კომენტარი

ეშმაკი დეტალებში

1 აპრილი, 2014 • • 1323
ეშმაკი დეტალებში
ორი დღის წინ დასრულდა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში და სწორედ ეს თემა იყო შეხვედრებზე აქტიური განხილვის საგანი. ჩვენი ამოცანაა, როგორ მოვამზადოთ ეს ქვეყნები წევრობისათვის, რათა გაფართოების შესახებ სტრატეგიული განხილვა კვლავ განახლდეს,“ – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში კესტუტის იანკაუსკასმა.
 
 
ეს გახლავთ ამონარიდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი ცნობისა სათაურით „თავდაცვის კონფერენციაზე ნატოს გაფართოების საკითხი განიხილეს“. ეს არაა ერთადერთი განცხადება აღნიშნულ საკითხზე.


ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილს გახდიდა იმას, რომ საქართველოს ნატოს წევრობის კანდიდატთა შორის რიგი ეკავა და პირველი და მეორე თუ არა, მესამე ან მეოთხე მაინც იყო სიაში, არაერთხელ გაჟღერებულა. საზოგადოების ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა იყოს საერთაშორისო თავდაცვით ღონისძიებების მონაწილეთა შორის, საკუთარ პოზიციას, უმეტესწილად, მოკრძალებულად წარმოადგენს, რადგან ამ მოსაზრებას უპირისპირდება გაცილებით დიდი ჯილდოს პერსპექტივა: ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტქურტურებში. საქართველოში საზოგადოების ნაწილისთვის ეს ინტეგრაცია ყოველთვის კონკრეტული ფასით იზომება: ავღანეთში, ერაყში და ასე შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სიცოცხლით. ხოლო როდესაც საერთაშორისო სამხედრო მისიებში მონაწილე საქართველოს მოქალაქე იღუპება და მას გადმოასვენებენ, დაკრძალვის ღონისძიებაზე ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნება, რომ ის დაიღუპა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, რასაც დაღუპული მეომრის შვილი, ოჯახის წევრები, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენი მოქალაქეები აიგივებენ დასავლურ ინსტიტუციებთან ინტეგრაციასთან.


სწორედ ამიტომ პრეზიდენტ ობამას განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო და უკრაინა არ უნდა მოელოდეს ნატოს წევრობას უახლოეს მომავალში, საქართველოს მოქალაქეებისთვის იმედგამაცრუებლად გაისმა.


ერთი კვირის წინ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ შემთხვევა, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში, არ დაფიქსირებულა ცივი ომის შემდგომ. ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განცხადება გააკეთა კიდეც და თქვა: “საგარეო უწყება აპირებს იმას, რომ შეახსენოს აბსოლუტურად ყველას, ვინც არ უნდა იყოს იგი, რომ საქართველო არის ევროპა და 21-ე საუკუნეში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შეილახა და მოხდა საერთაშორისო ნორმების დარღვევა. ეს მოხდა 2008 წელსაც. მას შემდეგ საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და მისი ორი ნაწილი არის ასევე რუსეთის მიერ გამოცხადებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ასე რომ, ეს ალბათ გამორჩა ევროპარლამენტის პრეზიდენტს”.


საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ვითარება სახარბიელო ნალდვილად არაა, ამას ემატება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მიმართ წარმოებული ხისტი, ნაჩქარევი, არაპრაგმატული და, ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოვლად უსარგებლო კამპანიის წარმოება. როდესაც საქმე ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს და ყოფილ უმაღლეს წარმომადგენლებს ეხება, საქმის წარმოებისას ერთ-ერთი ობიექტურად მნიშვნელოვანი ფაქტორი პოლიტიკაცაა. მას შეიძლება „დეტალი“ ვუწოდოთ, მაგრამ სათვალავში ჩასაგდებად რომ არ მივიჩნიოთ, ალბათ უფრო არაგონივრული იქნება, ვიდრე გონივრული.


საშინაო ვითარებას რაც შეეხება, გასულ რამდენიმე დღეში ორმა პრობლემამ, რომელსაც გამოწვევას ვერ დავარქმევდი, თვალსაჩინოების მაღალი ხარიხსი აჩვენა. ერთი გახლავთ რუსეთის მხარდამჭერი აქცია, რასაც თბილისში ჰქონდა ადგილი (აქ კითხვები „რატომ“ ან „რისთვის“ აბსოლუტურად აზრს მოკლებულია, რადგან მთავარია შედეგი, რაც ამ შემთხვევაში აქციის სახით გვაქვს) და მეორე: დავა ხელისუფლებაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თაობაზე. მისი ეპითეტი იქნებოდა „ყოვლად ოდიოზური“, რომ არ ყოფილიყო სამარცხვინო. საჯარო სივრცეში მინისტრების მხრიდან გამოთქმულმა მოსაზრებებმა აჩვენა, რომ მთავრობაში ადამიანებს სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტი აქვთ. მინისტრები ამბობდნენ, რომ დოკუმენტზე მთავრობამ იმუშავა, ამდენად ხელშეკრულებაზე პრემიერ მინისტრმა უნდა მოაწეროს ხელი. მათ საერთოდ არ უფიქრიათ იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრები არიან და ამგვარ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. არ უფიქრიათ არც იმის შესახებ, რომ საქართველო არაა ცალკ-ცალკე დაყოფილი, მთავრობის საფეოდალოდ და პრეზიდენტის საფეოდალოდ.


დაბოლოს, მინდა ჩემი შიში გავამხილო. ეს დეჟავუს შიშია. ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მახსენდება როგორ შებრუნდა დასავლეთი ზურგით დამოუკიდებელი საქართველოსგან მეოცე საუკუნის ოციან წლებში: დაუხურა ერთა ლიგის კარი და განუცხადა, რომ საქართველოს რუსეთის საშინაო საკითხია. მაგრამ, ფუი ეშმაკს.

ნინო დალაქიშვილი
ნინო დალაქიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი