კომენტარი

პანკისი – სინგულარობა თუ საფრთხე?

3 აპრილი, 2014 • • 2652
პანკისი – სინგულარობა თუ საფრთხე?

მათი ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ ქისტებისა და ჩეჩნების დიდი ნაწილი (ძირითადად ახალგაზრდები) შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. წითელ სიაში ჰყავს შეყვანილი  და მათზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის სპეციალურ რეჟიმს ავრცელებს, რის გამოც ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, მათ ეზღუდებათ საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება.

 

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ამ პრაქტიკის ყველაზე ნათელ მაგალითებს ფირუზ წულუკიძისა და საიხან მუზაევის საქმეები წარმოადგენს. ორივე შემთხვევაში, არაერთი მიმართვის მიუხედავად, შსს-ს არ დაუსაბუთებია, თუ რა გახდა ამ პირებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი და მიზანი. 

 

არსებულ ნორმატიულ მოდელში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთვევებში შეიძლება და აშკარაა, რომ არც ერთი კანონით დადგენილი საფუძველი არ არის რელევანტური განსახილველი საქმეებისთვის. სწორედ ამით აიხსნება 2013 წლის 19 სექტემბერს, შსს-ს ინიციატივა კანონში შეეტანა ცვლილება და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის პირობად „სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები“ დაედგინა, რაც ხელისუფლებას აძლევდა მეტ უფლებამოსილებას, კონკრეტული პირებისთვის თვითნებურად შეეზღუდა გადაადგილების თავისუფლება. ინიცირებული კანონი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან აშკარა კონფლიქტის გამო პარლამენტმა არ მიიღო. თუმცა შსს-ს თვითნებობა ამას არ შეუკავებია. 

 

გარდა ამისა, საინტერესოა, თუ რა რისკებისაგან ცდილობს თავის დაზღვევას სახელმწიფო პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტებისა და ჩეჩნებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით. მწვავე სოციალური საჭიროების მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს ეკისრება, ის კი კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს. ჩვენს ხელთ არსებული ემპირია კი დასაბუთებული რისკებს არ აჩვენებს. 

 

გასულ თვეში EMC-ის წარმომადგენლები სოფელ დუისში ადგილობრივ სულიერ ლიდერებს შევხვდით. როგორც მათი ინტერვიუებიდან ირკვევა, პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდა მუსლიმების დიდი ნაწილი ე.წ. ახალ მეჩეთში დადის და ისლამის წესებსა და ეტიკეტს მკაცრად იცავს. სოფელ დუისში აშენებული ახალი მეჩეთის მომლოცველებს ხშირად “ვაჰაბისტებს’’ ან “სალაფისტებს’’ უწოდებენ. თავად მუსლიმების ეს ჯგუფი ამ სახელს და მასთან დაკავშირებულ რადიკალურ მოძრაობებს ემიჯნება და ამგვარი სახელდების გამო თავს შეურაცხყოფილადაც გრძნობენ. მათი თქმით, ისინი სუფთა ისლამის მიმდევრები არიან, ცდილობენ რელიგიური წესები სრულყოფილად დაიცვან და ისლამი მათი ყოველდღიული ცხოვრების/აზროვნების იდეალი გახადონ. მათი აზროვნების წესი უჯანყდება გლობალიზაციას და საკუთარი სინგულარობის გადარჩენას და დაკარგული საზრისის რეკონსტრუქციას ცდილობს. ისინი აკრიტიკებენ რელიგიის ტრადიციულ გაგებას, რომელიც მხოლოდ რიტუალისა და ჩვეულების გაგებაზე დგას და დაცლილია ღმერთის შესახებ ცოდნისგან. საკუთარი იდენტობის თვითგამორკვევის მიდრეკილების იქით მათ ქმედებებში საფრთხისშემცველი არაფერი იკითხებოდა. თავად მუსლიმების განცხადებით,  წლების განმავლობაში ისინი ახერხებენ პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებასა და არასდროს ყოფილან შემჩნეული ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში, რის გამოც სახელმწიფოს ამგვარი უნდობლობა მათთვის გაუგებარია. მათი მსჯელობა პოლიტიკურ სისტემასთან მათი გაუცხოების ტენდენციას აჩვენებს, რაც, პირველ რიგში, სახელმწიფოს გააზრების მასალად უნდა იქცეს, რადგან ეს მისი უსაფრთხოების და ლეგიტიმურობის სფეროა.  

 

ასეთ რეალობაში, ცხადია, კრიტიკას იწვევს სახელმწიფოს გატარებული უკანონო პოლიტიკა, რომელიც “კონტრტერორისტული სახელმწიფოს’’ დისკურსში გადადის და გაუმართლებელ აკრძალვებს ავრცელებს ადამიანთა განსაზღვრულ ჯგუფზე მხოლოდ მათი რელიგიური, უფრო  ეთნიკური კუთვნილების გამო. 

 

რაც შეეხება “კონტრტერორისტული სახელმწიფოს’’ თეორიულ მოდელს. ისლამური ტერორიზმისა და მისი თანამედროვე გამოწვევების გამო სახელმწიფოების იმ ნაწილმა, რომელიც ტერორიზმის სამიზნეს ან კიდევ კერას წარმოადგენს, მის წინააღმდეგ საბრძოლველად დაიწყეს არსებული კონსტიტუციური პრინციპებისა და ეროვნული რეგულაციების გადასინჯვა, რადგან ლიბერალური სისხლის სამართალი, რომელიც ქმედების სამართალია და მისი აღსრულების ნორმები და სტანდარტები, რომლებიც ინდივიდის ფუნდამენტური უფლებებიდან იღებს ამოსავალს, უძლური აღმოჩნდა იმ უნივერსალური სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, რასაც სახელმწიფოს კონსტიტუციური უსაფრთხოება, საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი წარმოადგენს.

 

ამ პირობებში “კონტრტერორისტული სახელმწიფოს’’ კონცეფციის გამოყენებით სახელმწიფოებმა, ტერორიზმის და სხვა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენეს ახალი მატერიალური და პროცესუალური საშუალებები, მათ შორის:

 

განხორციელდა ადამიანის სურვილის, რომელიც ჯერ ქმედებაშიც არ გაცხადებულა, კრიმინალიზება. 

 

შესაბამისად, კრიმინალიზაციის ობიექტი ხდება არა სოციალურად საშიში ქმედება, არამედ პიროვნება. მსგავსი უკიდურესი სუბიექტივიზმის პირობებში, სისხლის სამართალი, რომელიც ქმედების სამართალია (ან უნდა იყოს ასეთი), იქცევა განწყობის სამართლად, რომელიც აბსოლუტურად ცდება და არ შეესაბამება თანამედროვე ლიბერალური სისხლის სამართლის მიზნებსა და ამოცანებს, მის ბუნებას;

 

კანონმდებლობა ტერორისტული დანაშაულების მიმართ ბრალდების მხარეს ათავისუფლებს ქმედების სუბიექტური ელემენტის მტკიცების ტვირთისგან;

 

ე.ი მოქმედებს ე.წ მკაცრი პასუხისმგებლობის პრინციპი, რომელიც ქმედებას malum in se ე.ი თავისთავად, ყოველგვარი შეფასების გარეშე ბოროტად აცხადებს. შესაბამისად, ამ ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით მოქმედებს არა უდანაშაულობის, არამედ ბრალეულობის პრეზუმფცია.

 

პრევენციული დაკავებები, მათ შორის “მოწმეთა დაკავება”, რომელიც ებმის არა ქმედებას ან კონკრეტულ საქმეზე ინფორმაციის ამ წყაროდან მიღების დასაბუთებულ ვარაუდს, არამედ პირის წარმოშობას, ეთნიკურ წარმომავლობას ან/ და მის გარკვეული რელიგიური მიმდინარეობისადმი კუთვნილებას.

 

მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციები დამახასიათებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, გაერთიანებული სამეფოსთვის, გერმანიისთვის და სხვა იმ ქვეყნებისთვის, სადაც არსებობს ტერორისტული ორგანიზაციების და მათი საზოგადოებრივ საწყისებზე ზემოქმედების საფრთხეები, რაც პრაქტიკითაც არაერთხელ დადასტურებულა. ამ ქვეყნებში კონსტიტუციით გარანტირებული ინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთის (თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) შეზღუდვა საბუთდება მათივე გადარჩენის აუცილებლობით, რომელსაც გარდაუვალი განადგურება ემუქრება მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხეების გამო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ზემოთ აღნიშნული მკაცრი პრევენციულ-საპოლიციო მიდგომებისა, რომელიც განუსაზღვრელობით და დემოკრატიულ პრინციპთან წინააღმდეგობით ხასიათდება, ისინი მაინც საკანონმდებლო ჩარჩოებში ექცევიან.

 

თუმცა ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალქეების, ადგილობრივი ქისტების მიმართ ახორციელებს, „კონტრტერორისტული სახელმწიფოს“ თეორიაში არ ექცევა, რადგან მსგავსი ქვეყნების გამოცდილებისგან განსხვავებით, საქართველოში პირთა გარკვეული ჯგუფიდან მოსალოდნელ საფრთხეზე საუბარი მხოლოდ “სპეკულაციად’’ ჩანს და არა რეალობად. ჩვენს სინამდვილეში საფრთხე იზომება სუბიექტური წარმოდგენის ხარისხით, წინასწარმეტყველებით და არა რეალობაში არსებული საფრთხის მასშტაბით, რაც ვერ ამართლებს  ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას. 

 


თამარ გეგელია
თამარ გეგელია

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის – EMC-ს თანამშრომელი

მასალების გადაბეჭდვის წესი