზროთ, რომ ქრისტიანობისაგან დამოუკიდებლად ვერ შეიქმნება თავისუფლებაზე დაფუძნებულ ფასეულობათა სისტემა (ფაქტია, დღემდე ვერსად ვერ შეიქმნა.), რაც, თავის მხრივ, აუცილებელია თავისუფლებაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად. 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

ქრისტე ჯვარს აცვა „უსულო“ (უღირებულებო, უადამიანო) კანონებზე დაფუძნებულმა სახელმწიფო სისტემამ. ამიტომ, „უსულო“ კანონის უზენაესობა ყველაზე დიდი ბოროტებაა. 

არანაკლები ბოროტებაა სახელმწიფოს მართვა ბიბლიით ნაცვლად კონსტიტუციისა. ქრისტეს არაფერი უთქვამს სახელმწიფოზე, კულტურაზე, საზოგადოებაზე, ერზე, ისტორიაზე, უფლებებზე. იგი საუბრობდა ადამიანზე და არა რაიმე ნიშნით გაერთიანებულ და ორგანიზებულ ადამიანთა ერთობებზე. 

ადამიანთა ერთობის (ერის, საზოგადოების, ხალხის) ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ერთდროულად ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს პიროვნულ თავისუფლებასაც, უსაფრთხოებასაც, სამართლიანობასაც და ეკონომიკურ განვითარებასაც, შემოგვთავაზა სწორედ ქრისტიანობის საძირკველზე აღმოცენებულმა ლიბერალურმა დემოკრატიამ (კომუნიზმი – ზრუნვა ყველას ბედნიერებისთვის და ამით თითოეულის გაუბედურება; ლიბერალური დემოკრატია – ზრუნვა თითოეულის ბედნიერებისთვის და ამით ყველას გაბედნიერება). 

5. ასიმეტრიული ინსტიტუციური სეკულარიზმი 


თანამედროვე სეკულარულ სახელმწიფოს ეკრძალება რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა, ხოლო რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, ზეგავლენა მოახდინონ სახელმწიფოს საქმიანობაზე. 

არ არსებობს ადამიანური ცხოვრების რომელიმე სფერო, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირი გავლენა შეუძლია მოახდინოს ადამიანის ბედზე და ამ სფეროს მიმართ ეკლესია დარჩეს გულგრილი. ეკლესია აღიარებს ინსტიტუციურ სეკულარიზმს (სახელმწიფოსაგან ინსტიტუციურ გამიჯნულობას), მაგრამ ეკლესია ვერ მიიღებს სეკულარისტულ მსოფლმხედველობას – იგი ქრისტიანული ფასეულობების მოქმედების არეალისაგან თავისუფალ სივრცედ ვერ აღიარებს ოჯახს, აღზრდას, განათლებას, ცხოვრების ვერცერთ იმ სფეროს, რომელშიც უხდება ადამიანს ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა და სადაც ყოველ წამს, ეკლესიის რწმენით, აღესრულება ხსნისა თუ წარწყმედის საქმე. ამიტომ გარდაუვალია, ეკლესიამ არ სცადოს ადამიანური ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე ისეთი ზეგავლენის მოხდენა, რაც, ეკლესიის სწავლების შესაბამისად, ადამიანს იხსნის დაღუპვისაგან. 

აქედან გამომდინარე, აღმსარებლობის თავისუფლება გულისხმობს ეკლესიის ხელშეუვალ უფლებას, ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოზე და ხელისუფლების პოლიტიკაზე ყველა კანონიერი და ზნეობრივი საშუალებით (არა მუქარით, შანტაჟით, ძალადობით, წყევლა-კრულვით). 

დიპლომატია პოლიტიკოსების საქმეა და არა სასულიერო პირების. ცნება „კომპრომისი“ მიუღებელია დოგმატური მოძღვრებისთვის, ხოლო ცნება „უკომპრომისობა“ მიუღებელია პოლიტიკისთვის (თუმცა, ხშირად ვაწყდებით ზედმეტად მოქნილ სასულიერო პირებს და ზედმეტად კატეგორიულ პოლიტიკოსებს…). 

დავით უსუფაშვილი სიმპოზიუმზე, ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში, სიტყვით გამოსვლისას. 2014 წლის 13 მაისი
დავით უსუფაშვილი სიმპოზიუმზე, ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში, სიტყვით გამოსვლისას. 2014 წლის 13 მაისი

6. ზნეობრივი მინიმალიზმი და მაქსიმალიზმი


სახელმწიფოს ამოცანა არ არის ადამიანის მიყვანა სასუფევლამდე. ამიტომაც სახელმწიფო არ ოპერირებს ცოდვისა და მადლის კატეგორიებით. ეს არ არის სახელმწიფოს საქმე. სახელმწიფო აღიარებს ადამიანის უფლებას, იყოს ისეთი, როგორც მას სურს, ოღონდ სხვისთვის, კერძო ან საჯარო ინტერესისთვის ზიანის მიყენების გარეშე.
სახელმწიფოს ბუნების შესატყვისი ფუნქცია – შექმნას ადამიანის თავისუფლების გამოვლინების პირობები ისე, რომ არ დაირღვეს სხვათა უფლებები და საყოველთაოდ აღიარებული ზნეობრივი ნორმები, – განაპირობებს იმას, რომ სახელმწიფოებრივი ველი არის ზნეობრივი მინიმალიზმის ველი. 

ეკლესიის ბუნების შესატყვისი ფუნქცია – ხელი შეუწყოს ადამიანის დაუსრულებელ სრულყოფას და ღმერთთან მისვლას, – განაპირობებს იმას, რომ ქრისტიანობა არის ზნეობრივი მაქსიმალიზმის სივრცე. უსაფუძვლოა, სახელმწიფოსაგან მოელოდე იმ ზნეობრივ მაქსიმალიზმს, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ეკლესიისთვის. თუ სახელმწიფო შეეცდება ზნეობრივ მაქსიმალიზმს, იგი გახდება ტოტალიტარული.

უსამართლოა, ეკლესიისგან მოელოდე იმ ზნეობრივ მინიმალიზმს, რომელიც დამახასიათებელია სახელმწიფოსათვის და ეკლესია მას უშვებს მხოლოდ როგორც ერთ გასავლელ ეტაპს დაუსრულებელი სრულყოფისაკენ მიმავალ გზაზე. თუ ეკლესია დაკმაყოფილდება ზნეობრივი მინიმალიზმით, იგი გახდება ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტი. თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად შევძლებთ ამ უაღრესად ფაქიზი წონასწორობის დაცვას, ფაქიზი ზღვრის შენარჩუნებას. 

დავით უსუფაშვილი სიმპოზიუმზე, ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში, სიტყვით გამოსვლისას. 2014 წლის 13 მაისი
დავით უსუფაშვილი სიმპოზიუმზე, ღვთისმშობლის თაყვანისცემის ტრადიცია მართლმადიდებელ ეკლესიაში, სიტყვით გამოსვლისას. 2014 წლის 13 მაისი

7. სანამ ღვთისმშობელი გვესტუმრებოდეს…


მოახერხებს სახელმწიფო და პოლიტიკური კლასი, რომ არ გასცდეს თავისი ბუნებით შემოსაზღვრულ ფარგლებს, არ იტვირთოს ადამიანების ღმერთთან ანუ ჭეშმარიტებასთან მიყვანის ფუნქცია და არ შეეცადოს ეკლესიისადმი მორწმუნეთა ნდობის საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგად კონვერტაციას? – დღემდე მან ეს ვერ მოახერხა.

მოახერხებს ეკლესია და სამღვდელოება, რომ მისი მოქმედების დასაწყისი და დასასრული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე და არ შეეცადოს მორწმუნეთა ნდობის საკუთარ პოლიტიკურ ძალაუფლებად კონვერტაციას? – დღემდე მან ეს ყოველთვის ვერ მოახერხა. მწამს, რომ საბოლოოდ ყველაფერს მოვახერხებთ! – და მაშინ აღარც ღვთისმშობლის საქართველოში სტუმრობის შეგვრცხვება.

თუმცა, ეს სწორედ ის საკითხია, სადაც მხოლოდ რწმენით ფონს ვერ გავალთ – უნდა ვიშრომოთ კიდეც. ჩვენი ერთობლივი შრომის მთავარ მიმართულებად კი კვლავაც განათლება მიმაჩნია – საქართველოში, ერშიც და ბერშიც, განათლებისა და კვალიფიკაციის უდიდესი დეფიციტია. უმეტესი პრობლემების, მათ შორის, ეკლესიისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის გაუგებრობების, სათავეც სწორედ ესაა. გთავაზობთ ერთ კონკრეტულ საგანმანათლებლო ინიციატივას. 

იურისპრუდენცია არის მეცნიერება სახელმწიფოსა და სამართლის შესახებ, ქრისტიანული კველევის ცენტრის ამოცანა კი სარწმუნოებასა და მეცნიერებას შორის თანამშრომლობაა. ჩავატაროთ სიმპოზიუმი 21-ე საუკუნეში ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთობის საფუძვლებზე და პერსპექტივებზე. მერწმუნეთ, ამით მრავალი ტიპის ფობიას დავძლევთ ყველანი და უამრავ დროს და ენერგიას გამოვათავისუფლებთ ქვეყნის შენებისთვის”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12-19 მაისს “ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეულს” აღნიშნავს, რომლის ფარგლებში სიმპოზიუმი გაიმართება მარიამ ღვთისმშობლის თემაზე.

მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მსოფლიოს 14 ქვეყნიდან ეწვევიან ღვთისმსახურები და მეცნიერები. კვირის განმავლობაში სტუმრები ღვთისმშობელთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებსა და სიწმინდეებს მოილოცავენ. ამ სიმპოზიუმის ფარგლებში დღეს მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში წირა პირველად აღევლინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი