კომენტარი

ბექა ყორშია: „დასჯა არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის ზრუნვა და რეაბილიტაცია“

2 ივლისი, 2018 • 2649
ბექა ყორშია: „დასჯა არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის ზრუნვა და რეაბილიტაცია“

ბექა ყორშია, აღმოსავლეთმცოდნე:

„ჩვენ ავირჩიეთ დასავლეთი და თუ გვინდა, რომ არჩეული პოლიტიკური კურსი მოჩვენებით, ზედაპირულ მოცემულობად არ დარჩეს, უპირველესად უნდა გავითავისოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ – სახელმწიფო ინტიტუტები იქმნება იმისათვის, რომ უზრუნველყოს ინდივიდის კეთილდღეობა, უსაფრთხოება და თანასწორუფლებიანობა. სახელმწიფო, რომელიც ნარკოტიკის მოხმარების გამო წლობით ციხეში უშვებს ახალგაზრდებს, უკლავს მათ ოცნებებს, უმახინჯებს მომავალს და ათასი სტიგმით თვითრეალიზების საშუალებას არ აძლევს, შეუძლებელია დასავლურ პოლიტიკურ ორბიტაზე მოიაზრებოდეს.

დასჯა არ არის გამოსავალი, გამოსავალი არის ზრუნვა, რეაბილიტაცია, თანადგომა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ არსებული ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა უნდა ჩანაცვლდეს ჰუმანური მიდგომებით. ეჭვი მაქვს, ერთადერთი, ვისაც ეს არ სურს – პოლიტიკური ელიტაა. ასე იყო წინა ხელისუფლების დროს და ასეა ახლაც. მართალია, ამ კონტექსტში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ პოლიტიკას შორის ტოლობის დასმა უხერხულიც კია, მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც არსებულ ნარკოპოლიტიკას ძალაუფლებისა და კონტროლის ინსტრუმენტად იყენებს. ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, ამ მახინჯ რეალობას მთელი ძალებით დავუპირისპირდეთ.”

_________________

სოციალური კამპანია „ზრუნვა დასჯის ნაცვლად“

კამპანიის მხარდამჭერია საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი