კომენტარი

დავით უსუფაშვილის განმარტება საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხზე

4 თებერვალი, 2014 • • 1307
დავით უსუფაშვილის განმარტება საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხზე

ნეტგაზეთი უსუფაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ:


ბატონო სოლომონ,

წლების განმავლობაში არაერთხელ ამშლია თქვენთან გაბაასების საღერღელი საზოგადო საქმეებზე, მაგრამ სულ თავს ვიკავებდი და რაღაცას ველოდი. ბედის ირონიაა თუ განგების ნება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ თურმე ყველაზე უფრო შეუსაბამო დროსა და ვითარებას დავლოდებივარ…

მჯერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამბებით სწორედ რომ გულდაწყვეტილი ხართ და არა გაბრაზებული. აი, მე კი, ვაღიარებ, რომ გულდაწყვეტილიცა ვარ და გაბრაზებულიც. გულდაწყვეტილობის მიზეზებზე არ და ვერ ვისაუბრებ, გაბრაზებული კი საკუთარ თავზე ვარ და მოგვიანებით გეტყვით, რატომ.

დასაწყისშივე მინდა მოგახსენოთ ჩემი ხედვა იმის შესახებ, თუ რა შედეგი გვაქვს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დღეს: გაცილებით უარესი თავიდან ავიცილეთ; სასურველი ნაწილობრივ მივიღეთ; გვაქვს სასურველის სრულად მიღების პერსპექტივა (და არა გარანტია).

აი, აქ ვართ და ესაა რეალობა. ამ რეალობის შექმნის მიზეზებზე ბევრი საუბრობს და მეც შევეხები ზოგიერთს. თუმცა, თქვენი არ იყოს, მეც მჯერა, რომ თავად საზოგადოებრივ მაუწყებელს უფრო მალე და მარტივად მოევლება, ვიდრე ამ პროცესში წარმოჩენილ ზოგიერთ სიღრმისეულ პრობლემას – დაწყებული საკანონმდებლო პროცესის ტექნიკური და არსობრივი ხარვეზებით და დამთავრებული ჯანსაღი კონკურენციის პირობებისადმი ტოტალური გაუცხოვებით, რაც საბჭოეთმა დაგვიტოვა… 

შევეცდები საკითხებს მივყვე თქვენს ღია წერილში დასმული თანმიმდევრობით – ჯერ სამართლებრივი ამბები, მერე დანარჩენი.

საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, რომ საკითხის სამართლებრივი მხარე სრულ წესრიგშია და ფუჭად კარგავს დროს და პროფესიულ ავტორიტეტს ყველა, ვინც ამაოდ ეძებს ფაქტებსა და არგუმენტებს პარლამენტის თუ დამსახელებელი  სუბიექტების მიერ კანონის დარღვევის დასამტკიცებლად. მაგრამ კანონთან პირნათლად ყოფნა რომ ზოგადად პირნათელობის მხოლოდ აუცილებელი და არასაკმარისი პირობაა, ამაზე მხოლოდ ცოტამ თუ მიანიშნა მაუწყებლის თაობაზე დისკუსიის განმავლობაში. თქვენ იმ „ცოტადან“ ხართ (როგორც სულ იყავით თქვენი სოლომონობის ეპოქაში) და მადლობა ამისათვის! თუმცა თქვენც კი შემოგპარვიათ ეჭვები შესაძლო კანონდარღვევის თაობაზე და ამიტომ წვრილად მოგახსენებთ ყველა დასმულ კითხვაზე.

1.    თქვენ ბრძანებთ, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერპარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის 3-დღიანი ვადა   

ყველა კანდიდატი პარლამენტს წარედგინა კანონით დადგნილ ვადებში. კომისიას კანდიდატები უნდა შეერჩია წარდგენის ვადის ამოწურვიდან (12.12.2013)  არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა (არაუგვიანეს 2013 წლის 22 დეკემბრისა). კომისიამ  2013 წლის 23 დეკემბერს  წარმოადგინა 27 კანდიდატის სია (წერილი №42660). კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა (არაუგვიანეს 2013 წლის 25 დეკემბრისა) განსაზღვრულმა სუბიექტებმა 6 კანდიდატურა წარმოუდგინეს საქართველოს პარლამენტს. 

2.    თქვენ ბრძანებთ, რომ არ იყო დაცული უფლებამოსილი სუბიექტების მიერპარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენის რიგითობა

პარლამენტში ყველა წარდგინება შემოვიდა ერთ დღეს – 25 დეკემბერს. ვინაიდან კანონის მიხედვით ყველა სუბიექტს ერთდროულად ეწურებოდა ვადა და თან დაწესებული რიგითობის გამო ვიღაცა ვიღაცას უნდა დალოდებოდა, მე პირადად მივიღე საჭირო ზომები და ვთხოვე შესაბამის სუბიექტებს, რომ ეზრუნათ სხვებისთვის საკმარისი დროის დატოვებაზე. მაგრამ ეს იყო რეკომენდაცია და არა კანონით განსაზღვრული ვადების ვინმესთვის შეზღუდვა – სახალხო დამცველს შეეძლო სულ ბოლო წუთს დაესახელებინა კანდიდატი. მეორე მხრივ, ვერც აჭარის უმაღლეს საბჭოს (ან თუნდაც პარლამენტის რომელიმე 17 წევრს) მოვთხოვდით, რომ სხდომაზე შეკრებილიყვნენ და ბოლო წუთამდე დალოდებოდნენ სხვა სუბიექტის გადაწყვეტილებას. ამასთანავე, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ერთიდაიმავე კანდიდატის დასახელების შემთხვევაში უპირატესობა კანონით დადგენილი რიგითობის მიხედვით გადაწყდებოდა და არა დოკუმენტის წარმოდგენის რიგითობით. საბოლოოდ, ამ საკითხზე არავითარი გაუგებრობა არ შექმნილა და კანონის დარღვევად ნამდვილად ვერ ჩავთვლი იმ ფაქტს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისაღები გადაწყვეტილების თაობაზე მეტი ბუნებრივი საჯაროობა იყო კანდიდატის თაობაზე, ვიდრე სახალხო დამცველის მიერ ერთპიროვნულად მისაღები გადაწყვეტილებისას.

3.    თქვენ ბრძანებთ, რომ დაირღვა დასახელებული კანდიდატებისათვისპარლამენტის მიერ კენჭისყრისთვის დაწესებული ათდღიანი ვადები

პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატებს პირველ ტურშიც და მეორე ტურშიც კენჭი უყარა ისე, რომ არ დარღვეულა კანონის არც ერთი პუნქტი. კანონის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პირველ ტურში პარლამენტს კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარა საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატთა შერჩევიდან (2013 წლის 22 დეკემბერი) არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა  (არაუგვიანეს 2014 წლის 13 იანვრისა). პარლამენტმა წარდგენილ კანდიდატენბს კენჭი უყარა 2013 წლის 27 დეკემბერს.

მეორე ტურში კანონი ადგენს კანდიდატთა წარდგენის 10 დღიან ვადას და არ ადგენს მათთვის კენჭისყრის ვადას. კანდიდატთა წარდგენის ვადის ბოლო დღეს, 6 იანვარს, სამივე სუბიექტმა, რომელთა კანდიდატებიც არ იქნენ არჩეულნი პირველ ტურში, წარმოადგინა იგივე კანდიდატები, რის შესახებაც პირადადაც მაცნობეს და მედიაშიც გაავრცელეს ინფორმაცია. ვინაიდან პარლამენტი იმყოფებოდა არდადეგებზე და ვინაიდან კენჭისყრის ვადას კანონი არ განსაზღვრავდა, პარლამენტმა აღნიშნულ კანდიდატებს კენჭი უყარა 23 იანვარს, ანუ, როგორც კი ამის საშუალება მიეცა ერთი დღით ადრე მოწვეული რიგგარეშე სესიის განმავლობაში (შედარებისთვის, წარდგენიდან მე-12 სამუშაო დღეს). 

4.    თქვენ ბრძანებთ, რომ ყველაზე სერიოზული დარღვევაა ის, რომ არ იყოდაცული პარლამენტისათვის უმცირესობისხოლო შემდეგ უმრავლესობისმიერ წარსადგენი კანდიდატურების რაოდენობა და რომ არ მოგისმენიათდამაჯერებელი და დასაბუთებული იურიდიული განმარტება იმაზერატომ დაროგორ შეიძლება ნიშნავდეს ფრაზა „წარუდგენს სამს“ იმასრომ შეუძლიაწარუდგინოს ან სამიან ორიან ერთიან – სულაც არცერთი!

როგორ შეიძლება „სამი“ ნიშნავდეს „ერთსაც“…

თქვენს კითხვაზე ყველაზე მოკლე და ფორმალური პასუხი იქნებოდა თქვენთვის ერთი მარტივი კითხვის დასმა – „ერთი წლის შემდეგ, მაგალითად, ქალბატონი ნათელა სახოკია მეურვის თანამდებობიდან რომ გადადგეს (ვთქვათ, BBC-ის სამეურვეო საბჭოში არჩევის გამო…), მის ადგილზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ვინ და რამდენ კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს პირველ ტურში?“

მოხარული ვიქნები თუ ვინმე განსხვავებულ პასუხს გასცემს ამ კითხვას და ამით მეცნიერების ერთდროულად რამდენიმე დარგში (სამართლის, მათემატიკის, ლოგიკის, ქართული ენის და ა.შ.) შეიტანს რევოლუციურ გადატრიალებას… მაგრამ მანამდე, ვფიქრობ, პასუხი ნათელია – „საპარლამენტო უმრავლესობა, კანონის იმავე მუხლებისა და პუნქტების საფუძველზე, სადაც წერია ფრაზა „სამს საპარლამენტო უმრავლესობა“, წარადგენს ერთ კანდიდატურას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან“.

ამ, ერთი შეხედვით, „ერთ ტანკს ორზე უფრო მეტი ძალა აქვს“ სიტუაციის მიზეზი ისაა, რომ ფრაზა „წარუდგენს სამს“, როგორც და სადაცაა იგი გამოყენებული, ნიშნავს იმას, რომ: ა) უმრავლესობას 9 ადგილიან სამეურვეო საბჭოში ენიჭება 3 ადგილიანი კვოტა; ბ) უმრავლესობა  პარლამენტს წარუდგენს 3, 2 ან 1 კანდიდატს იმის მიხედვით, თუ რამდენი ადგილია შესავსები ან ვაკანტური სამეურვეო საბჭოში კანონით მისთვის მიკუთვნებული 3 ადგილიდან; და გ) კანონის ეს ნორმა გამოიყენება სამეურვეო საბჭოს თავდაპირველი ფორმირებისთვისაც და შემდგომი ფუნქციონირებისთვისაც და ამიტომ მისი ინტერპრეტირებისას უნდა გავითვალისწინოთ როდის და რა პირობებში ვიყენებთ მას..

ეს ისე, იმის დასტურად, რომ ფრაზა „წარუდგენს სამს“ შეიძლება ნიშნავდეს „წარუდგენს ერთს“, როგორც ზოგადად სამი შესაძლებლიდან კონკრეტულად (და ამჯერად) ერთს… აქვე შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ რადგან „სამი“ ყოფილა არა ერთი მთლიანი და განუყოფადი, არამედ სამ ერთეულად დაყოფადი და მერე ისევ შეკრებადი, მაშინ ნულიც უკვე საქმეშია (ანუ „არავის დასახელება = დასახელება არავისი“) და ამით კამათიც დაგვესრულებინა. მაგრამ ვშიშობ, ამგვარ ახსნას ბევრი ვერ გაიგებს და „ხალიჩიდან გაქცევად“ ჩამითვლის. ამიტომ გავაგრძელოთ მსჯელობა.

უფლება, ვალდებულება თუ უფლებამოსილება?

თუ უმრავლესობა (ან უმცირესობა, სახალხო დამცველი, აჭარის უმაღლესი საბჭო – კანონი და სტანდარტი ყველასთვის ერთი რომ უნდა იყოს, ამაზე ყველა ვთანხმდებით) არსებულ ვაკანსიაზე საკონკურსო კომისიის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არავის არ წარუდგენს პარლამენტს, ამით იგი არღვევს თუ არა კანონს? არ არღვევს, ისევე, როგორც არ დაარღვევდა კანონს: ა) განაცხადის შემტანი 68 მოქალაქიდან თვითეული, თუ იგი არ მიიღებდა მონაწილეობას კონკურსში; ბ) საკონკურსო კომისია, თუ იგი არ გაუწევდა რეკომენდაციას 68-დან არც ერთ კანდიდატს; გ) პარლამენტის წევრი, თუ იგი ხმას არ მისცემდა კენჭისყრაზე გამოტანილ არც ერთ კანდიდატს. ცხადია, სრულიად სხვადასხვაა ჩამოთვლილი „რაღაცის არ გამკეთებლების“ პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა შესაბამის არ თუ ვერ გაკეთებულზე, მაგრამ ისინი ერთნაირად პირნათელნი არიან კანონთან.

ვინც თვლის, რომ „არ წარდგენა კანონის დარღვევაა“, იქნებ ისიც თქვას იმ 31 პარლამენტის წევრიდან, რომელთაგან ნებისმიერ 17-ს შეეძლო არაუმრავლესობისთვის განკუთვნილი მესამე კვოტის ათვისება და კანდიდატის დასახელება, რომელმა დაარღვია კანონი და რომელმა არა. ვინც საერთოდ არ გაეკარა პროცესს, დაარღვია მან კანონი? ალბათ არა, იმიტომ რომ დანარჩენებს უიმისოდაც შეეძლოთ კანდიდატის დასახელება… ვინც სამი დღე ირბინა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდასაჭერი ხელმოწერების შესაგროვებლად და 9-ზე მეტი ვერ მოაგროვა? ალბათ არა, მეტი რაღა ექნა… მაშინ ვინ დაარღვია კანონი? და თუ კანონის დამრღვევი არ გვყავს, როგორღა დაირღვა კანონი?

კიდევ უფრო მეტი სიცხადისთვის, ასეც დავსვათ კითხვა: რა უნდა ექნა საკონკურსო კომისიას (რომელსაც კანონი ზუსტად ისევე კატეგორიულად ავალებს ვაკანსიაზე მინიმუმ სამჯერ მეტი კანდიდატის „წარდგენას“, როგორც მოგვიანებით დამსახელებელ სუბიექტებს), თუ 68 აპლიკანტიდან 50-ს ოქროს ასოებით ექნებოდა საბუთებში მითითებული საკუთარი პარტიული კუთვნილება? ამ შემთხვევაში კომისიას კანონის ერთი მუხლის დარღვევით უნდა შეერჩია 27 კანდიდატი თუ კანონის მეორე მუხლის დარღვევით არ უნდა შეერჩია 27 კანდიდატი? ანუ კომისია ყველა შემთხვევაში განწირული იქნებოდა კანონის დარღვევისთვის?

შეიძლება ვინმემ თქვას, აქ ხომ ფორმალურმა მიზეზმა არ მისცა კომისიას „ვალდებულების“ შესრულების საშუალება და ამიტომ არ ჩაითვლება კანონის დარღვევადო – „რაც მათზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი იღონეს და თავს ზემოთ ძალა აღარ ეყოთ…“

დავუშვათ, რომ ასეა (თუმცა, უკვე გამოდის, რომ „რაღაც“ მიზეზით თურმე შეიძლება „ვალდებულების“ არ შესრულება ისე, რომ კანონი არ დაირღვეს) და განვიხილოთ სხვა შესაძლო შემთხვევა. ვთქვათ, ფორმალური გადარჩევის შემდეგ დარჩენილი 45 კანდიდატიდან 25-მა ისეთი კონცეფცია წარმოადგინა და ისე მოიქცა გასაუბრებაზე, რომ კომისიის წევრთა ღრმა რწმენით, სინდისის კარნახით და საღი აზრით მათი საზოგადოებრივ მაუწყებლელთან ახლოს მიშვებაც კი დაუშვებელია. როგორ უნდა მოიქცეს კომისია და მისი წევრები? კანონით დაკისრებული „ვალდებულების“ გამო (მინიმუმ 27 კანდიდატის წარდგენა) უარი უნდა თქვან საღ აზრზეც, სინდისზეც, რწმენაზეც, საკუთარ რეპუტაციაზეც და როგორმე 27-მდე შეავსონ სია? ასეთ შემთხვევაში ხომ არ გამოვა, რომ თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კანონს „დაუვალებია“ ყოფილა „მოცემული 68-დან ვინმე 27-ის“ აუცილებლად შერჩევა და არა საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი რომ ჩაბარდება ისეთი კანდიდატების გამოვლენა…

შესაძლოა გადაგღალეთ კაზუისტიკით, მაგალითებით, შედარებებითა და  მოდელირებით, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება დასმული საკითხის არსში გარკვევა – კანონის ნორმა და მისი ესა თუ ის ინტერპრეტაცია ყველა გამოცდას და ტესტს უნდა უძლებდეს, ყველა შესაძლო მოცემულობაში ერთნაირი წარმატებით უნდა მუშაობდეს და არა მხოლოდ ალაგ-ალაგ, როდესაც ეს ვინმეს აწყობს.

ამ მაგალითებით მე მხოლოდ იმის დემონსტრირება მსურდა, რომ მაუწყებლის შესახებ კანონის ფრაზები იმის შესახებ, რომ საკონკურსო კომისია ან დასახელების კვოტების მქონე სუბიექტი „წარუდგენს“ ვინმეს 1, 3 თუ 27 კანდიდატს (ან „პარლამენტი აირჩევს“) ნიშნავს მათ ექსკლუზიურ კომპეტენციას, უფლებამოსილებას, ფუნქციას, რომელიც მათ შესაძლოა ვერ შეასრულონ მათზე დამოუკიდებელი (ფორმალური დარღვევები, კანდიდატურის მოხსნა) ან მათზე დამოკიდებული (განსჯის შედეგად დაიწუნეს, ვერ შეთანხმდნენ, პოლიტიკურად ასე ჩათვალეს მიზანშეწონილად) მიზეზების გამო და ეს შეიძლება მოხდეს კანონის სრული დაცვით. მეტიც, შეძლება ამ ვერ შერულებისთვის (კომისიამ არ შეარჩია, სახალხო დამცველმა არ წარადგინა ან პარლამენტმა არ აიჩია სრულიად შეუსაბამო პირები) მადლობაც კი ეკუთვნოდეს ვინმეს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მაგალითები არ მომყავს როგორც რეალობის შინაარსობრივი ანალოგია (კანდიდტების შესაფერისობა და ა.შ.). მაგალითები მომყავს იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ იურიდიული კონსტრუქციების შინაარსი და უფლების, მოვალეობის, კომპეტენციის და დისკრეციის ფარგლები და შეზღუდვები.

სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა

სუბიექტებმა, რომლებმაც არ თუ ვერ წარადგინეს კანდიდატები, შესაძლოა ამით დაარღვიეს სხვა ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა, მაგრამ მათ არ დაურღვევით კანონი. საერთოდ, თუ გვინდა ოდესმე დამკვიდრდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უნდა გავმიჯნოთ იგი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. განა კანონის ფარგლებში შეუძლებელია არასწორი გადაწყვეტილების მიღება?

მაგალითად, დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება სამართლებრივი რეაგირება იმ შესაძლო ვითარებაზე, როდესაც 4 წლის განმავლობაში არცერთი პარლამენტის წევრი არ იყენებს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას! ამასობაში, „საკანონმდებლო ინიციატივის უფლება“ უბრალოდ უფლებაა (როგორც მოქალაქის „საკანონმდებლო წინადადების უფლება“) თუ რაღაცა უფრო მეტი? რა თქმა უნდა, ეს „უფლება“ რაღაცა უფრო მეტია – ეს უფლებამოსილებაა, კომპეტენციაა, ფუნქციაა, ძალაუფლებაა, პოლიტიკური ვალდებულებაა, პროფესიული მოვალეობაა. ამ დროს პარლამენტის წევრები არღვევენ ყველაფერს, გარდა კანონისა… ამიტომაც რეაგირება შეიძლება იყოს ყველანაირი, გარდა სამართლებრივისა…

ანტი-ჩიხური მექანიზმები

თქვენ სწორად სვამთ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არაფერი წერია კანონში იმის თაობაზე, თუ რა მოხდება თუკი დამსახელებელმა სუბიექტებმა ვერა და ვერ მოახერხეს კანდიდატების წარდგენა. მაგრამ ეს კითხვა იმაზე კი არ მიუთითებს, რომ „ესე იგი 3-ის დასახელება ვალდებულებაა, რომელიც ყოველი მიზეზის გარეშე უნდა შესრულდეს“, არამედ პირიქით – საჭიროა სათანადო სამოტივაციო სისტემის შექმნა, რათა ჩიხში არ შევიდეთ.

არსებობს ანტი-ჩიხური სამართლებრივი მექანიზმები (მაგალითად, არჩევნების მეორე ტური 2 საუკეთესოს მონაწილეობით, მამაპაპური წილისყრა თანაბარი ხმების შემთხვევაში და ა.შ.). ამავე კანონში პარლამეტის მიერ მეურვის არჩევის მექანიზმში დევს ანტი-ჩიხური ფორმულა – არჩევისთვის საჭიროა 75-ზე მეტი ხმა, მაგრამ თუ პირველ ან მეორე ტურში კანდიდატმა ვერ მიიღო 75-ზე მეტი ხმა, მაგრამ მიიღო 50-ზე მეტი ხმა, ის ჩაითვლება არჩეულად. თუ ვერც 50-ზე მეტი ხმა მიიღო ვინმემ, მაშინ კონკურსი თავიდან იმართება. ამ შემთხვევაში 50 ხმიანი მეორე საფეხურის შემოღებით ჩნდება დამატებითი მოტივაციები და შანსები იმისათვის, რომ გამარჯვებული გამოვლინდეს არსებული კონკურსის ფარგლებში და არ დაგვჭირდეს ახალი კონკურსი.

უფლებამოსილი სუბიექტის მიერ კანდიდატის ვერ (ვერ შეთანხმდნენ ფრაქციები ან პარლამენტის წევრები), ან არ (არავინ არ მოეწონათ) დასახელების შემთხვევაში კი საქმე პირდაპირ ახალ კონკურსამდე მიდის. ამასობაში, წარმდგენ კოლეგიალურ სუბიექტებს შეთანხმებისკენ მხოლოდ ზოგადი ფაქტორები და რისკები უბიძგებს (ერთი გუნდი ვართ, მაუწყებელს მეურვე სჭირდება, მთელი ეუთო ჩვენ შემოგვყურებს და სხვ.) და არა კონკრეტული (მაგალითად, „თუ ვერ შევთანხმდით, ჩვენი კვოტა სხვას გადაეცემა“).

ანტი-ჩიხური მექანიზმები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე, როდესაც საქმე პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესს და პროცედურებს ეხება.

5.    თქვენ ბრძანებთ, რომ არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივი იყო საკუთარი გადაწყვეტილებების თუ პოზიციების დასაბუთება პარლამენტის წევრთა მხრიდან

ამ საკითხზე დეტალური კომენტარისგან თავს ვიკავებ, ვინაიდან აქ სადავოა არა სამართალებრივი ან პროცედურული საკითხები, არამედ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მოტივაციის თუ არგუმენტაციის სისწორე და დამაჯერებლობა. ზოგადად, გადაწყვეტილების მიმღებთა მიმართ კრიტიკულ მიდგომას და კითხვების დასმას მივესალმები არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ ნებისმიერ სხვა საკითხზე კენჭისყრის ან პოზიციის გამოხატვის შემდეგაც. რაც უფრო ფართოა ხელისუფლებით აღჭურვილი პირის დისკრეცია მიიღოს რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთი, მით მეტია მისი ვალდებულება განმარტოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები და მიზნები.

ცხადია, ვითარება რთულდება, როდესაც კოლექტიურ გადაწყვეტილებებს ეხება საქმე. კიდევ უფრო რთულია კოალიციური გადაწყვეტილებები. გარდაუვალია ურთიერთკომპრომისებიც, რასაც შედეგით უკმაყოფილო მოქალაქემ შესაძლოა „პრინციპების ხარჯზე მიუღებელი პოლიტიკური ვაჭრობა“ დაარქვას და კმაყოფილმა მოქალაქემ – „პოლიტიკური სიბრძნის და შორსმჭვრეტელობის ნიმუში“.

მაგალითად, როგორი იქნებოდა რჩევა, თუ სასწორზე დაიდებოდა თვითმმართველობის კოდექსის მიღება, ერთი მხრივ, და პრინციპული მოსაზრებით ხმის მიცემა მეურვეობის უპერსპექტივო კანდიდატისთვის, მეორე მხრივ? წესიერი, პატიოსანი და პატრიოტი მოქალაქეების აზრები და რჩევები აუცილებლად გაიყოფოდა. მეტიც, გამოჩნდებოდნენ „ყველაზე ჭკვიანები“, რომლებიც იტყოდნენ, რომ არ შეიძლება ამ საკითხების სასწორზე ერთად დადება! სად „ეს“ და სად „ის“! მართლაც… მაგრამ პრობლემაც იმაშია, რომ რაც ერთისთვის არის „ის“, მეორესთვის არის „ეს“… და ასე იქნება ჯერ კიდევ მრავალჟამიერ, სანამ ღირებულებით ერთობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ერთობებს არ დაეფუძნება ჩვენი ეროვნული ერთობა.  

თუმცა, მანამდე ურიგო არ იქნება თუ მეტ პატივს ვცემთ ჩვენს „რიგით, უბრალო, საშუალო“ თანამოქალაქეს და სწორედ მას ავუხსნით ხოლმე ყველა გადაწყვეტილებას, ნაცვლად პოლიტიკურ ოპონენტებთან უაზრო პაექრობისა. 

6.    თქვენ ბრძანებთ, რომ საკონკურსო კომისიის მუშაობა კარგად დაიწყო და უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა

საკონკურსო კომისიამ, რომელიც კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ ჩემი წინადადებით პარლამენტმა დაამტკიცა, უაღრესად შემჭიდროვებულ ვადებში თავდაუზოგავად იშრომა და თავისი პირუთვნელი დასკვნები საჯარო ვითარებაში შეიმუშავა. განვითრებული მოვლენების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ საკონკურსო კომისიამ პროცესში მონაწილე ყველა სხვა სუბიექტზე გაცილებით უკეთ გაართვა თავი საქმეს, რისთვისაც მე კომისიის ყველა წევრს გულწრფელი მადლობა გადავუხადე. საერთო ფონზე, ბოლო ხანებში, კომისიის წევრებსაც მოუწიათ საკუთარი ხან შეშფოთების და ხან აღშფოთების გამოხატვა. მაგრამ ცდება ყველა, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათ პირადი ამბიცია („ჩვენი შერჩეულები როგორ დაიწუნა ვინმემ“) ალაპარაკებთ. მათმა უანგარო და კვალიფიციურმა გარჯამ მხოლოდ სანახევრო ნაყოფი გამოიღო. ამიტომ, აქვთ საფუძველი იყვნენ ნახევრად გაბრაზებულები… დარწმუნებული ვარ, მეორე ცდით წარმატებით დავასრულებთ პროცესს და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება.  

მე მოხარული ვიქნები, თუ კანონით დადგენილი კონსულტაციებისა და პროცედურების შემდეგ შესაძლებლობა მექნება, კომისიის იგივე შემადგენლობა შევთავაზო პარლამენტს ახალი კონკურსის ჩასატარებლად. 

7.    თქვენ ბრძანებთ, რომ ყველაზე უფრო ამ პროცესით ჯერ გაჩენილი და შემდეგ (კვლავ) გაცრუებული იმედები გაწუხებთ…

მეც სწორედ ეს მაწუხებს, განსაკუთრებით, ამ ყველაფერში პირადად ჩემი „წვლილი“… აშკრაა, რომ კანონში ბოლო ცვლილებების შეტანის შემდეგ (20 ნოემბრიდან) პროცესს სჭირდებოდა გაცილებით უკეთესი პოლიტიკური, ორგანიზაციული და ინფორმაციული მენეჯმენტი და ეს, პირველ რიგში, თავად მე უნდა გამეკეთებინა.

კონკურსის გამოცხადების შესახებ ჩემს მიერ 27 ნოემბერს გამოცემული ბრძანება, როგორც აღმოჩნდა, ჩაიკარგა ვილნიუსის სამიტის და უკრაინის მოვლენების ფონზე და ეს თემა „პოლიტიკურ რადარზე“ გამოჩნდა მხოლოდ 11 დეკემბერს საღამოს, პარლამენტის მიერ 9 წევრიანი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შემდეგ. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ იმ საღამოს და მეორე დილით უამრავმა ადამიანმა დამირეკა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პარლამენტმა საკონკურსო კომისია კი არა, 9 კაციანი სამეურვეო საბჭო დაამტკიცა უკვე… ამასობაში, მეორე დღეს საღამოს აპლიკაციების მიღება დამთავრდა. (სხვათა შორის, შემოსული 68 განაცხადებიდან 47 განცხადება ბოლო დღეს, 12 დეკემბერს შემოვიდა). 

შეეძლო თუ არა საჭირო ინფორმაციის მიღება ყველას, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა აინტერესებდა? კონკურსის უფრო ადრე ჩატარების საკითხს პარლამენტში ნოემბრის განმავლობაში სამი მოსმენით პირდაპირ ეთერში ვიხილავდით (თან საკმაოდ ხმაურიანად); კონკურსის გამოცხადების ბრძანება პარლამენტის ბიუროს გავაცანი (რომელიც, ასევე, პირდაპირ ეთერში გადაიცემა); ბრძანება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ყველა საჭირო დეტალით და მე პირადად მინიმუმ სამ სატელევიზიო ეთერში განვაცხადე, რომ დაიწყო საკონკურსო განაცხადების მიღება. გარდა ამისა, საკონკურსო კომისიის შესაქმნელად კონსულტაციები მქონდა სახალხო დამცველთან, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, საპარლამენტო უმცირესობასთან, უმრავლესობაში შემავალ ყველა ფრაქციასთან, მედიის წარმომადგენლებთან. ასე, რომ ყველაფერი ღია და გამჭვირვალე იყო და ყველა მსურველს შეეძლო მიეღო საჭირო ინფორმაცია. მაგრამ ეს აშკარად არ აღმოჩნდა საკმარისი. საჭირო იყო მეტი პრო-აქტიურობა. ჩვენ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა კი არ უნდა გაგვეჩინა, არამედ უნდა „გვეიძულებინა“ ყველა, რომ მიეღოთ ინფორმაცია. ამასობაში, ჩემთვის ეს თემა თვეების განმავლობაში იმდენად აქტუალური იყო, რომ მისი „გაპიარების“ საჭიროება არც კი მომსვლია თავში…

ამ საკითხზე ამდენ ყურადღებას ორი მიზეზის გამო ვამახვილებ: 1. აღმოჩნდა, რომ კონკურსის შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებით ვადების შესახებ, მართლაც არ ჰქონდა ბევრ დაინტერესებულ პირს (სრულიად განსხვავებული პოლიტიკური თუ სხვა წრეებიდან); 2. დაინტერესებულ პირთა ფართო წრის მიერ მიღებულმა თავდაპირველმა შოკმა („ეს მნიშვნელოვანი პროცესი ასე მალულად როგორ და რატომ ჩატარდა…“) სერიოზული დაღი დაასვა შემდგომ პროცესებს.

ეს პრობლემა და მისი შესაძლო შედეგები ჩემთვის ნათელი გახდა განაცხადების მიღების დასრულებიდან 2-3 დღეში. გაჩნდა მოწოდებები ვადის გაგრძელების შესახებ; გაჩნდა კითხვები, რომელთა უბრალოდ გაჩენამაც კი პრობლემების გეომეტრიული პროგრესიით ზრდა გამოიწვია. აღმოვჩნდი მძიმე დილემის წინაშე – ან დაწყებული პროცესი უნდა გაგრძელებულიყო და დანაკარგების მინიმალიზაციაზე მეზრუნა; ან უნდა გამეკეთებინა პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ  „მართალია საკონკურსო კომისიამ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე უკვე დაიწყო შემოსული განაცხადების განხილვა და შედეგები 10 დღეში უნდა წარმოადგინოს, მაგრამ მე მათ მივმართავ, შეწყვიტონ მუშაობა, ვინაიდან „ამიტომ და იმიტომ“ ვაპირებ კანონში ცვლილების ინიცირებას ვადების გაგრძელების შესახებ, რასაც პარლამენტი იანვრის დასაწყისში მიიღებს, ალბათ“…

მეორე ვერსია ერთი შეხედვითაც კი იმდენად აბსურდული ჩანს, რომ შესაძლოა არც კი დაიჯეროთ, რომ მე ამ ვერსიაზე 2 დღის განმავლობაში სერიოზულად ვფიქრობდი… მეორე მხრივ, 2 დღის განმავლობაში ამ აბსურდზე სერიოზულად ფიქრის ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პირველი ვერსიის შემთხვევაში მოსალოდნელი პრობლემების სიმძიმეც (ანუ, რაც დღეს აწუხებს საზოგადოებას) მაშინვე მქონდა გაცნობიერებული.      

როგორც ცხოვრებაში უფრო ხშირად ხდება, კარგი ვერსიის აღარ არსებობის გამო, ცუდს და უარესს შორის მომიწია არჩევანის გაკეთება – გადავწყვიტე პროცესი გაგვეგრძელებინა და დანაკარგების შემცირებაზე გვეზრუნა. შედეგად მივიღეთ 4 მეურვე 9 საჭიროდან და უამრავი კითხვა, რომელთა უდიდეს ნაწილსაც მეორე ეტაპზე შეიძლება გაეცეს დამაჯერებელი პასუხი. სხვა შემთხვევაში მივიღებდით 0 მეურვეს 9 საჭიროდან და გაცილებით მეტ კითხვას, რომელთა უდიდეს ნაწილზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა შეუძლებელი იქნებოდა.

არადა, სულ ცოტა იყო საჭირო იმისათვის, რომ მეურვეთა საბჭოც ღირსეული ხალხით დაკომპლექტებულიყო და ამდენი უარყოფითი ემოციის ნაცვლად სიამაყის და სიხარულის განცდა დაუფლებოდა ყველას. სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინე, რომ ამ მრავალჭირნახული საზოგადოებრივი მაუწყებლის თემას მეტი ყურადღება, მეტი განმარტება, მეტი ინფორმირება, მეტი დელიკატურობა სჭირდებოდა.

……….

„არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ, რომ თქვენთვის კარგი მინდაო“ – ამბობთ. მჯერა, ამ წუთში ამ ქვეყნად ყველაზე მეტად სწორედ მაგისი მჯერა. მინდა, რომ თქვენც გჯეროდეთ… ამიტომ, ვკადნიერდები და მოგმართავთ –  იქნებ ერთხელ კიდევ ვცადოთ ყველამ ერთად, მალე ახალი კონკურსი გამოცხადდება…

 

დავით უსუფაშვილი, 2013
დავით უსუფაშვილი, 2013

მასალების გადაბეჭდვის წესი