კომენტარი

რატომ არის მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა შესაცვლელი

3 დეკემბერი, 2013 •
რატომ არის მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა შესაცვლელი

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ საბჭოს მოუწოდა, არ დაენიშნა მოსამართლეები 3 წლის ვადით და ძალისხმევა მიემართა მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესში სისტემური ხარვეზების დაძლევისკენ. ეს ხარვეზები უკავშირდება მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სათანადო გამჭვირვალობის, გადაწყვეტილების ობიექტურობისა და დასაბუთებულობის პრობლემებს, ასევე, საბჭოს მუშაობაში დაუძლეველი dead lock-ის შექმნის საფრთხეს. ეს არის ხარვეზები, რომლის გააზრებაც უნდა მოხდეს, როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან.

 

კონტექსტის უკეთ აღქმისთვის, საჭიროა ითქვას, რომ დღეს საბჭო არასრულად, 13 წევრითაა დაკომპელექტებული (სრული შემადგენლობაა 15). 9 მოსამართლე წევრი გაზაფხულზე მოსამართლეთა კონფერენციამ აირჩია; 4 არამოსამართლე წევრი კი  – საქართველოს პარლამენტმა. საბჭოს ახალი შემადგენლობის საქმიანობის 6 თვის განმავლობაში საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის არაერთი პრინციპული განსხვავება და შეუთანხმებლობა დაფიქსირდა. თუმცა მოსამართლეების დანიშვნის საკითხი იყო ის კრიტიკული თემა, რომელმაც საბჭოს მუშაობა ერთგვარ ჩიხში შეიყვანა. საბჭოს წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის კენჭისყრას.

 

მაშინ, როდესაც კანონმდებლობით მოსამართლის დანიშვნას საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 10 წევრის მხარდაჭერა სჭირდება, არც მოსამართლე და არც არამოსამართლე წევრებს საკითხზე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება ერთმანეთის მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლიათ. მოსამართლის დანიშვნისთვის კვორუმის გაზრდა და გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღება ის პრინციპული საკითხები იყო, რასაც მხარს უჭერდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ამ ცვლილებებმა გაამართლა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ აღმოჩნდა საკმარისი მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცესის გაჯანსაღებისთვის.

 

19 ნოემბერს საბჭოს მიერ დანიშნული 12 მოსამართლე 59 კანდიდატს შორის შეირჩა. საბჭომ 47 კანდიდატს უარი უთხრა მოსამართლედ დანიშვნაზე. უარის თქმის მოტივი არც კონkურსში მონაწილე კანდიდატებისთვის და არც დაინტერესებული საზოგადოებისთვის არ განიმარტება. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გარანტირებული უფლება მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე, ყველა კონკურსანტს აქვს უფლება თანაბარ პირობებში მიიღოს მონაწილეობა დამოუკიდებელი და ობიექტური შერჩევის პროცესში. მათ უფლება აქვთ იყვნენ დაცულნი ინტერესთა კონფლიქტისგან, სუბიექტივიზმისგან და იცოდნენ კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მოხდა მათ მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება.

 

მოსამართლეთა შერჩევის მოქმედი სისტემა, ფაქტობრივად, არ ადგენს წესებს, როგორ უნდა მოხდეს კონკურსში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, იმისათვის, რომ საბჭომ ადეკვატურად შეაფასოს ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა მენეჯერული უნარ-ჩვევები, მორალური ღირებულებები, მიუკერძოებლობა და სხვა. ასეთ პირობებშ, საბჭო დამოკიდებულია იმ ინფორმაციაზე, რასაც კანდიდატი თავად წარუდგენს საბჭოს. საბჭოს წევრებს ინფორმაციის მოპოვება არარეგლამენტირებული წესებით ასევე შეუძლიათ პირადი კონტაქტების საფუძველზე, კოლეგებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან.

სავარაუდოა, რომ საბჭოს წევრების ნაწილი კონკურსში მონაწილე 59 კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას სწორედ ამ მეთოდით ცდილობდა. თუმცა, შესაძლებელია, რომ ყველა კონკურსანტის მიმართ ინფორმაცია ერთგვაროვნად არც იქნა შესწავლილი. დღეს, ინფორმაციის მოგროვებისა და ერთგვარი background check-ის ჩატარების დროს, საბჭოს წევრს არც კონკურსანტის თანხმობა და არც სპეციალური ნორმების დაცვა არ ევალება.

 

კონკურსანტებთან ინტერვიუს დროს, საბჭოს წევრები არ ხელმძღვანელობენ ერთგვაროვანი სტანდარტებითა და წესებით. მათ შეუძლიათ ერთი კონკურსანტის მიმართ დასვან იმდენი შეკითხვა, რამდენიც საკმარისიად მიაჩნიათ ყველა კრიტერიუმის შემოწმებისთვის, მეორე კონკურსანტთან კი გასაუბრება ერთი შეკითხვის შემდეგ დაასრულონ. უფრო მეტიც, საბჭოს წევრებს არ ევალებათ კონკურსანტთან გასაუბრება ისე წარმართონ, რომ ამან კრიტერიუმების მიხედვით კანდიდატის შეფასების შესაძლებლობა შექმნას.

 

გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბჭოს წევრს არ აქვს ვალდებულება კანდიდატები შეაფასოს თითოეული კრიტერიუმების მიხედვით, რაც მისი საბოლოო გადაწყვეტილების დასაბუთება იქნებოდა. უფრო მეტიც, მათ საბჭოს სხვა წევრებისთვის ზოგადი შეფასებების გაზიარებაც კი არ ევალებათ. საერთო ჯამში, საბჭოს გადაწყვეტილება რჩება დაუსაბუთებელი როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი რეზულტატის შემთხვევაში. ასე მოხდა 19 ნოემბრის სხდომაზეც, 12 პირის მოსამართლედ დანიშვნის და 47 კანდიდატისთვის უარის თქმის დროს. დღეს, გარდა საბჭოს ინდივიდუალური წევრებისა, არავისთვის არის ცნობილი (მათ შორის არც წარმატებული და არც წარუმატებელი კანდიდატებისთვის), რამ განაპირობა მათი ასეთი გადაწყვეტილება. კანდიდატები, რომლებმაც ვერ მიიღეს საკმარისი მხარდაჭერა, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გაასაჩივრონ საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილება.

 

ბუნებრივია, სათანადო დასაბუთებისა და განმარტების ყოველგვარი ვალდებულების გარეშე დარჩენილი პროცესი ნებისმიერ დროს შეიძლება იქცეს სუბიექტივიზმისა და თვითნებური მოქმედების წყაროდ, მით უმეტეს, რომ საბჭოს წევრებში დღეს ნათლად არის გამოკვეთილი ორი ჯგუფის არსებობა.

 

მნიშვნელოვანია, რომ აღწერილი სისტემური ხარვეზების არსებობაზე შეთანხმება მოხდეს ხელისუფლების სამივე შტოს მიერ, რაც უნდა გახდეს მყარი წინაპირობა ამ ხარვეზების დაძლევის მიმართულებით.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC

მასალების გადაბეჭდვის წესი