კომენტარი

„სვანეთის და სვანი ხალხის გადარჩენა“

2 თებერვალი, 2014 • 1392
„სვანეთის და სვანი ხალხის გადარჩენა“

“ყოველწლიურად სვანეთის მუნიციპალიტეტის შემოსავალი იქნება 12 მილიონი, რაც ძალიან დიდი თანხაა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ თანხით როგორ შეიძლება სვანეთის აყვავება. მე ვფიქრობ, რომ ყველა პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი ფიქრობს იმას, რომ ხუდონი არის ზუსტად სვანეთის გადარჩენის საშუალება”. დაახლოებით იგივე თქვა მან „ტაბულასთანაც“: “ხუდონის პროექტის განხორციელება არის სვანეთის და სვანი ხალხის გადარჩენა”.

 

მანამდე ეს რიცხვი ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა, ამჟამად კი ხუდონჰესის პროექტის ტექნიკურმა დირექტორმაც დაასახელა: „მშენებლობის დასრულების შემდეგ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად ადგილობრივ (მესტიის) ბიუჯეტში შევა საშუალოდ 12,3 მილიონი ლარი“. 

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მესტიის რაიონის მოსახლეობა 14,600 ადამიანს შეადგენს.

 

გამოდის, რომ ზემო სვანეთის თითოეული მკვიდრი, ხაიშის თემის სოფლების დატბორვის ფასად, დღეში 2 ლარსა და 30 თეთრს მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ ყველას შეეძლება ერთი კოლოფი სიგარეტის ყიდვა ყოველდღიურად – წინასწარ არ გაიბურღავს ტვინს, მომდევნო დღეს სად იშოვოს სიგარეტის ფული. ან შეეძლება ორი ქილა მაწვნის ყიდვა; ან ერთი პურისა და ერთი მაწვნის. ეს კი ნამდვილად არის „სვანეთის და სვანი ხალხის გადარჩენა“. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, როგორ თვალისჩინივით უფრთხილდება ჩვენი მთავრობა ლარის კურსს. დღეში 2.30 ლარი ბევრად აღემატება იმ თანხას, რომელიც ყოფილი, აწ განსვენებული პირველი ლედის დამოძღვრის თანახმად, მომჭირნე დიასახლისისთვის საკმარისზე მეტია ოჯახის შესანახად. ბოლო-ბოლო, ამ თანხით შეიძლება ენგურის ხეობაში 1500 ჰექტარის ყიდვა, თავის სახლებიანად, ტყეებიანად და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიანად (სწორედ ამ ფასად იყიდა კომპანია „ტრანს ელექტრიკამ“ ხაიშის თემის ტერიტორია) და კიდევ ლარი დაგრჩება ერთი პურის საყიდლად.  

 

ღირსეული შეთავაზებაა, ამის არდანახვა არ შეიძლება, უმადურობა იქნება…

ავტორის შესახებ

ირაკლი მაჭარაშვილმა 1993 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 2002 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1992 წლიდან ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. მუშაოდა თსუ ზოოლოგიის კათედრაზე (1992-2001), თბილისის 122-ე სკოლაში (1993-1999), ამჟამად არის ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებში (GCCW, NACRES), ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნბერივი რესურსების სამინისტროში. 2005 წლიდან მუშაობს “მწვანე ალტერნატივაში”, არის ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი